მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თეონა ცხომელიძე - აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი, მთავარი სიმპტომია გემოს და ყნოსვის დაკარგვა - 14 სექტემბერი 2020

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდინფიცირებულია, საზოგადოებას მოუწოდებს, მინიმალური სიმპტომების შემთხვევაშიც კი ჩაიტარონ PCR ტესტი.

ჟურნალისტი საუბრობს იმ გამოვლინებებზე, რაც თავიდანვე ჰქონდა.

"ჩემი პირველივე სიმპტომი იყო სიცხე, რომელიც ძალიან მალე გაქრა, ორი საათიც რომ მომეცადა, გამივლიდა სიცხე და შესაძლოა, არც გამეკეთებინა ანალიზი, მაგრამ აუცილებლად, ნებისმიერ შემთხვევაში გაიკეთეთ ტესტი. სიცხე მხოლოდ ღამის განმავლობაში მქონდა და სულ ეს იყო. მთავარი სიმპტომია გემოს და ყნოსვის დაკარგვა, რაც ექიმმაც მითხრა.

მინდა ვთქვა, რომ არ არის სირცხვილი კოვიდინფიცირება. შეემოწმეთ აუცილებლად. თითო დაგვიანებული დღე კლინიკაში გატარებულ ერთით მეტ დღეს უდრის.

შესაძლოა, სიცხე არ გქონდეთ, მაგრამ დაკარგოთ გემოს და ყნოსვის შეგრძნება. გექნებათ თუ არა სიცხე, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს,"- აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირებულთა მომატებული მაჩვენებლების შემდეგ,  COVID კლინიკებში საწოლების რაოდენობა გაიზარდა.

"მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც არიან COVID კლინიკა, ან ცხელების კლინიკა.

პარასკევს, მას შემდეგ, რაც ინფიცირების მატება დაფიქსირდა, დამატებით მობილიზებული იქნა 700-მდე საწოლი. შესაბამისად, შაბათ-კვირას მობილიზებული საწოლ ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა.

დღეს კი, ეს საწოლები მომზადებული იმისათვის, რომ COVID პაციენტების მიღება განახორციელოს 2400-მდე საწოლმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში: - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში და ქობულეთში," აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსთან მიმართებაში მწვანე ზონაში რჩება.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკავოთ ზრდის მაჩვენებლი, ამისათვის კი მნიშვნელოვანია თანამშრომლობა," – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა ამოვლინდა. სულ კი 2392 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო 24 საათში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

მომზადებულია „რუსთავი 2-ის“ მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია