მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ხმა მღაღადებლისა“ ალაზანს გაღმა მიტოვებული საქართველოდან - 11 ოქტომბერი 2023

„ჩვენთან ადრე მინისტრები, დიდი კაცები ჩამოდიოდნენ საქართველოდან, ბოლო 10-15 წელია რატომ დაგვივიწყეს, ჩვენ რა ქართველებად არ გვთვლიან?“

ბოლო დღეებში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულფასოვან აღდგენას ჩვენთან საქართველოშიც მიესალმებიან. სამწუხაროდ, თბილისი-ბაქოს სტრატეგიული მეგობრობა აზერბაიჯანში, ჰერეთში (საინგილო) მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ნაკლებად აისახება. პირიქით, წლებია იქაური ქართული სკოლები დახურვის, ხოლო ეთნიკური ქართველები დანაშაულებრივი ასიმილაციის რეალური საფრთხის წინაშე დგანან. ხოლო ამ ყველაფერში საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა არცთუ უკანასკნელ როლს ასრულებს. 

ჩვენ ამ თემაზე საინგილოს მკვლევრის, ჟურნალისტ სერგო კერესელიძის შეფასებას გთავაზობთ.  

სერგო კერესელიძე:

- 14 სექტემბერს ზაქათალის რაიონის აიდინ ბაბაევის (ძველი გვარი ქევხიშვილი) სახელობის მოსულის საშუალო სკოლის ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.  ახალი სკოლის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი, ზაქათალის რაიონის გამგებელი მუბარიზ ეჰმედზადე, შექი-ზაქათალის რეგიონის განათლების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე გუნაი მაჰმუდოვა, ზაქათალის რაიონის განათლების სექტორის წარმომადგენლები. 

საპატიო სტუმრებს მოსულის საშუალო სკოლის დირექტორი მუსა მამედოვი, ქართული და აზერბაიჯანული სექტორების პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები დახვდნენ.  

აღსანიშნავია, რომ გახსნის ცერემონიაზე აზერბაიჯანულთან ერთად ქართული სიმღერებიც აჟღერდა.  

აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილემ იდრის ისაევმა შეკრებილ საზოგადოებას ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლის გახსნა მიულოცა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ ძველი სკოლის შენობა ვერ პასუხობდა სტანდარტებს და მძიმე მდგომარეობაში იყო. ახლად გახსნილ ორსართულიან სკოლაში ფუნქციონირებს ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინფორმატიკის კაბინეტები, ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა (სადაც ჯერჯერობით არცერთი ქართული წიგნი არაა), ბუფეტი, სამხედრო მომზადებისა და სამედიცინო ოთახები. სკოლის ეზოში მოეწყო სპორტული მოედანიც.  

ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულის საშუალო სკოლაში ამჟამად 487 მოსწავლე სწავლობს, აქედან 168 - ქართულ სექტორზე (სოფელ მოსულში 3000-მდე ჩვენებური ცხოვრობს. როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ სექტორზე ინგილო ქართველი მოსწავლეები იღებენ განათლებას).  

სამწუხაროდ, ამ საზეიმო დღეს საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებიდან - განათლების სამინისტროსგან, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტისგან და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისგან ჩვენს თანამემამულე ინგილო ქართველებს არანაირი მილოცვა არ მიუღიათ. ადგილობრივების მოლოდინის მიუხედავად, სკოლის გახსნას არ ესწრებოდნენ აზერბაიჯანში აკრედიტებული ქართველი დიპლომატებიც, რამაც ადგილობრივი ქართველების გულისტკივილი გამოიწვია.  

იმავე დღეს - 14 სექტემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვი (რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გარკვეული პერიოდულობით ხშირად ხვდება და მათი პრობლემების მოგვარებაზეც ზრუნავს) საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელ მაგისტრანტებს, სტუდენტებს შეხვდა, გაეცნო საქართველოს აზერბაიჯანული სკოლებისა და თანამემამულეების პრობლემებს. ფ. მურადოვმა მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ მათი საკითხები აზერბაიჯანის სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია, აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტი კი ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანის ისტორიისა და კულტურის, აზერბაიჯანული და ქართული ენების სწავლების, საქართველოში აზერბაიჯანული საკვირაო სკოლების საკითხებსაც (აღსანიშნავია, რომ საქართველოში 80-ზე მეტი აზერბაიჯანული სკოლა ფუნქციონირებს, აზერბაიჯანში, საინგილოში, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონის ქართულ სოფლების სკოლებში კი უკანასკნელ ქართული სექტორებს დახურვა ემუქრება. ყველაზე კატასტროფული სიტუაცია ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადშია, სადაც 4 სკოლიდან მხოლოდ 1 სკოლაშია დარჩენილი ქართული სექტორი და ისიც დახურვის პირასაა. დაბა ალიაბადში 11 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს).  

საინტერესოა ისიც, რომ ყოველწლიურად აზერბაიჯანის სახელმწიფო ათეულ ათასობით სასკოლო სახელმძღვანელოს საჩუქრად უგზავნის საქართველოს აზერბაიჯანულ სკოლებს (ამ დღეებში ჩამოიტანეს საქართველოში წლევანდელი სახელმძღვანელოებიც), თუმცა უკვე თითქმის 15 წელია ანალოგიურ ყურადღებას სრულიად მოკლებულნი არიან საინგილოში, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში არსებული სკოლების ქართული სექტორების პედაგოგები და ინგილო ქართველი მოსწავლეები.  

წელს მარტში პოსტიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების მინისტრთან ემინ ამრულაევთან და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან ზურაბ პატარაძესთან ერთად კახის მე-2 ლიცეუმს (სადაც ქართულენოვანი სექტორიც მოქმედებს) და სოფელ ალიბეგლოს ქართული სკოლას ეწვია. ბოლო ათწლეულში უკვე სამწუხარო ტრადიციად იქცა, რომ ქართული დელეგაცია აღარ ჩადის ზაქათალისა და ბელაქნის სკოლებში (უკანასკნელად საქართველოს განათლების სამინისტროს დელეგაცია ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის #1 სკოლის ქართული სექტორის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს 2014 წლის გაზაფხულზე ეწვია და სახელმძღვანელოები ჩაუტანა, მას შემდეგ კი შარშანდელი თოვლივით გაქრნენ და დღემდე აღარ გამოჩენილან, რაც ადგილობრივი ინგილო ქართველების დიდ გულისტკივილს იწვევს).  

2014 წლის თებერვალში, ისტორიაში პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი საინგილოს ესტუმრა (შევარდნაძემ და სააკაშვილმა ამისთვის ერთხელაც ვერ მოიცალეს, ზვიად გამსახურდია კი საინგილოს მხოლოდ ეროვნული მოძრაობის ლიდერის რანგში სტუმრობდა, სოფელ ალიბეგლოში ქართულ ქორწილსაც კი დაესწრო და ამ მხარის ქართველებს მხარდაჭერას დაჰპირდა). 

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის დროს კახის რაიონის სოფელ მეშაბაშის ქართულ სკოლასა და კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ეკლესიას ესტუმრა და აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს შეხვდა, თუმცა ვიზიტის პროგრამაში ზაქათალის რაიონის ქართულ მოსახლეობასთან შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული. 

ზაქათალისგან განსხვავებით, ვიზიტის პროგრამაში გათვალისწინებული იყო გიორგი მარგველაშვილის სტუმრობა ბელაქნის რაიონის ქართულ სოფელ ითითალაშიც, სადაც გახარებული ინგილოები საქართველოს პრეზიდენტს გვიან ღამემდე ამაოდ ელოდნენ (ბოლო მომენტში ვიზიტის პროგრამიდან ითითალაში სტუმრობა ამოვარდა).  

2019 წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესტუმრა საინგილოს. იგი ბაქოდან ზაქათალის აეროპორტში ჩაფრინდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. იმ დღეს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის სკოლებში ინგილო ქართველი მოსწავლეები და პედაგოგები დიდი სიხარულით ელოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ზაქათალაში სტუმრობას (იმ დღეს პოლიციამ გზებიც გადაკეტა), თუმცა მათ ისევ იმედგაცრუება ელოდათ. პრეზიდენტი ამჯერადაც მხოლოდ კახის რაიონს ესტუმრა - დელეგაცია კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს სკოლასა და წმინდა გიორგის ტაძარს ეწვია და ადგილობრივ ეთნიკურ ქართველებს შეხვდა. 

2019 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართული სკოლის გახსნის გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა. იმავე წლის ოქტომბერში ალიბეგლოს ახლად გახსნილ სკოლას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც სტუმრობდა ქართველ დიპლომატებთან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად და სკოლის ბიბლიოთეკას ქართული წიგნებიც გადასცა. ამ ვიზიტის დროსაც ზაქათალისა და ბელაქნის სკოლების ქართული სექტორების მონახულება გათვალისწინებული არ იყო.  

საინტერესოა ისიც, რომ თავის დროზე, მინისტრის რანგში ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადს სტუმრობდნენ ირაკლი მენაღარიშვილი და ალექსანდრე (კახა) ლომაია.  

„ჩვენთან ადრე მინისტრები, დიდი კაცები ჩამოდიოდნენ საქართველოდან. ბოლო 10-15 წელია რატომ დაგვივიწყეს?!“ - კითხვას მისვამს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის მკვიდრი ერთ-ერთი ახალგაზრდა. 

„მიზეზი რა არის?! წლების მანძილზე რატომ ვერ ჩამოდიან ჩვენთანაც?! სრული სიმართლის გაგება გვინდა. ჩვენ რა ქართველებად არ გვთვლიან?!“ - ასე გამოხატა თავისი გულისტკივილი ზაქათალის რაიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ინგილო ქართველმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. 

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია