დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე, ესეც ვერ გაბედეს, ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ, ვიდრე ოდესმე,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით მოიგებენ ბრძოლას.
,,მე დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე. სპეციალურად აარჩიეს ე.წ. 7 ნოემბრის, და პიჯაკების ან საზღვრის კვეთის საქმე, რადგან ჩათვალეს, რომ PR-ის თვალსაზრისით თავიანთ რუსულ არხებზე ხმაურისთვის მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. ესეც ვერ გაბედეს! დღეს ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ, ვიდრე ოდესმე, რაც დაანგრევდა მათ მთელ პროპაგანდას.
სასამართლო გადადეს გაურკვეველი ვადით, მინიმუმ შემოდგომამდე. ესეც კარგად აჩვენებს, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოშლილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას მოვიგებთ მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით. რა თქმა უნდა, დღევანდელი მაგალითიც ადასტურებს, რომ მე ვარ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე.
რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის ? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს, თქვენ ხართ მართალი თუ მე ?
მე თავი გადავდე 2003-შიც, 2008-შიც, როცა არ დავტოვე საქართველო და მსოფლიო ფეხზე დავაყენე საქართველოს გადასარჩენად და 2021 წლიდან მოყოლებული დღემდე, რათა ამ სასიკვდილო განსაცდელისგან ვიხსნა საქართველო.
ჩემი ტყვეობა სამარცხვინო ფურცელია საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების ციხეში გამომწყვდევა. ქართველმა ხალხმა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ეს უსამართლობა რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს.
საქართველო უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, კონკურენტულ პროცესს ძალადობის, პოლიტპატიმრებისა და სხვა რუსული ნაღმების გარეშე",- წერს მიხეილ სააკაშვილი.