მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვაქცინებმა და წამლებმა გადაგვარჩინეს, თორემ მილიარდს ვერ ავცდებოდით - გიორგი ფხაკაძე - 06 აგვისტო 2021

სამედიცინო პირბადე ცხვირზე, არ მიიღოთ მონაწილეობა შეკრებებში“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სინოფარმის ვაქცინაზე მიმართვიანობა არ არის ისეთი მაღალი, როგორც თავიდან, რადგან მოსახლეობა ფაიზერის დოზებს ელოდება. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ხალხმა ფაიზერის მოლოდინში დრო არ უნდა დაკარგოს, რადგან ის ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის იქნება საკმარისი. მისივე თქმით, სინოფარმის, სინოვაკისა და ასტრაზენეკას ვაქცინები ასევე მაღალეფექტურია.

ფაიზერის გარანტირებული დოზები, რომელიც უკვე გვაქვს მობილიზებული, საკმარისია დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის, არჩევანი გარკვეულწილად ლიმიტირებული იქნება და ჩვენ ძვირფას დროს ვკარგავთ ამ მოლოდინის პროცესში. სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის მაღალი ეფექტურობის ვაქცინები“, - ამბობს გაბუნია.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა 2 ივლისს შემოვიდა.

ამ თემაზე ჯანდაცვის ექსპერტს, გიორგი ფხაკაძეს ვესაუბრებით.

- ბატონო გიორგი, რა მთავარი განსხვავებაა კოვიდის ახალ-ახალ შტამებს შორის?

- დადგენილი ასზე მეტი შტამიდან ზოგი ყურადსაღებია, ზოგი ძალიან საყურადღებოა. დედამიწაზე არამარტო ვირუსს, ნებისმიერ ორგანიზმს მუტაცია ახასიათებს; ნორმალური ამბავია, სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ეს ბიოლოგიის ბაზისია. ახალი მუტაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან წამოვიდა - ბრიტანეთი, ინდოეთი, სირია, პერუ, სამხრეთ აფრიკა და .. ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ, რომ მუტაციის პროცესში უფრო მსუბუქდებიან და ჩვეულებრივი გრიპები ხდებიან. სამწუხაროდ, ათასში (ზოგჯერ მილიონში) ერთხელაა, რომ მუტაციის პროცესში უფრო მკაცრი ხდება. სიმკაცრე იმაშია, რომ, როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზმი, ადაპტირდება ადამიანში.

შეთქმულების ბევრი, სულელური თეორიაა, მაგრამ ვიცით (აქაც ახალი არაფერია), რომ ეს კონკრეტული კორონავირუსები იყვნენ და არიან ღამურებში. ბევრი სხვა ვირუსიცაა, რომელიც თავის დროზე ცხოველებიდან ადამიანზე გადმოვიდა. თავიდან უჭირდა, რადგან თავისი არსით ცხოველური, ადამიანზე მორგებული არ იყო. ზუსტად მუტაციით ადაპტირდა ადამიანზე. შემდეგ ადამიანიდან ადამიანზეც მარტივად გადადის. თორემ მუტაციები კიდევ იქნება, ეს ბოლო აკორდი არ არის.

დღეს გვაქვს ოთხი ძირითადი, საყურადღებო მუტაცია, როგორიცაა ბრიტანული, ინდური და მისთ. ასევე არის შვიდი ახალსახეობა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფრთხილად უყურებს. ამ შვიდის მერე კიდევ ასზე მეტი პატარ-პატარა მუტაციები გვხვდება. იგივე ინდოეთშიც კი რამდენიმე ათეული სხვადასხვა ტიპისაა. ადამიანების რაც უფრო დიდი შეკრებაა ერთ ადგილას, ბრაზილია იქნება, ინდოეთი თუ ჩინეთი, ახალი მუტაციის შანსებიც მაღალია.

უნდა შევეჩვიოთ, რომ პროცესი იქნება მანამდე, სანამ ვირუსი ცირკულაციაში იქნება. ამას სხვა გამოსავალი არ აქვს.

- ახლა, რა ხდება სხვადასხვა ვაქცინებთან, მათ ეფექტიანობასთან დაკავშირებით?

- უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი ისევ არაფერია. პირველი .. ინდუსტრიული ვაქცინა პარიზში იყო გამოგონებული პასტორეს ინსტიტუტში. მსოფლიოში ძალიან ბევრი დაავადება განადგურდა სწორედ ამ ვაქცინების დამსახურებით. თითქმის 8 მილიარდი რომ ვართ, ეს არა რაიმე წამალმა, არამედ ვაქცინამ გააკეთა. ამიტომ კი არ გვღუპავს, პირიქით, ვაქცინები არიან პასუხისმგებელი, რომ ამ ოდენობას მივაღწიეთ, სხვა შემთხვევაში ერთ მილიარდს ვერ ავცდებოდით. დღეს უკვე ღრმად მივიწყებული დაავადებები სწორედ ვაქცინაციის პროცესში განადგურდნენ.

განსხვავებული ტიპისაა, სავალდებულო და ნებაყოფლობითი, კორონავირუსის ვაქცინებიც სხვადასხვაა. ამჟამად მზადების პროცესში 300-მდე სხვადასხვა ტიპის ვაქცინაა და ყველა სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებს. დღეის მდგომარეობით, არცერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული, როგორც ასპროცენტიანად ეფექტური და .. რადგან მის მომზადებას დრო სჭირდება. ყველა ვაქცინა, რომელზეც დღეს ვლაპარაკობთ, დამტკიცებულია როგორც დროებითი მოხმარების საქონელი. ეს იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოს თუ ამერიკის წამლის სააგენტოს, სხვადასხვა ქვეყნების სააგენტოების მიერ დამტკიცებული. გვაჩვენეს, რომ მათ პოტენციურად კარგი შედეგები აქვთ. რაც მთავარია, უსაფრთხოების მაღალ დონეს აკმაყოფილებენ და გარკვეული პროცენტულობის დაცულობა აქვთ.

მაგრამ რისგან და როგორ არის გაკეთებული? ეს უკვე რთული პროცესია, რადგან ყველა მწარმოებელი სხვადასხვა ტექნოლოგიას და მეთოდოლოგიას იყენებს. აბსურდია ტრადიციულ ვაქცინაზე საუბარი, ამ ტერმინსაც საქართველოში იყენებენ. ტრადიციული იყო ყვავილის ვაქცინა, რომელსაც ჩინელები 3 ათასი წლის წინ იყენებდნენ. ავადმყოფი ადამიანის კანს ჯანმრთელ ადამიანს აძლევდნენ და გადარჩენის 50%-იანი შანსი არსებობდა. ყველა ვაქცინა, რომელიც ამჟამად დედამიწაზეა, პროგრესის, მეცნიერების და მედიცინის განვითარების შედეგია.ეს პროცესი ყოველდღიურად უმჯობესდება. ეს რომ არ ყოფილიყო, ვიმეორებ, ამდენი ადამიანი დედამიწაზე ფიზიკურად ვერ იცხოვრებდა. ვაქცინებმა და წამლებმა გადაგვარჩინეს.

საქართველოში ჩამოსული ოთხი ვაქცინა კიდევ დაკვირვების ქვეშაა და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვაქცინაციის დროს რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა უნდა იყოს, საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაცია მიწოდებული; ყველა რისკები, დადებითი და უარყოფითი მომენტები სათანადოდ განმარტებული. მაღალი დონის გამჭვირვალობა ყველასთვის სიკეთის მომტანი იქნებოდა, მაგრამ ჩვენთან ეს გამჭვირვალობა არ ჩანს.

- მაშინ რა ჩანს?

- უფრო ერთმანეთზე გადაბრალებას ვაკვირდებით. ვიღაც ვაქცინას იკეთებს, სხვა არა და სიღრმეში არ მივდივართ, თუ რატომ არ იკეთებს ადამიანი ვაქცინას. ზოგადად, ისიც პრობლემაა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ამ პროცესზე პასუხისმგებელია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სამწუხაროდ დაკისრებულო მოვალეობას ვერ თუ არ ასრულებს.

- პროცესის გაუმჭვირვალობის საფუძველსაც ამაში ხედავთ?

- რასაკვირველია. ვაქცინაციის დაწყების პირველივე დღიდან ჩავარდნა გვქონდა. ჩამოტანაში, დისტრიბუციაში, მოსახლეობასთან კომუნიკაციაში პრობლემებია. თუნდაც კომუნიკაციის მხრივ რასაც დაავადებათა ცენტრი აკეთებს, მოგწონთ? ეს მოსახლეობასთან ადეკვატური კომუნიკაციაა? ისე გვესაუბრებიან, როგორც ბაბუა გამოვა და შვილიშვილებს ჭკუას ასწავლის. კი ბატონო, ასე შეიძლება კომუნისტების დროს მიღებული მეთოდი იყო, მაგრამ 21- საუკუნეში ვართ, კომუნიკაციის ასეთი ხერხი მიუღებელია.

აუცილებელია მთელ პროცესში ღიაობა. ამ დროს, მარტო ლოზუნგების ამარა ვართ დარჩენილი - ან კარგი ხარ, ან ცუდი, ან ვაქსერი ხარ, ან ანტივაქსერი და .. რომელ ვაქსერ-ანტივაქსერობაზე შეიძლება იყოს საუბარო, როდესაც ვაქცინაციის მთელი პროცესი არასწორად არის დაგეგმილი. მაგალითად, კონსულტაციები არ იყო ჩატარებული რელიგიურ უმცირესობებთან, თემებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან ეს არ მომხდარა.

გახსოვთ, მარნეული რომ დაიკეტა. ბევრი საერთოდ არ აღიარებდა, რომ კოვიდი ცირკულირებდა ქვეყანაში. ეთნიკურ ენებზე კომუნიკაცია არ ხდება, ანუ საკუთარ მოქალაქეებს სწორად ვერ ვუხსნით და ვაგებინებთ. ვირუსს საერთოდ არ აინტერესებს რა ეროვნების და აღმსარებლობის ხარ, რა პასპორტი გიდევს ჯიბეში, დაინახა ადამიანი და მორჩა. ეს კომპონენტი საერთოდ ამოვარდნილი გვაქვს. 

მგონი უკვე ყველამ იცის, რომ ჩინური ვაქცინები სათანადოდ ეფექტური არ არის. რამდენიც უნდა გვაბოლონ (ბოდიში ამ სიტყვაზე), ჩვენც ხომ ვიცით, რომ არაეფექტურებია. ამიტომ მოსახლეობა გეუბნება, რომ სურს ძლიერი ვაქცინა. იმის მაგივრად აუხსნა, რომ შეიძლება სხვა ალტერნატივით წავიდეთ, გამოდის ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა და ამბობს, რომ ფაიზერის ვაქცინა თურმე მერსედესი ყოფილა. ეს ხომ შეურაცხყოფის მიყენებაა. თან თავად იმ კოლეგას, ბატონ ცერცვაძეს ფაიზერი აქვს გაკეთებული, რაზეც საჯაროდ თქვა. როცა სხვებიც იმავეს ითხოვენ, თქვენ მერსედესს ითხოვთო. ახლა პასუხი გამეცით, ეს სწორი პასუხი ან საქციელია?

ჰოდა, ზუსტად მსგავსი საქციელები ქმნიან გარემოს, როცა მოსახლეობას არ სჯერა იმის, რაც ჩვენს თავს ხდება.

- მოსახლეობა როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში, გამოსავალი რაშია?

- ახლა, სახელმწიფო არაადეკვატურად რომ იქცევა, მიზეზი ჩემზე უკეთ იცით. წინა ოქტომბერს არჩევნები იყო, ახლაც წინ არჩევნებია. ხელისუფლება არა სახელმწიფოებრივად, არამედ მხოლოდ წინასაარჩევნო რეჟიმში ფიქრობს. როცა ქვეყანა წინასაარჩევნო პერიოდში შედის, იქ საღი აზრი იკარგება. სხვათა შორის, ასე ხდება არამარტო საქართველოში. ასეთი მიდგომა კი ქვეყნისთვის დამღუპველია. შესაბამისად, მე რა რეკომენდაციაც არ უნდა მივცე, მაინც არ აიღებენ და არ გაითვალისწინებენ.

ერთადერთი რეკომენდაცია ჩვენი მოსახლეობისთვის მარტივია (იმ მოსახლეობისთვის, რომელიც უბრალოდ მიგდებულია) - პირველი, სამედიცინო პირბადე, რომელიც ხელმისაწვდომია, დაბალ ფასშია, კარგი ხარისხისაა; მეორე - არ მიიღონ მონაწილეობა და არ წავიდნენ იქ, სადაც ხალხმრავლობაა, ეს იქნება ზღვა, მთა, ქალაქი, მნიშვნელობა არ აქვს. მესამე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ეს თითოეული ადამიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა. ჩემი მოსაზრება აქაც მარტივია, თვითონ ვაქცინაციის პროცესი სახელმწიფომ ჩააგდო. რა რეკომენდაციაც არ უნდა მოგცეთ, ის თუ სახელმწიფომ არ განახორციელა, ცარიელ სიტყვებად რჩება. ამიტომ გვჭირდება ვაქცინაციის კარგი პროგრამა, მაგრამ არა ის, რასაც ამჟამად ქვეყანაში ვხედავთ.

- ხშირად იმასაც იმეორებენ, რომ ჩინური ვაქცინების ეფექტურობა 80%- აღწევს...

- როცა ასეთ რაღაცას ამბობენ, უნდა შეეკითხოთ რის საფუძველზე, რა წყაროებზე დაყრდნობით საუბრობენ. მეც შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ინგლისის მეფე, ოქეი, ხომ შემიძლია ამის თქმა? მაგრამ ამით რამე შეიცვლება, მეფე გავხდები? ზოგჯერ მრცხვენია კიდეც, როცა ზოგიერთ ჩემი კოლეგა ასე აბრახუნებს ციფრებს; არანაირად არ ვეთანხმები. გვახსოვდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ციფრები იცვლება. რაც მთავარია, რეალური ინფორმაცია დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ მკაცრ, დამოუკიდებელ, ცნობილ, მიუკერძოებელ წყაროებზე. რა თქმა უნდა, ეს წყარო არ უნდა იყოს დაფინანსებული არც მწარმოებლის, არც მწარმოებელი ქვეყნის ან ორგანიზაციის მიერ. როცა ჩინურ ვაქცინებზე ვლაპარაკობთ, მეცინება, რადგან ჩატარებული კვლევები ძირითადად ან ჩინეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული, ან მაგალითად, საუდის არაბეთის შემთხვევას იყენებენ. მაგრამ მან (საუდის არაბეთმა) ლიცენზია იყიდა და თვითონ აწარმოებს ამ ჩინურ ვაქცინებს. ამაზე არავინ საუბრობს, ეს ნიუანსები გასათვალისწინებელია.

სამწუხაროდ, მოსახლეობა ყურადღებას არ აქცევს და ჰგონია ყველაფერი კარგადაა. მსგავსი მიდგომა უკვე ექსპერტებს აღარ ეპატიებათ. შეიძლება მოქალაქე არ ფლობდეს, მაგრამ ექსპერტმა უნდა იცოდე, რომ მაგალითად კონკრეტული კვლევა არ არის მაღალი სანდოობის და არ შეიძლება ამაზე იყოს დაფუძნებული მთელი ჯანდაცვის სისტემა ვაქცინაციის პროცესში.

- რომელია უფრო ეფექტური ვაქცინები და მათი მოპოვების რა პერსპექტივა გვაქვს?

- დღეს ყველაზე ეფექტური ვაქცინა ფაიზერია, რომელმაც ისრაელში უკვე გვაჩვენა 64%-ანი ეფექტურობა. კი დაბალია, მაგრამ ეს ყველაზე მაღალეფექტურია დღევანდელ მსოფლიოში. ამის შემდეგ მოდის მოდერნა და სხვა ვაქცინები. ხვალ შეიძლება სურათი შეიცვალოს, მაგრამ დღეს ისინი წინ მიდიან.

- შევაჯამოთ, ინფიცირება ისევ იმატებს და წრეზე ვბრუნავთ, რა დაამარცხებს ამ 21- საუკუნისშავ ჭირს“, თქვენი პროგნოზი როგორია?

- როცა ყველა გამოვფხიზლდებით და ვიფიქრებთ, რომ ეს ცხოვრება მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის! ასევე, ეკუთვნის ჩვენს მეგობრებს, მეზობლებს და ქვეყანას. შესაბამისად, სამედიცინო პირბადე ცხვირზე, არ მიიღოთ მონაწილეობა შეკრებებში და ვაქცინაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან მოვითხოვოთ, რომ აღნიშნული პროგრამა იყოს არა პოლიტიკური და არაანგაჟირებული, იყოს რეალური პროგრამა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.  

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია