მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - 12 ივნისი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველო თავიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკელ პარტნიორებთან, ისევე, როგორც სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეეტანა საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება.

დღევანდელი ფაქტის მსგავსი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოების მიზნებს, ხელი შეუწყოს რეგიონში პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მისასალმებელია, რომ საქართველო ამ პროცესის ნაწილია. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მაგალითი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მეზობლებს შორის არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად.

საქართველო მომავალშიც მზად არის, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმაროს პარტნიორებს და აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 12 ივნისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღდამის რეგიონში 97 000 ანტისატანკო და ანტისანაღმო რუკების აზერბაიჯანისადმი გადაცემის სანაცვლოდ, 15 დაკავებული სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე გადაეცა სომხეთს, საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

„ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში. აქვე, განსაკუთრებით აღვნიშნავთ შუამავლის როლს და პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) შვედეთის თავმჯდომარეობას. ნაღმების რუკების მიღება ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის განაღმვით სამუშაოებზე მომუშავე პირების, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს და იმავდროულად, დააჩქარებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ აღდამში ინიცირებულ სარეკონსტრუქციო პროექტებს და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია