ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავალის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კითხვა ეხებოდა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს.
„ამ კანონის შესახებ გასული დღეების განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ ჩვენი თანმიმდევრული შეშფოთება. კანონი ჯერ გადის პროცედურებს საქართველოს სისტემაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. კერძოდ, იმის გამო, რომ ის მოახდენს იმ დამოუკიდებელი ხმებისა და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას და დადუმებას, რომლებიც ცდილობენ, ააშენონ უკეთესი ქვეყანა მათი თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის პოტენციური შედეგებით სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში.
ჩვენი მოსაზრება არის მარტივი. ჩვენ ეს საჯაროდაც დავაფიქსირეთ და პირადადაც. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე. მსგავსი კანონი არ არის იმ მისწრაფების შესაბამისი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ. არ შეესაბამება იმ მომავალს, რომელიც მათ დაისახეს და რომელშიც ჩვენ, აშშ-ს გვაქვს დასახული მიზნად, ვიყოთ საქართველოს პარტნიორები და დავეხმაროთ მათ ამ მომავლის მიღწევაში. მხოლოდ აშშ არ გამოხატავს შეშფოთებას, არამედ საქართველოს რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა, ევროკავშირი, გაერო, ასევე საქართველოს სამოქალაქო სექტორმა გამოაქვეყნა ძლიერი განცხადება, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამ კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი პროპაგანდა. თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვგულისხმობ იდეას, რომ ეს კანონი დაფუძნებულია აშშ-ში მოქმედ „უცხოელი აგენტის რეგისტრაციის აქტზე“, FARA -ზე. ჩვენი კანონი ავალდებულებს რეგისტრაციას ადამიანებს, ვინც არიან უცხო ქვეყნის აგენტები. ჩვენი კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე ან მათი დაფინანსების წყაროებზე. მე შემიძლია, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აშშ-ში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი არის ძალიან ვიწრო და მოქმედებს მხოლოდ უცხო ქვეყნების აგენტებზე. ეს რადიკალურად განსხვავებულია და სწორედ ამიტომ ვართ ფრიად შეშფოთებული“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, „არის თუ არა მზად აშშ, დაიწყოს ივანიშვილსა და მისი მთავრობის დევნა, თუ ისინი გამოაცლიან ჟანგბადს საქართველოს დემოკრატიას“, ნედ პრაისი პასუხობს:
„აშშ-ს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. ჩვენ გვსურს, რომ არავის შეეპაროს ეჭვი იმ შეშფოთებაში, რომელიც გამოვხატეთ, რომელიც ევროკავშირმა, გაერო-მ და რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა. სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შეშფოთება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს და რომელიც მოდის სამოქალაქო საზოგადოებისგან თავისივე ქვეყანაში. ეს შეშფოთება მოდის საქართევლოს მოქალაქეებისგან. სწორდ ამაზე ვართ ფოკუსირებულები. ცხადია, ამ კანონის მიღება და ამოქმედება იქნება დიდად შემაშფოთებელი ჩვენთვის. ჩვენ არ ვაპირებთ გადავიდეთ ამ ხიდზე. ამ ეტპაზე ეს კანონი არის ჯერ პროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს კანონმდებლების მიერ. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, არის ყოველდგვარი ეჭვების გარეშე ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის დაფიქსირება“,- განაცხადა პრაისმა.
წყარო: „პირველი არხი“