მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადამიანი და დღევანდელი პრობლემები გაქრა პოლიტიკიდან - გიორგი გახარია - 01 აგვისტო 2021

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტებს და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი წყალტუბოში გახსნა. ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ახლა პარტიასაც ვაყალიბებთ და არჩევნებშიც ვმონაწილეობთ, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ყველაფერი გავაკეთოთ სწრაფად და ხარისხიანად. მთავარი მიზანი დღეს არის, რომ ამ არჩევნებით შევძლოთ, ჯერ ადგილობრივი ხელისუფლება გავაძლიეროთ და შემდგომ უკვე დიდი არჩევნებით სახელმწიფოც გავაძლიეროთ, თორემ ეს ქაოსი, რაც ხდება, ამდენი ჭორაობა, ამდენი ძალადობა,  ერთმანეთის ლანძღვა-გინება საბოლოო ჯამში თუ არ დასრულდა, უბრალოდ წინ ვერ წავალთ“, – მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.

პარტიის თავმჯდომარემ უშუალოდ წყალტუბოს განვითარების ხედვაზეც ისაუბრა.

„წყალტუბოსთვის ცალკე განვითარების გეგმა გვექნება. საცოდაობაა ახლა ეს რაც აქ ხდება, ასე უფუნქციოდ, უსაქმოდ და უსაგნოდ იყოს. აქ ძალიან დიდი შესაძლებლობებია – ტურისტული შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობა. რამდენიმე წერტილს ვიპოვით, როგორ უნდა გაიზარდოს წყალტუბოს ბიუჯეტი, ეს ფული, რომელიც წყალტუბოს ბიუჯეტის შემოსავალია, ხალხს როგორ უნდა მოხმარდეს, ამასაც გადავწყვეტთ. ადგილობრივი ხელისუფლების მოპოვების პრეტენზია ვისაც აქვს, ამ ხალხმა ეს ზეპირად უნდა იცოდნენ ყველაფერი. უკვე ლაპარაკის დრო აღარ არის. საქმეა საკეთებელი და მით უმეტეს აღარ არის დრო ერთმანეთის ლანძღვა-გინების. ახლა ხომ ხედავთ, ტელევიზორი სადაც არ უნდა ჩართო, სულ ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ქაოსი. არავის ახსოვს ადამიანი. ბოლო ერთი კვირის და თვის კი არა, ერთი წლის განმავლობაში საერთოდ ადამიანი და დღევანდელი პრობლემები გაქრა ტელევიზიიდან და საერთოდ პოლიტიკიდან. ამიტომ, ნელ-ნელა ეს ყველაფერი უნდა დავაბრუნოთ. არ იქნება ეს მარტივი, ამ ყველაფერს ბევრი შრომა დასჭირდება, მაგრამ ამას ჩვენ გარდა მაინც არავინ გააკეთებს“,- ამბობს გახარია.

გიორგი გახარიამ გუნდის დაკომპლექტების პრინციპზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ადამიანები უნდა აკმაყოფილებდნენ ღირსების, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს.

„ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიაში უნდა შევიდეთ, მაგრამ რამდენიმე ძირითადი პრინციპია, რომელსაც უნდა მივყვეთ. პირველი – რა თქმა უნდა, ღირსება არ უნდა დაგვავიწყდეს. ახლა რაც ხდება, იმისთვის რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ საკრებულოში ადგილები და მერი გაიყვანოს, საერთოდ დავიწყებულია სინდისი, ღირსება – საერთოდ ყველაფერი. მეორე – კეთილსინდისიერი ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ კეთილსინდისიერი ხალხი და მესამე – პროფესიონალიზმი. არც კეთილსინდისიერება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანი პროფესიონალი არაა და არც მისი პროფესიონალიზმი არ გვჭირდება, თუ კეთილსინდისიერებასთან პრობლემები აქვს. მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აი, უღირსობა არის ყველაზე მძიმე დანაშაული“,- ამბობს გახარია.

პარტიის ლიდერმა დღევანდელ შეხვედრაზეც ხაზი გაუსვა, რომ ის ოცნების გუნდიდან მოდის და ამ საერთო წარსულის ლანძღვას არ აპირებს.

„ჩვენც ხომ ოცნებაში ვიყავით – არ შეიძლება ახლა ჩვენი გუშინდელი დღე ვლანძღოთ, ზოგიერთები როგორც აკეთებენ, ეგრე უნამუსოდ. რა თქმა უნდა, ეს რიგითი მოქალაქისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება. იქ კარგი რაც იყო, იმის ნაწილიც ვიყავით ჩვენ და იქ რაც ცუდი და შეცდომაც იყო, მაგის ნაწილიც ვიყავით – ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა გვესმოდეს, რომ ახლა თუ აქ ვდგავართ, ვდგევართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის შეცდომები, მაშინ რაც იყო დაშვებული გამოვასწოროთ. ჩვენ ახლა თუ ესე ვლანძღეთ ერთმანეთი, ამ ბავშვებს რა უნდა ვასწავლოთ, რა მაგალითი უნდა მივცეთ. ამიტომ, ღირსებაზე მაღლა არაფერი არ დგას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

„კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც ჩვენთან ერთად იქნებით და ხალხთან მოგიწევთ ურთიერთობა – ადამიანები არ მოატყუოთ! ჯობია უთხრა მწარე სიმართლე და არ დაპირდე ის, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ. ერთი კი არა, ასი ხმის გულისთვის ნათქვამი ერთი ტყუილი ზუსტად ერთ წელიწადში შემოგიბრუნდება უკან და ამიტომ ესეთი რაღაცეები არ არის გასაკეთებელი. ეს მიუღებელია უბრალოდ“, – ამბობს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი წარმომადგენლების შერჩევა ადგილობრივების გადასაწყვეტია და ის ამაში არ ჩაერევა.

„ძალიან მნიშვნელოვანი, ვინ იქნება მაჟორიტარები, ვინ იქნება სიაში და ვინ იქნება მერობის კანდიდატი. ნახევარი იმერეთი შემოვიარეთ ამ ორ დღეში და ყველგან ვამბობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს თქვენი გადასაწყვეტია. ზუსტად იმ სამ პრინციპს უნდა მივყვეთ, ღირსეული, კეთილსინდისიერი, პროფესიონალები გვჭირდება ჩვენ. ადამიანმა ღირსება რა არის, ის უნდა იცოდეს. ეხლა, ის ხვალ და ზეგ სოფელში და რაიონში თუ ვერ გავიდა და ადამიანებს ვერ დაელაპარაკა და იმის სიტყვის ფასი ნული თუ იქნა, რად გვინდა, ეხლა ესეთი სათრევი მაჩანჩალები ჩვენ არ გვჭირდება. კეთილსინდისიერება. ახლა კორუფცია ძალიან მძიმე თემაა, განსაკუთრებით მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე და, რა თქმა უნდა, საქმის კეთება უნდა შეეძლოთ, მათ უკან რაღაც გამოცდილება უნდა იყოს. ახალგაზრდები – რამოდენიმე, 3-4 ძლიერი, კარგი, კეთილსინდისიერი, ახალგაზრდა მაგრამ ერთი გამოცდილი ადამიანი, რომელიც ამათ ჭკუას დაარიგებს და ასწავლის. აი, ეს არის ძირითადი, მარტივი პრინციპები“, – განაცხადა გახარიამ.

„აქ ეს ყველაფერი – უნდა დავსხდეთ, გადაწყვიტოთ და ისე უნდა გააკეთოთ, რომ ხვალ ქუჩაში გამოსვლა არ შეგვრცხვეს არავის – არც თქვენ და არც მე და იქ მერე შეცდომა დაუშვით და ვიღაცას ხელისუფლებაში რომ მოვა, საკრებულოში იქნება თუ მერიაში რაღაც რომ შეეშლება, იმის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს რომ ვუთხრათ – გაიწიე გვერდზე, იმიტომ რომ თავსაც ირცხვენ და ჩვენც გვარცხვენ – ეს არის ძირითადი პრინციპი და ამას უნდა მივყვეთ თითოეული ჩვენგანი. ჩათვალეთ რომ ეს კარი გაიღო, ერთი კვირა გაქვთ რომ თქვენ, ყველა ერთად შეჯერდეთ მაჟორიტარების და მერობის კანდიდატების სიაზე. ამის შემდეგ ვიწყებთ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის გარეშე, ლანძღვის, გინების გარეშე , ღირსებით. ახლა აქ რაც ხდება ერთი ერთს აგინებს, მეორე მეორეს აგინებს – რაღაც სასწაულებს ეძახიან ერთმანეთს, ისეთ რაღაცებს კადრულობენ, გაუგონარს. ამას ჩვენთან არანაირი კავშირია არ უნდა ჰქონდეს, რაც არ უნდა იკადრონ“,- მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.

წყარო: პირველი არხი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია