მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს - 16 იანვარი 2021

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

ყრილობას პარტიის 400-მდე დელეგატი ესწრება. ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირობას გაძლევთ, მთლიანად დავიხარჯები, რათა თქვენი ნდობა გავამართლო“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა, რათა ბოლომდე მიიყვანოს საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო.

„ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო. სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად.

გასული წლების მანძილზე, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება. ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ. დღეს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰყავს ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პროგრესული საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი, ღირსეული ლიდერები და წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა, რათა ბოლომდე იქნას მიყვანილი ის საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო – ეს არის ჩვენი ქვეყნის გარდაქმნა მთელი თავისი არსით ევროპულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც დაამტკიცეს.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა.

პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს წევრები დაასახელა და მათ წარმატებები უსურვა.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან:

პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე;

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრები: მაია ცქიტიშვილი, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, ირაკლი ღარიბაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

წყარო: პირველი არხი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია