მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნისთვისაა პრობლემა, თორემ ხელისუფლებისთვის ძალიანაც სასურველია“ - 17 დეკემბერი 2020

„რაც პარლამენტის ბოიკოტი გამოაცხადა ოპოზიციამ, კობახიძის პერიოდული გამოხტომები, სააკაშვილის აკრძალვის კანონპროექტით და "არ შემოხვალთ პარლამენტში - ფულს არ მოგცემთ" მუქარით ყოველთვის იმ დროს ხდება ხოლმე, როცა ჩნდება მკრთალი კონტურები იმისა, რომ  ვიღაც შეიძლება მართლა შევიდეს პარლამენტში ოპოზიციიდან. 

რომ ვამბობ, ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნისთვისაა პრობლემა, თორემ ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლებისთვის ძალიანაც სასურველია მეთქი, არ გჯერათ ამ ოპოზიციონერებს და რა ვქნა რა გავაკეთო? აწი ვერც ვერაფერს ვერ ვიზამ.

* * *

პარლამენტში ვინ შედის და ვინ არა მკითხაობაზე ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და ბარემ მოვყვები აქ. 

გაქანებული „ესესერია“, „ზასტოის“ პერიოდი და მწერლების ჯგუფია ჩასული ზუგდიდში რაღაც ღონისძიებაზე. საღამოს, რა თქმა უნდა სუფრაა და ერთ მწერალს მასპინძელი ეკითხება, ძმები შენგელაიები რომ არიან კინორეჟისორები, თუ იცნობთო. ამან დაუდასტურა, კიო. როგორი ბიჭები არიანო, იმან. კაი ბიჭებიო, ამან და ამ სუფრულ თავაზიანობებში არიან რომ მასპინძელი სვამს შემდეგ კითხვას: მეგრული იციან?

რა ქნას სტუმარმა? იმის თქმას ერიდება, რომ არცერთმა ძმამ მეგრული არ იცის და საერთოდ გვარი აქვთ მაგათ მეგრული მხოლოდ, თორემ ისე კახეთში არიან გაზრდილები. ამიტომ მისი აზრით კომპრომისული გამოსავალი იპოვა და ეუბნება, ერთმა ძმამ იცის მეგრული და მეორემ არაო.

- ხოხ! - გაიკვირვა მასპინძელმა და მცირე ხნის პაუზის მერე მოდის ახალი კითხვა - რომელია ჩათლახი?

ჰოდა, დაახლოებით ეგეთი ამბავია ამ პარლამენტზეც რა, თავისი კომპრომისების ძიებით და  ყველაფრით“, - წერს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

„ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ გარკვეული დათქმით უმჯობესი იყო პარლამენტი შემდგარიყო და კრიზისს მის კედლებში გადაენაცვლა.

სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობის გამოყენების შანსი პრაქტიკულად აღარ არის.

ეს არის მოცემულობა და მიზეზების გარკვევას აზრი აღარ აქვს.

მას შემდეგ, რაც 50-მა დეპუტატმა განცხადება დაწერა უფლებამოსილების მოხსნაზე, დარჩენილი 10-ის აპელირება „სახელმწიფო ინტერესებზე“ აზრს კარგავს. მათი ყველა არგუმენტი ანულირებულია, რადგან ისინი რომც შევიდნენ, ვერც ერთი მათ მიერ დაანონსებული რეფორმა ვერ შედგება.

შესაბამისად, ამ ვითარებაში მათი შესვლა პარლამენტში უკვე ცალსახად იქნება აღქმული, როგორც პირადი პრობლემის გადაწყვეტა სუბიექტური მიზეზებით და არა როგორც პრინციპების დაცვა და ქვეყანაზე ზრუნვა...“, - წერს გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია