სააქციო საზოგადოება „ვიანი“ (ყოფილი „ევექსის ჰოსპიტლები“) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სააქციო საზოგადოება „ვიანი“, გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ „ვიანის“ თანამშრომლები. მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც „ვიანს“ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
„ვიანი“ განაგრძობს თანამშრომლობს შესაბამის სამსახურებთან და, თავის მხრივ, აპირებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით. კომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.
წყარო: "პირველი არხი"