მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა საფრთხეს შეიცავს უკრაინის ბირთვული ენერგეტიკა შავი ზღვის რეგიონისთვის - 23 ოქტომბერი 2023

„კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის, საერთაშორისო საზოგადოების ზედამხედველობისა და კონტროლის იმედად ვრჩებით“   

პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. ამ მასალაში ჩვენ შევეხებით უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის მიმართ რუსი ოკუპანტების მხრიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებს. შესაძლო გართულებებს მთელი შავი ზღვის რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის ზომებსაც განვიხილავთ.

უკრაინის ფრონტის ხაზზე ბრძოლები აქტიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ისევ ავდიევკას და ყირიმის მიმართულებაზეა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ რუსები ცდილობენ იქ გააძლიერონ დაცვის ხაზი, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია იზრდება. მათი თქმით, ახლა ყველაზე მეტად რუსებს ავდიევკა აშინებთ, რადგან ის ქალაქ დონეცკის მთავარი საყრდენია. თუკი მისი გარღვევა მოხდება, მაშინ ქალაქს საფრთხე დაემუქრება. ამიტომ რუსები უკრაინელებს შეტევას ასწრებენ და ავდიევკაში კონტრშეტევაზე თავად ცდილობენ გადასვლას. თუმცა ზარალი იმხელაა, რომ მათი დანაკარგები 6 დღის განმავლობაში უკრაინელების 3 თვის დანაკარგს უდრის. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ორივე მხარე ბრძოლის ტაქტიკის შეცვლას შეეცდება. ამის პარალელურად კი რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში, სათაურით „რუსებმა 6 დღეში იმაზე მეტი ტექნიკა დაკარგეს, ვიდრე უკრაინამ სამ თვეში“ - ავდიევკა როგორც გასაღები დონეცკისკენ.

„რუსეთი აგრძელებს ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიის კონტროლს ხერსონიდან აზოვისა და შავი ზღვების ჩათვლით. რეგიონი მუდმივი საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით კი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია და დაზიანდა ატომური ობიექტის ადმინისტრაციული და ლაბორატორიული შენობები. ბოლო 11-ვე უპილოტო თვითმფრინავი, რომლებიც თავს დაესხა უკრაინას ღამით, ჩამოაგდეს, მაგრამ აფეთქება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა გამოიწვია. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისთვის ემზადება“, - აღნიშნავს გამოცემა.

„უკრაინა კი არა მარტო დაიცავს თავს, არამედ უპასუხებს რუსეთს“ - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. სწორედ ამიტომ, ჯერ ჯერ ყირიმიდან გაიყვანეს ფლოტი, ახლა კი ავიაცია საზღვრებიდან უფრო შორს გადაჰყავთ.

ჩვენი პირველი რესპონდენტი, უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილია. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი ისეთ ფაზაში გადავიდა, ორივე სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ კონტროლქვეშ იმყოფება:

„ასევე, უკრაინაში ატომურ რეაქტორებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აკონტროლებს, ადგილებზე თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ. სტრატეგიული ობიექტები ბედის ანაბარა მიტოვებული არაა. ბირთვული ობიექტების მხრიდან დასავლეთთან ერთად პირველადი საფრთხე უკრაინისთვისაა, მაგრამ არც რუსეთის მიმდებარე ტერიტორიებს მოელის კარგი დღე. მინიმუმ სამ ოლქს (მეტს თუ არა), კატასტროფის შედეგების გაზიარება მოუწევს. აქ საუბარია მარტო აფეთქებაზე და პირველად საშინელებებზე - ნგრევასა და უბედურებაზე.

ჩერნობილის მაგალითზე ვიცით, აგერ უკვე მეოთხე ათეული წელი მიდის, ისევ რადიაციის გავრცელების საფრთხეა. იცით, ნახევრად დაშლის პერიოდი 25 წელზე მეტი აქვს. ამდენად, მთელი საერთაშორისო საზოგადოების, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესშიც არის რაიმე ინციდენტი არ მოხდეს. თუმცა კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის. უპირველესად, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზედამხედველობისა და ქმედითი კონტროლის იმედად ვრჩებით“.   

დღესაც ოკუპაციის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით გამოსავალი რა შეიძლება იყოს? ანალიტიკოსი იმით იწყებს, რომ უკრაინაში ყველა ომებისგან განსხვავებული ომთან გვაქვს საქმე. მისივე თქმით, აქ ზუსტი პროგნოზი და მზა რეცეპტები უბრალოდ არ არსებობს:

„რუსეთი გაცხადებული გეგმით რომ წასულიყო, ეს საფრთხე არ შეიქმნებოდა და თუნდაც სავაჭროდ არ დასჭირდებოდა. მაგრამ პროცესები ისე მიდის, რომ უკრაინის არმიას უპირატესობა აქვს უკვე ხმელეთზე. კიევმა გარკვეულწილად უპირატესობა მოიპოვა ზღვაშიც. რუსეთს ერთადერთი პრივილეგია საჰაერო სივრცეში აქვს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში სარაკეტო თავდაცვის სისტემა „პატრიოტები“ შევიდა (და კიდევ უნდა შევიდეს), ასევე „ეფ 16“-ები და ფრანგული „მირაჟები“ გადაეცემა  (არანაკლები ახალი ტექნოლოგიების მქონე და სიძლიერის გამანადგურებლებია), რუსეთის უპირატესობა ცაშიც როგორც მინიმუმი გათანაბრდება.

ახლა ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა უფრო მცირეა, ვიდრე პროვოკაცია რომელიმე ატომურ ელექტროსადგურზე. არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ასე მოხდება, უბრალოდ შექმნილი ვითარების სწორად დანახვა გვსურს.

ბირთვული იარაღის გამოყენებასაც თავისი წესები გააჩნია. თუ სახელმწიფოს ბირთვული დარტყმა არ მიაყენეს, უფლება არ აქვს ასეთივე იარაღი გამოიყენოს. თუ მაინცდამაინც ბირთვულ იარაღს გამოიყენებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით, საკადრის პასუხს იმავე ძალის იარაღით მიიღებს. ამდენად, ბირთვული დარტყმების საფრთხეზე უფრო მეტია კონტროლის ალბათობა, ვიდრე ატომურ რეაქტორებზე. ღმერთმა დაიფაროს და როცა უბედურება მოხდება, მერე წადი და არკვიე, ვინ მოაწყო პირველმა პროვოკაცია“.

ჩვენს კითხვაზე, შავი ზღვის რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში რა ტიპის გართულებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ რეგიონში ვითარება უკვე გართულდა (უკრაინიდან ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გადმოყვანა იგულისხმება, რედ.), უბრალოდ ჩვენი გავლენებისა და კონტროლის მიღმა ხდება. მისივე შეფასებით, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, პროცესებს ვერ მივწვდებით:

„ჯერ ერთი, არც იმდენი ძალა გვაქვს და არც შეიარაღება; რომც გვქონდეს, ეს ყველაფერი ოკუპირებული ტერიტორიების არეალში ხდება და ჩვენი არჩევანი შეზღუდულია. უფრო სწორად, დღეს ეს თითქმის არ გვაქვს. ან უნდა დაელოდო მოვლენების განვითარებას და დიალოგის რეჟიმზე გადახვიდე, არადა ულტიმატუმის ენით ელაპარაკო და ომი დაიწყო. ვიმეორებ, როცა საოკუპაციო ხაზი აქვს გავლებული რუსეთს, მაშინ ძალა უნდა იხმარო, ჯერ ეს ძალა არ გვაქვს...

რაც შეეხება კონკრეტულად უკრაინის ბირთვული რეაქტორებიდან მოსალოდნელ საფრთხეს, ფაქტია, დახურული სივრცეებიდან ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ გარკვეული ცოდნა მოგვეპოვება ჩერნობილიდან, ფუკუსიმადან (იაპონიაში მომხდარი უბედურებიდან), სადაც ასევე რადიაციამ გაჟონა. ვიცით, რომ ნიადაგი, წყალი და ჰაერი იწამლება. განსაკუთრებული იაპონური ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი წლებია საჭირო, რომ ნიადაგი და წყალი გაწმინდო. დაზუსტებით ვერ გეტყვით ჰაერთან დაკავშირებით რა ხდება, რადგან კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია ისეთი კონტრიარაღი, რომელიც ურანის ნახევრად დაშლის პერიოდს შეამცირებს. შეიძლება რაღაც ტიპის ლოკალიზება მოახდინონ, როგორც ეს ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში ვნახეთ.

რასაკვირველია, გართულება იქნება და ეს ამბავი არავისთვის სასურველი არ არის. უპირველესად, შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის დიდი ხიფათის შემცველია. მოგეხსენებათ, დნეპრი შავ ზღვაში ჩაედინება.

ამდენად, რასაც დასავლეთის სიფრთხილეს ვუყურებთ უკრაინასთან მიმართებაში (მხოლოდ იმ იარაღს აწვდის და მაშინ აწვდის, როცა ეს უკრაინის არმიას სჭირდება), ვფიქრობ ეს ქვეტექსტიც არის, რუსეთის ხელისუფლება კუთხეში არ მიიმწყვდიონ იმ ზომამდე, რომ უბედურება ჩაიდინოს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების საწინააღმდეგოდ. მათ მიმართ ასეთი გამოთქმაა, რომ სხვის ჯინაზე შეიძლება საკუთარ თავს ზიანი მიაყენონ. დასავლეთის მხრიდან დღემდე გამოჩენილი სიფრთხილის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის“.

აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის რა ზომებზე შეიძლება იყოს საუბარი? უსაფრთხოების ანალიტიკოსის დაკვირვებით, რასაც ახლა ვუყურებთ მიმდინარე პროცესებს (საომარ მოქმედებებს, პოლიტიკურ ქვეტექსტებს, განცხადებებს), ერთადერთი ალბათ საერთაშორისო ატომური სააგენტოს კვალიფიციური წარმომადგენლების მხრიდან რეალური კონტროლი და კოორდინაციაა „როსატომთან“ და „უკრატომთანაც“:

„დენთის კასრია და აბა სხვანაირად როგორ გინდა გააკონტროლო? იარაღით ვერ გააკონტროლებ, ქოლგას ვერ გაუკეთებ, გუმბათს ვერ დაადგამ, ბეტონში ვერ დაფარავ და სხვაგვარად როგორ? ისევ ადამიანის შეგნებაზე ზემოქმედებით უნდა იმოქმედო. ჯერჯერობით ეს გზაა და მერე რა იქნება, ვერ გეტყვით. მათ შორის, როცა უკრაინის არმია ზაპოროჟიეზე გადამწყვეტ შეტევებს მიიტანს...“, - დასძენს ზაალ კასრელიშვილი.  

ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი:

- უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის ობიექტებიდან მთავარი საფრთხე ისევ შეიძლება რადიაციის გაჟონვა და მოსახლეობის მოწამვლა იყოს. ამას უკვე ჰქონდა ადგილი ჩერნობილში, სადაც 1986 წლის 26 აპრილს ატომური ელექტროსადგურის აფეთქდა. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უფრო მძლავრი გახლავთ და, ბუნებრივია, იქიდან რადიაციის გაჟონვამ გაცილებით უარესი შედეგები შეიძლება მოიტანოს.

კიდევ ერთი საკითხია, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური თვითონ რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. ჩერნობილი უფრო ბელორუსს ესაზღვრებოდა, თავის დროზე ეს ქვეყანა უფრო დაზარალდა, ვიდრე საკუთრივ უკრაინა. ზაპოროჟიე რუსეთთან უფრო ახლოსაა, მაგრამ კარგად ვიცით იქაურ ხელისუფლებას საკუთარი ხალხი არ აინტერესებს და მასაც გაწირავს, ოღონდ თავისი მიზნები აისრულოს. 

ამიტომ საფრთხე ბუნებრივად არსებობს და შესაძლებელია სამხედრო მოქმედებების დროს ნებისმიერი უარყოფითი სცენარი განვითარდეს. ვთქვათ, რუსეთმა უკანდახევისას იერიში მიიტანოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე და განაცხადოს, რომ ეს ყველაფერი უკრაინელებმა ჩაიდინეს. ვიცით, კრემლის მხარე უკანდახევისას რა მასობრივ მკვლელობებს სჩადიოდა თუნდაც მშვიდობიან მოსახლეობაში. იგივე ბუჩას და სხვა ოკუპირებულთა  ტრაგიკული შემთხვევები ავიღოთ. ამიტომ მოსკოვისგან გამორიცხული არაფერია.

გახსოვთ უკანდახევისას კახოვკის ჰესი როგორ ააფეთქეს, რამაც დიდი წყალდიდობა გამოიწვია. ამით საკუთარ უსუსურობასაც აჩვენებენ...

ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს არის ბოროტი, გაბოროტებული ძალა და ბირთვული რადიაციის გაჟონვასაც არ მოერიდებიან.

- დღესაც ოკუპაციის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაზიანებასაც არ გამორიცხავთ...

- ეს ყველაზე უარესი სცენარია, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტის ტერიტორიასთან ყველაზე ახლოსაა. მოსკოვის მხრიდან ეს ნაბიჯი არ გამოირიცხება, თუნდაც მოსახლეობისთვის დამატებითი ზარალის მისაყენებლად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია და უფრო მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე თავის დროზე ამას ჩერნობილის სადგური აკეთებდა.

- არსებული რისკების გათვალისწინებით, რა გართულებები შეიძლება იყოს მოსალოდნელი მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის?

- უარეს შემთხვევაში თუნდაც რადიაციულ წვიმას ჰქონდეს ადგილი. შეიძლება ქარმა ეს რადიაციული ღრუბელი აქეთ მოიტანოს საქართველომდეც, გამორიცხული სცენარი ნამდვილად არ არის. ვიცით, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას რადიაციული წვიმა შვედეთშიც კი მოვიდა. ამიტომ საჰაერო მასები სამხრეთის მიმართულებით თუ წამოვა, ღრუბელმა შეიძლება ჩვენ ქვეყნამდეც მოაღწიოს. მით უმეტეს, საქართველო-უკრაინას მხოლოდ საზღვაო სივრცე ყოფს, არც ისე შორსაა ჩვენგან. როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

სხვათა შორის, როცა ჩერნობილში ატომური კატასტროფა მოხდა, მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა შავ ზღვაზე დასვენებისგან თავი შეიკავა. საუბრობდნენ, რომ მაშინაც ჩვენს სანაპიროზე რადიაციული დაბინძურების რეალური საფრთხე არსებობდა.

- ზემოაღნიშნული ბირთვული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის რა მექანიზმები არსებობს?

- უპირველესად, ზაპოროჟიეში მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილზე აკონტროლონ ვითარება. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ბუნებრივია, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ვიცით, რომ სანქციების მეთორმეტე პაკეტი მზადდება. ეკონომიკური ბერკეტების მაქსიმალური გამოყენებით მოსკოვი უნდა აიძულონ დათმობებზე წავიდეს.

საერთო ჯამში, ამ საფრთხის განეიტრალების მთავარი წინაპირობა რუსული საოკუპაციო ძალების უკრაინის ტერიტორიებიდან გასვლაა. პირველ რიგში, ზაპოროჟიეს რეგიონიდან და მთლიანად უკრაინის სახელმწიფო საზღვრებიდან. ამ გზაზე დამატებითი ეკონომიკური სანქციების აუცილებლობაა და პლუს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აქტიური საქმიანობა. გაეროს ექსპერტები მუდმივად მივლინებული უნდა იყვნენ ატომურ ელექტროსადგურზე.

- სადღეისოდ უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარებაც შევაფასოთ და რა გააჩერებს ამ ყველაფერს?

- აქაც გავიმეორებ, რომ დამატებითი ეკონომიკური ბერკეტების გამოყენების აუცილებლობაა. რუსეთს ჯერ კიდევ მოეპოვება რესურსები. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად რუსეთის შემოსავალი 40%-ით შემცირდა, მაინც მოეპოვება გარკვეული დივიდენდები. მაგალითად, შარშან, სანამ ეს საერთაშორისო სანქციები ნავთობის სფეროში საბოლოოდ ამოქმედდებოდა, რუსეთმა აქედან მაინც დაახლოებით 90 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. მაშინ გეხსომებათ ნავთობზე ფასებმა აიწია, ხოლო ემბარგო 2022 წლის ბოლოს დაწესდა - ნავთობპროდუქტებზე 2023 წლის დასაწყისში. ამიტომ რუსეთს გარკვეული თანხები გააჩნია... მით უმეტეს, რუსეთმა სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით სამჯერ გაზარდა და დღეს უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 400 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

საერთო ჯამში, რუსეთი ეკონომიკურად ეტაპობრივად უნდა გამოიფიტოს, იძულებული გახდეს უკან დაიხიოს.

რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, ჯერ კიდევ ვხედავთ რუსული ჯარების უზარმაზარ კონცენტრაციას  ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 18%-ს აკონტროლებს, თუმცა 28%-ს აკონტროლებდა. ამ ფონზე, საბიუჯეტო კრიზისის მიუხედავად სამხედრო ბიუჯეტს ზრდის. ამიტომ კრემლი უპირველესად ეკონომიკურად უნდა გამოიფიტოს. რასაკვირველია, უკრაინას დამატებით საჭირო იარაღი უნდა მიეწოდოს.

ბევრი ვარაუდობდა, რომ უკრაინის მხრიდან მასირებული კონტრშეტევა განხორციელდებოდა, წლის ბოლომდე მომავალი წლის დასაწყისისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალები დატოვებდნენ მის ტერიტორიას. ჯერჯერობით ასე არ ხდება, მაგრამ ამ მზაზე რუსეთი ნელ-ნელა უნდა გამოიფიტოს და ასე ხდება კიდევაც.    

გელა მამულაშვილი

პროექტი „ბირთვული საფრთხე უკრაინისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის: რისკები, პროგნოზები, ფეიკ ნიუსები, გადარჩენის შანსები“ შეიქმნა CFI-ის, საფრანგეთის მედიის განვითარების სააგენტოს მონაწილეობით, Hub Bucharest-ის პროექტის ფარგლებში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით

   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია