ჩვენ წინა წერილში სათაურით ,, გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს" დაგპირდით, რომ მივმართავდით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდა.
გთავაზობთ ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტანდარტულ პასუხს:
- არსებული ინფორმაციის თანახმად, გეგუთის N-14 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა, ირაკლი მუჯირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ე.წ. ზონარის საშუალებით თავი ჩამოიხრჩო. მსჯავრდებული სამარტოო საკანში (სადაც არ თასმა ჰქონდა და არც ზონარი), მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იხდიდა სასჯელს, აქედან გამომდინარე გვაინტერესებს, საიდან აღმოჩნდა პატიმრის ხელში ზონარი, სად იყურებოდა ციხის ადმინისტრაცია ?
- ასევე გვაინტერესებს, რატომ არ გადაიყვანეს მსჯავრდებული მე-18 დაწესებულებაში მყისიერად, ის 6 დღე მოლოდინის რეჟიმში იყო...
იხილეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხი: სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტში მიღებული 2023 წლის 19 ივლისის განცხადების პასუხად, გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს, რომლის დამუშავება დასაშვებია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. ვინაიდან ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სახეზე არ არის პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია".
მკითხველს შევახსენებთ, რომ ,,სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს" ამ შემზარავი ამბის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დღემდე არ გაუვრცელებია. ჩვენ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დაგვიკავშირდა, რომელიც ციხის ადმინისტრაციას გულგრილობაში სდებს ბრალს, ხოლო გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
ნანა მუჯირი : გამოძიების ინფორმაციით, ჩემს ძმას თასმიანი შარვალი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მისცეს, შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. იცით, არავის დაჭერა მე არ მიხარია (ჩემს ძმას ვერავინ გააცოცხლებს), თუმცა ისინი უნდა დაისაჯონ, თუნდაც იმიტომ, რომ ირაკლის სახელით სხვა პატიმრებს დავეხმარო. დიახ, სასამართლოზე არავის დავინდობ. ციხეებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რათა საპყრობილეებში გამოკეტილი პატიმრები დაცულები იყვნენ. ამ ადამიანებს თავის გაჭირვება აქვთ, რასაც პატიმრობა ჰქვია და დაცულებიც არ უნდა იყვნენ ?! სამწუხაროდ, ყოველთვის ღირსეული ადამიანები იწირებიან, პედოფილები და სადისტები არა.
ჩვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.
ქეთი ხომერიკი
(გაგრძელება იქნება)