მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მაინც იქნება რიგგარეშე არჩევნები - გიორგი გახარია - 10 აგვისტო 2021

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, არასდროს მითქვამს და ყოველთვის ვამბობდი, რომ რიგგარეშე არჩევნები დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და არა იმაზე, ვინ რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ან რა ხელმოწერაზე თქვა უარი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტს ისაუბრებს ხელისუფლება და დაარწმუნებს მოქალაქეებს, რომ რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, გახარიას განცხადებით, უფრო სწრაფად დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესის ლოგიკა, რომელიც, მისი თქმით, იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია, უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ ელემენტარულ გამოწვევებს.

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, არასდროს მითქვამს და ყოველთვის ვამბობდი, რომ რიგგარეშე არჩევნები დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და არა იმაზე, ვინ რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ან ამ ხელმოწერაზე თქვა უარი. რა თქმა უნდა, ხელმოწერა ხელისუფლების პოლიტიკური და იურიდიული აქტია, ისევე, როგორც ამ ხელმოწერის გაუქმებაც, ასევე პასუხისმგებლობისგან გაქცევა, შიში და პოლიტიკური აქტია, მაგრამ დღეს რომ დაეწყვნენ რიგში და ამბობენ, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ამასაც შიში ალაპარაკებთ. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ და დაარწმუნებენ ჩვენ მოქალაქეებს, რომ რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, უფრო სწრაფად იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერწმუნეთ. იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესის ლოგიკა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია, ელემენტარულ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც ქვეყნის წინაშეა. ქვეყნის წინაშე არის კოვიდი, საზოგადოებრივი წესრიგი ქუჩაში და ა.შ. მე არ ვსაუბრობ მაღალ მატერიებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა, ეკონომიკური რეფორმები. სახელმწიფო საბაზისო სერვისების მიწოდების ელემენტარული უნარი არ გააჩნია დღევანდელ მთავრობას. ამიტომ იქნება რიგგარეშე არჩევნები და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ან ვიღაცა რაღაც 43% მიაღწევს, ან არა.

პირველად რომ გავაკეთე კომენტარი, ვთქვი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადალახავენ, თუ ვერ გადალახავენ, მაინც იქნება, რადგან რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს მოქალაქეების მოლოდინები და არა ვიღაცის სურვილი. მით უმეტეს, მათი სურვილი, ვინც გვარწმუნებს, რომ 2024 წლამდე არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოლარიზაციას რაც შეეხება, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, დღეს საქართველო გამოწვევების წინაშე დგას, მაგალითად, კოვიდი, რეგიონალური პროცესები. სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენს რეგიონში ცხელი ომი იყო, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლარიზაციის ასეთი დონე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია, უკვე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ხდება, – ამბობს გახარია.

მისი თქმით, პოლარიზაცია ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

„ყველამ – მთავრობა, ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები, მედიატორები, რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, პოზიცია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია, ანუ ხელისუფლება ამბობს, ვინც მე არ მეთანხმება, მტერია. მერე ამბობს, რომ ჩემი მტერი ვინც არის, ის ქვეყნის მოღალატე და ქვეყნის მტერიცაა. ასეთი რადიკალიზმი პოლიტიკაში საერთოდ კატეგორიულად მიუღებელია და საქართველოში პოლარიზაციის ასეთ ფონზე არის კატასტროფამდე მისვლის ძალიან მაღალი რისკის შემცველი. მოვუწოდებ ყველას, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ და როდესაც დაუფიქრებლად მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს ვაკეთებთ, მსგავს მიდგომებს ვნერგავთ, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ეს არის ქვეყნის ზიანის მოტანის პირდაპირი მცდელობა. ამიტომ თავი უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა გახარიამ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია