მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შეეძლოთ გერმანიის საელჩოში ან ჩვენთან მაინც ეკითხათ რამდენია გერმანიაში მინიმალური ხელფასი - ირაკლი პეტრიაშვილი - 26 ივლისი 2021

გაგზავნონ თუნდაც ერთი წარმომადგენელი, რომ ყურადღება მიაქციო სად მიდიან საქართველოს მოქალაქეები და რა პირობებში არიან დასაქმებულები

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამამ ძალიან ბევრ ჩვენს თანამემამულეს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. იმედი იმისა, რომ უმუშევრად დარჩენილი სამი თვით წავიდოდა, პატიოსნად იშრომებდა, კონტრაქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას მიიღებდა, ვალების ნაწილს მაინც გაისტუმრებდა, ცხოვრებას ცოტა უფრო ღირსეულად გააგრძელებდა... აღმოჩნდა, რომ აქაც ხშირ შემთხვევაში „გაჭირვებულს ქვა აღმართში წამოეწია“. თურმე კაცი ბჭობდა, ხოლო ზემოთ „დასაქმების სააგენტოში“ კონტრაქტის პირობებსაც კი არასწორად, კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ავსებდნენ.

საქართველოს 10 მოქალაქე, რომელიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა, სამშობლოში ბრუნდება. როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯაბა ჩაჩანიძემ განაცხადა, მათ დამსაქმებელი შეეცვალათ, რის შემდეგაც შრომითი ანაზღაურება შეუმცირეს და არასათანადო პირობებში იმყოფებიან. მისი თქმით, ახალ დამსაქმებელთან მათ ერთი ყუთი მარწყვის მოკრეფის შემთხვევაში 2.50 ევროს უხდიან და ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად, შესვენების გარეშე მუშაობა.

ჯაბა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ ზარალის კომპენსაციით მოთხოვნით, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

გერმანული მხარის წარმომადგენლები იყვნენ, შეამოწმეს ყველაფერი, შრომითი პირობები, საცხოვრებელი პირობები და დამსაქმებელი შეგვიცვალეს. სხვა დამსაქმებელთან, სხვა ქალაქში გადაგვიყვანეს. საცხოვრებელთან დაკავშირებით პრეტენზია არ გვქონდა, მაგრამ ისევ ანაზღაურების პრობლემებს წავაწყდით. ძველ დამსაქმებელთან გვიხდიდნენ 3 ევროს ერთ მოკრეფილ ყუთზე და აქ 2,5 ევროს გვიხდიან. საათობრივად უფრო ნაკლები ანაზღაურებაა. 8 სთ-ზე მეტსაც ვმუშაობდით, მაგრამ მაინც არ გამოდიოდა საათობრივი ანაზღაურება. გარდა ამისა, შესვენების გარეშეც ვმუშაობდით. ეს არის პრობლემა სამუშაოდ ვართ წამოსული, მაგრამ კიდევ გაურკვევლობაში, კიდევ ახალ პრობლემებში აღმოვჩნდით და 10-მა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ხვალ უკან დავბრუნდეთ. ხვალ არის ფრენა. არავითარი სანქცია არ დამეკისრება, რადგან კონტრაქტი თვითონ დამსაქმებელმა დამირღვია. ჩვენ იურისტებთან კონსულტაციები გავიარეთ და ვაპირებთ, რომ სარჩელი შევიტანოთ ქართული მხარის, ანუ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 3 ადამიანი უკვე წამოსულია, 5 დღით ადრე წამოვიდნენ და კარანტინში არიან. სავარაუდოდ, ჩვენც ასე გაგვიშვებენ და დაახლოებით 8-10 დღის შემდეგ ვაპირებთ ერთად შევიკრიბოთ და ერთობლივი ძალებით ერთობლივი სარჩელი შევიტანოთ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 3 ადამიანი წამოსულია, ერთი სხვაგან გადავიდა, ცალკე კერძო დამსაქმებელი იპოვა, 10 ადამიანი მოვდივართ და 10 რჩება. ახალი ბილეთი ჩვენივე ხარჯებით შევიძინეთ, რადგან პრობლემა შეგვექმნა და ძველი ბილეთი ვერ გადავცვალეთ, რომლითაც აგვისტოში წამოსვლა გვიწევდა. ამიტომ, ახალი ბილეთის აღება მოგვიწია. ხარჯი ხარჯს დაემატა და პრობლემა პრობლემას. ჩვენ გავაპროტესტეთ შრომითი პირობები და გვითხრეს, ვისაც არ მოგწონთ შეგიძლიათ წახვიდეთო. ამიტომ, წამოსვლას ვაპირებთ“, -განაცხადა ჩაჩანიძემ.

მისი განმარტებით, გერმანიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების ბედით არც დაინტერესებულა.

საქართველოს საელჩოს არავითარი ყურადღება არ გამოუჩენია. 10 დღე ისე გავიდა, საელჩოდან ერთი ზარი არ შემოსულა. როცა დავრეკე, უი, პრობლემა არ მოგიგვარდათო? გვეგონა, რომ მოგვარებული იყოო. ხომ შეიძლება ელემენტარულად დარეკო და მოიკითხო, საქართველოს მოქალაქეები ვართ. ამ საკითხის ასე დატოვებას არ ვაპირებთ, სამართლებრივად ვიბრძოლებთ.

აქ მყოფი დანარჩენი ადამიანები მცირე იმედს ჩაებღაუჭნენ, იქნებ რამე შეიცვალოსო, მაგრამ ამ იმედის ძებნაში უკვე თვეზე მეტი გავიდა. საცხოვრებლის, კვების, ინტერნეტისა და სხვა ხარჯები ჩვენი იყო. საქართველოდან ვალით წამოვედი, აქედან რომ მივდივარ კაპიკი არ მაქვს და ისევ ვალით მივდივარ. ასეთ პირობებში ფაქტობრივად მუშაობა არ შემიძლია. 9 მაისს წამოვედით და 1,5 თვე გავიდა. 5 აგვისტოს გვიწევდა საქართველოში ჩამოსვლა.

მინდა გავაჟღერო, რომ ეს დასაქმების პროგრამა სიცრუეა, ყველაფერი ფარსზეა აგებული, აბსოლუტურად ყველა ხარჯი ჩვენ გავიღეთ. გერმანიაში რომ წამოვსულიყავი 800 ევრო ვისესხე, უკან რომ დავბრუნდე ამისთვის კიდევ 300 ევრო ვისესხე. 5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან. უბრალოდ გაუსაძლისია ჩემთვის, სულ ნულზე დავრჩი. მირჩევნია ისევ საქართველოში ჩამოვიდე, ვიდრე ამათ ვემონო. ზარალის კომპენსაციას აუცილებლად მოვითხოვთ“, -აცხადებს ჩაჩანიძე.

ამ თემაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ვესაუბრებით.

- ბატონო ირაკლი, რამ გამოიწვია გერმანიაში დასაქმებულ თანამოქალაქეთა მწვავე პრობლემები?

- უფრო მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, როდესაც მიგრანტ მშრომელებს ლეგალურად უშვებს საზღვარგარეთ. კარგია, როცა ადამიანებს უცხოეთში კანონიერი გზებით ასაქმებ, ასე რომ არ ყოფილიყო, ცივილიზებული გზით ზემოქმედების არანაირი საშუალებები არ გვექნებოდა. მაგრამ ცოტა მეტი ამბიცია და ყურადღება რომ გამოეჩინა უწყებას, რომელმაც ისინი გააგზავნა (დასაქმების სააგენტო), ეს სირთულეები დღის წესრიგში არ დადგებოდა.

რაც შეეხება პრობლემებს, მრავლადაა როგორც ანაზღაურების, საყოფაცხოვრებო პირობებთან, ასევე კვებასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამ, ეს არ არის პროფკავშირების და ჩემ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, ამაზე კონკრეტული დასკვნები მაქვს. პროფკავშირების მიმართვის საფუძველზე გერმანიის პროფკავშირმა იქ ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებზე გაგზავნა ორგანიზაცია „,მირა“, რომელიც შრომისა და სოციალური სამინისტროდან დასაქმების სტანდარტებს კურირებს. „მირამკონტრაქტთან, სამუშაო პირობებთან, კვებასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით ექვსპუნქტიანი შენიშვნები  დადო. როგორც გითხარით, ეს დასკვნა ხელთ მაქვს.

- დასკვნაში კონკრეტულად რაზე არის ყურადღება გამახვილებული?

- იმაზე, რაც ჩემი მხრიდან არაერთხელ ყოფილა საჯაროდ გაჟღერებული. ეს ორ-სამ ევროიანი ანაზღაურება ხომ საერთოდ არალოგიკურია, რადგან გერმანიის კანონმდებლობით (საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებით), მინიმალური ხელფასი 9,50 ევრო გახლავთ და პირველი ივლისიდან 9,60 ევრო გახდება.  ანუ 9 ევრო და 60 ევრო ცენტი. ესაა, რაც საათობრივად უნდა აუნაზღაურონ და გადაუხადონ იქ დასაქმებულ მშრომელებს.

მეორე, საყოფაცხოვრებო პირობები, რაშიც რეალურად იმყოფებოდნენ დასაქმებულები (ახლა ეს გამოსწორდა, სხვაგან გადავიდნენ, მაგრამ სახელფასო ანაზღაურება იქაც იგივე პრობლემას წარმოადგენს), გერმანიის კანონმდებლობას და სტანდარტებს არ შეესაბამება.

მესამე კვებასთან დაკავშირებული საკითხებია. აღნიშნულ პირობებში, დამსაქმებელმა, ამ შემთხვევაში გერმანულმა მხარემ დასაქმებულები ერთხელ მაინც ცხელი სადილით უნდა უზრუნველყოს, რაც რეალურად არ ხდება და ..  

- ბრძანეთ, რომ დასაქმების სააგენტოს ამ საკითხში ამბიცია და ყურადღება დააკლდა, ეს რაში უნდა გამოხატულიყო?

- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება კონტრაქტი გააფორმოთ და მასში ყველაფერი კარგად გქონდეთ, მაგრამ მეორე მხარემ დაარღვიოს პირობები. ამ შემთხვევაში გერმანულ დამსაქმებლებს ვგულისხმობ. მაგრამ როცა აქედან კონტრაქტის პირობებში ჩაუწერთ საათში 9,35 ევრო ხელფასს, როცა ეს კანონმდებლობასთანაც თანხვედრაში არ მოდის (მინიმალური ხელფასის კანონმდებლობით დარეგულირება იმას ნიშნავს, რომ ამაზე აკლების მიცემის უფლება არავის აქვს), მინიმუმ შეეძლოთ გერმანიის საელჩოში ან ჩვენთან ეკითხათ მაინც რამდენია გერმანიაში მინიმალური ხელფასი!  ჩემი ევროპული თანამდებობა მაინც საშუალებს მაძლევს ზუსტად ვიცოდე, რომელ ქვეყანაში რამდენია მინიმალური ხელფასი. ამის გაკეთება ნამდვილად შეეძლოთ!

მეორე, გასაგებია, რომ შენ გინდა პოპულარული გახდეს ლეგალური დასაქმება მათ, შორის გერმანიაში. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ჩვენ ამას მივესალმებით, არ ვართ წინააღმდეგი და არ ვამბობთ, რომ ადამიანები არ უნდა გადიოდნენ და მხოლოდ საკუთარ სახლში საქმიანობდნენ. მესმის, საქართველოს ეკონომიკა სამწუხაროდ ამის საშუალებებს არ იძლევა და არც პოლიტიკოსები არ გვაძლევენ ფორმულას, თუ როგორ უნდა დასაქმდნენ ეს ადამიანები და ჩვენი ეკონომიკა როგორ უნდა გაიზარდოს.

ამიტომ თუ ლეგალურად დასაქმდნენ ადამიანები, კეთილი უნდა ინებონ და მათთან გაგზავნონ თუნდაც ერთი წარმომადგენელი. ჩვენს ბიუჯეტს ნამდვილად აქვს ამის საშუალება, რომ ყურადღება მიაქციო სად მიდიან საქართველოს მოქალაქეები და რა პირობებში არიან დასაქმებულები.

- თქვენი აზრით, რატომ არ გადადგეს თბილისიდანვე ეს აუცილებელი ნაბიჯები?

-  აბა რა ვიცი, ისევ მათ უნდა ჰკითხოთ. მე ვამბობ რა უნდა გაეკეთებინათ, მსგავსი პრობლემები რომ არ წარმოქმნილიყო; რატომ არ გააკეტეს, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ.

- ათი კაცი გერმანიიდან ბრუნდება და დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ, მათ რა პერსპექტივა გააჩნიათ?

- დარწმუნებული ვარ, ისინი ამ სარჩელს მოიგებენ. პროფკავშირები მათ უფასო საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ გვაქვს მათთან საუბარი და ასეც იქნება ყველაფერი. დანარჩენი, როგორ არ აქვთ პერსპექტივა, როცა დაურღვიეს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები?

ასევე, მინდა გითხრათ, კონკრეტული გვარსახელები მაქვს მათი, ვინც ამ ადამიანებს ეუბნებოდა, რომ იქ ჩავიდოდნენ და საათობრივი ანაზღაურება იქნებოდა მცირე ოდენობით. ცუდია, რადგან ამას არასწორად ეუბნებოდნენ. მაგრამ ის ყბადაღებული 9,35 ცენტი კონტრაქტშიც უწერიათ და რამდენად სწორი მაჩვენებელია, ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. არასწორად, არაკანონიერად გაკეთდა, მაგრამ ეს კონტრაქტშიც უწერიათ და ამას სად წაუვლენ? კონკრეტულად ოთხი ადამიანის გვარსახელი მაქვს, ვინც დასაქმების სააგენტოდან ამ ინფორმაციას აწვდიდა დასაქმების მსურველებს.

- უმეტესობა რჩება გერმანიაში და პროგრამა გრძელდება, გამოსავალი სად არის, რომ მსგავსი პრობლემები ასე მწვავედ აღარ არ გამეორდეს, პროგრამა გაგრძელდეს?

- ნახეთ როგორ არის საქმე, შეიძლება ვიღაცამ მოინდომოს ყუთებით აუნაზღაუროს მათ შრომა, მაგრამ ამ ადამიანებს შეუქმნეს მოლოდინი! როდესაც შენ კონკრეტული შინაარსის მოლოდინს შეგიქმნი, მაშინ ეს უნდა შევასრულო კიდეც! რეალურად კი, როდესაც თვეში ხუთას დოლარს მოგცემ, როგორ ფიქრობთ, ასეთი დამოკიდებულება რა შედეგებს გამოიწვევს?

ამიტომ, როდესაც ადამიანს მოლოდინებს უქმნი, ეს რეალობასთან თანხვედრაში უნდა იყოს. ანუ გიქირავებ, კონტრაქტში სხვა რამეს ჩავწერ და თვის ბოლოს კიდევ ხუთას დოლარს მოგცემ, წარმოიდგინეთ ადამიანს რა დღეში აგდებთ! აქედან გამომდინარე მართებული განწყობები უნდა შეიქმნას, სწორი ინფორმირება უნდა მოხდეს და მერე უკვე მოქალაქეთა არჩევანია, წავლენ ამ კონტრაქტით სამუშაოზე თუ არ წავლენ.

მერე კიდევ, კონტრაქტი იმ მიმღები ქვეყნის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში უნდა იყოს და არა საათში 9,35 ევროიანი ჩანაწერი.

ახლა ისრაელშიც რეალურია ამ პროგრამის განხორციელება. კარგია, რომ პროგრამა ხორციელდება, თან მათ შორის ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ახლა ეს ყველაფერი  ყატარში რომ ხდებოდეს, ხომ წარმოგიდგენიათ საერთოდ რა რეალობაში აღმოვჩნდებოდით? ამიტომ პერსპექტივას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესთა შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. სწორედ ამისთვის საჭიროა თბილისიდან პიროვნების გამოყოფა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს.      

მასალა ასევე გამოქვეყნდა ჟურნალში "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია