მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორუმპირებულ რეჟიმებს დამსგავსებულნი - 28 თებერვალი 2023

ანუ როგორ შეიძლებოდა ქვეყანა და საზოგადოება აქამდე მივსულიყავით

როგორ შეიძლებოდა ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება აქამდე მისულიყო (უფრო სწორად დაცემულიყო). ქვეყნის პრემიერი და მმართველი პარტიის ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვის უპირატესობაზე საუბრობენ და კიევს მხოლოდ „ომის დასრულებას და მშვიდობას უსურვებენ“. არცერთ მათგანს და მათ მიმდევარს „ურდოს“ შეჭრიდან დღემდე უკრაინისთვის გამარჯვება არ უსურვებია, როცა მთელი მსოფლიო სიმართლის, გმირი უკრაინელი ხალხის მხარესაა. 

როგორ შეიძლებოდა ჩვენ ყველა ამ უმსგავსობამდე მივსულიყავით, როცა საზოგადოებას ელემენტარული პროტესტის უნარიც აღარ შერჩენია. ამ თმაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტის, ვიქტორის მონოლოგს გთავაზობთ:

- სამწუხაროა, რომ ქართველები, ამ ქვეყნის მოქალაქეები უკვე ყოველდღიური ტემპით ვკარგავთ  თავმოყვარეობას. დააკვირდით, ხელისუფლების აღარანაირ მიქარვებზე რეაქცია აღარ გვაქვს. ჰა და ჰა, ეს წინააღმდეგობა ფეისბუქში ე.წ. დაჰაჰავებისა და გაბრაზების „სმაილიკს“ აღარ სცდება. არადა, ისეთ წუმპეში ვართ, ევროპა კი არა, მთლი მსოფლიო გავაკვირვეთ უპასუხისმგებლობით, დაუნდობლობით, ნამდვილი მეგობრების ფეხებზე დაკიდებით, მტერთან არნახული ქვემძრომობით, ღალატით...

ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება. ბოლოს „სიენენმა“ აჩვენა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის „ვივამედში“ რამდენჯერმე გონების კარგვის კადრები. რეაქცია ისევ „ღადაობა“, „დაჰაჰავება“, „ძაღლიც მიჰკვდომია სულში“, როცა მთელი დასავლეთი ლამის დაჩოქილი გეხვეწება პატიმრობაში არ მოკლა იქ დაავადებული ექსპრეზიდენტი და დროებით ევროპაში სამკურნალოდ გაუშვა; სასჯელისგან სრულად გათავისუფლებასაც არ გთხოვენ, დროებით სასჯელის გადავადებას, გადაყვანას, რათა არ მოკვდეს, გამოჯანმრთელების შანსი ჰქონდეს. ხოლო ეს ყველაფერი ისევ შენივე ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის კეთდება, რათა კიდევ ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი სიცოცხლეს არ გამოვასალმოთ, ამით ეროვნული დაპირისპირების მორიგ ჭაობში არ ჩავიძიროთ, საიდანაც თავის დაღწევას ისევ ათწლეულები დასჭირდება. ამაოდ! შურისძიების აქტი ბოლომდე უნდა შესრულდეს, ბატონს ასე სურს და მორჩა - ხოლო ავადმყოფი (აქაური გაგებით) საწოლშივე უნდა მოი...ას, აგრე იცის ჯაყომა.

ამ ფონზე, ჩვენი მეგობარი პოლონელები იქამდე მივიდნენ, რომ ევროკავშირის სახელით ცდილობენ ივანიშვილის მიერ მართულ ხელისუფლებას გარანტიები მისცენ, რომ სამკურნალოდ გადაყვანილი სააკაშვილი არასოდეს აღარ მობრუნდება ქართულ პოლიტიკაში. თბილისის რეაქცია ამაზეც ნულის ტოლია. ასე რამ შეგაშინათ თქვე შობელძაღლებო, ჰა? პატიმრობისას დაავადებულ-დავრდომილი ექსპრეზიდენტის ასე რომ გეშინიათ და კანკალებთ, თქვენ სხვასთან რაღას იზამთ? თუმცა ორიენტირებზეც კარგად გეტყობათ რის მაქნისები ხართ და ისევ და ისევ სირცხვილი ჩვენ საზოგადოებას, რომ თქვენნაირი მონების უღლი დავიდგით და ხმაგაკმენდილი გიყურებთ როგორ იქცევით მტერ-მოყვარესთან. 

პოლონელებმა რომ რეაქცია ვერ მიიღეს, ახლა კიდევ ერთხელ სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყოფილი პრეზიდენტი დროებით გაატანონ ვარშავაში, უმკურნალებენ და დააბრუნებენ. ღარიბაშვილ-კობახიძეს ცალ ფეხზე ჰკიდიათ პოლონეთის საგარეო მინისტრის მორიგი თხოვნა კი არა, ლამის მუდარა - რეალურად ხომ არცერთი მათგანი არ იღებს გადაწყვეტილებას. ხოლო მათი ბატონი ისევ შეშინებულია, ვაითუ ოდესღაც გამოჯანმრთელებული სააკაშვილი მობრუნდეს და აქეთ ანგარიშების გასწორება მოსთხოვოს? ჰოდა, „ვივამედის“ ავადმყოფი საწოლში...

ერთადერთ ქვეყანა, რომელსაც ჩვენს რეგიონსა თუ მსოფლიოში შექმნილი უღირსი მდგომარეობა ახარებს, ჩრდილოელი მეზობელია. დანარჩენი ყველგან, სამეზობლოსა თუ შორეულ ქვეყნებში უბრალოდ გაოგნებას ვერ მალავენ სერიოზულად დაავადებული ექსპრეზიდენტისადმი ამგვარ დამოკიდებულებას. ჩვენგან განსხვავებით ისინი სააკაშვილის ბრალეულობას არც კი განიხილავენ - უბრალოდ ნებისმიერ პატიმარს სიცოცხლის უფლება აქვს, ყველაფერი დანარჩენი სამართლებრივი პროცესის საქმეა. ყველაზე დიდი უსინდისობა კიდევ პატიმრის ინტერესების წინააღმდეგ სხვა პატიმრების გამოყენებაა; ამ ქვეყანას და საზოგადოებას ალბათ ეს გამოცდილებაც უნდა მიეღო. დიახ, ყველაფერი მაინც საზოგადოების პასუხისმგებლობაზეა, რის გარეშეც ნებისმიერი ხელისუფლება მას თავზე გადაუვლის და აქეთ მადლობასაც ათქმევინებს - ბოლო დროს ხომ ბევრმა ისწავლა ლაპარაკი და სასურველი პარის (შავისა თუ თეთრის) გამოყენება. 

უკვე ვთქვით, რომ ყველა უბედურება ერთ დიდ ქვაბში იხარშება. დასავლელი მოკავშირეების ბოლოდროინდელი ღიად ფეხზე დაკიდების ფონზე, ნახეთ და დააკვირდით რა განცხადებები კეთდება ევროკავშირის, მასში ინტეგრაციის მიმართულებით. ერთ ფავორიტ ფილოსოფოსს უკვე ღიად ალაპარაკებენ იმაზე, თუ საერთოდ ღირს თუ არა ევროკავშირისკენ სწრაფვა, მისი ცნობილი რეკომენდაციების შესრულება, სამომავლოდ გაწევრიანება. გაზულუქებული ტიპები უკვე რა დონის ღორობაზე მიდიან, რომ ნელ-ნელა აგიტაცია-პროპაგანდით ზომბირებულ საზოგადოებას აზიზღებენ დასავლეთს, რის შემდეგაც ერთადერთ ალტერნატივად აბა გამოიცანით ისევ ვინ დაგვრჩება?

ბატონის შექმნილი „ხალხის ძალაც“ უკვე პირდაპირ ილაშქრებს აშშ-ს, ევროკავშირის მაღალჩინოსნებისა და მათი ბოლო რეკომენდაციების წინააღმდეგ. ამ მცდელობით ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ წევრობის სტატუსზე უარის თქმა ისევ ევროკავშირს დაჰბრალდება და არა ჩვენ. ისევ აქცენტი ევროპელების ურწმუნოებაზე, სექსუალური უმცირესობების „გაჯეჯილებაზე“ და მისთ. თითქოს ჩრდილოელი მეზობელი მართლმორწმუნეობისა და „ყოველგვარ გარყვნილებასთან ხმალამოღებული ბრძოლის“ მედროშედ გვყავდეს. მაგრამ ქაღალდი და მობილურ-კომპიუტერის ეკრანიც ყველაფერს იტანს. 

ამგვარი განწყობებით კი სულ უფრო ვემსგავსებით თუნდაც ჩვენივე უშუალო სამეზობლოს ღრმად კორუმპირებულ რეჟიმებს, რომლებიც ევროკავშირის ნებისმიერ რეკომენდაციაზე ისტერიკაში ვარდებიან და საკუთარ ღრმად ზომბირებულ მოსახლეობას ევროპა-ამერიკის სიავეში არწმუნებენ. რაღა შორს წავიდეთ, სამეზობლოს მმართველები მსგავსი პოლიტიკით არიან გამორჩეულები. მათ არაერთხელ ღიად განუცხადებიათ, რომ ევროკავშირის წევრობა არ სჭირდებათ თუ რამეა, ევროპელები აქეთ უნდა ეხვეწებოდნენ. აბა, ახლა ჰკითხეთ იქაურ რიგით მოქალაქეს - სჭირდება თუ არა ევროკავშირთან დაახლოება - ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ეკონომიკური განვითარება, ცხოვრების დონის ამაღლება და ა.შ. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ მოქალაქეს ამ საკითხებზე აზრს დიდი ხანია საერთოდ აღარ ეკითხებიან - მმართველმა და მისმა კლანმა ასე გადაწყვიტა და მორჩა - რა ევროკავშირი, რის ევროკავშირი, დაეტიეთ თქვენ ტყავებში, თორემ დედაქალაქის (თუ რეგიონის) ცენტრში გამოსულ რამდენიმე კინკილა ოპოზიციონერს დაგიჭერთ და წლობით ციხეში გაყურყუტებთ ისე, რომ თქვენივე მომხრეებიდან მომკითხავი არავინ გეყოლებათო. აი ამ ფონზე, ვინც კი წლების განმავლობაში რეჟიმის წინააღმდეგ ხმა ამოიღო, თუ დროზე გაასწრო, ევროპის რომელიღაც ქალაქში აღმოჩნდა, თუ არადა, „პატიოსნად“ იხდის სასჯელს. 

ახლა რატომ მოგიყვანეთ ეს მაგალითი - მეგობრებო, გინდათ ასეთ საზოგადოებას დაემსგავსოთ, ვინც 24 საათი არქიფოს ხუშტურებზე გაათენე-დააღამებს?  ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ჩვენ ყველა აქეთკენ მივექანებით და ისევ „ჰაჰავის“ ხასიათზე ვართ? ქართული საზოგადოების სწორედ ეს დამოკიდებულები აოცებთ დასავლელ მეგობრებს, როცა ადამიანის (თავი დავანებოთ ყოფილი პრეზიდენტის სტატუსზე) დაბეჩავებაზე ხმა ვერ ამოგვიღია და ელემენტარული ღირსების დაცვა ვერ მოგვითხოვია. უახლესი მეგობარი ქვეყნისთვის ხმმაღლა ბოროტებაზე გამარჯვება ვერ გვისურვებია, ხელისუფლებისგან სწორი პოზიციის დაკავება ვერ მოგვითხოვია.

უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავია, ჩვენ ყველა (ხელისუფლება, ოპოზიცია, ე.წ. შუაშისტები, საზოგადოება), აქამდე, ამ გახვრეტილ ფსკერამდე როგორ უნდა მივსულიყავით. ჰოდა, გავა დრო და მაგრად შეგვრცხვება ამ რეალობას რომ ვუყურებდით და პირში წყალი გვქონდა ჩაგუბებული. მაგრამ შეგვრცხვება კი?

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია