მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ხელისუფლება, როგორც ფალავანდიშვილის სამართალმემკვიდრე აგრძელებს ჟურნალისტების გალახვას“ - 16 აგვისტო 2021

 

ძალაუფლების დაკარგვა მათთვის სასიცოცხლო პრობლემაა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად გადაიქცა და ეს სწრაფად ვრცელდება“

5-6 ივლისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ მედიას ბოდიში არ მოუხადა და აგრესიული დამოკიდებულება არ შეცვალა. პირიქით, მთავრობის წარმომადგენლები ღიად ცდილობენ, ყველაფერში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები დაადანაშაულონ; მათ წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომი აწარმოონ, მიკროფონი წაართვან, აღარ დაუბრუნონ და ..    

ამ თემაზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრებით.

-  ბატონო გია, ხელისუფლების ბოლოდროინდელი დამოკიდებულება მედიის მიმართ რა შეფასებას იმსახურებს?

- თუ ქრონოლოგიურად დავალაგებთ, წესით ხელისუფლებას პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გასჩენოდა, ბოდიში მოეხადა იმისთვის, რომ მინიმუმ ვერ დაიცვა მედია. ამის ნაცვლად, ვხედავთ, რომ ჟურნალისტების ცემა მორალურ-პროპაგანდისტული სახით გრძელდება; რითაც ხელისუფლება ადასტურებს, რომ 5-6 ივლისის მოვლენების თანამონაწილე იყო. მათი ეს შეტევა აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებულია. იქით მიმართულია, რომ გადაფაროს დანაშაული, რომლის რაღაც ფორმით თანამონაწილე თვითონაც იყო. ვაკვირდებით, რომ მათი ყველა განცხადება, ქმედება მიმართულია ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისებისკენ, შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაც ხდება.

- ეს რით არის განპირობებული?

- ამით ხელისუფლება არღვევს ორ ფუნდამენტურ ვალდებულებას. ერთი გახლავთ ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე და მეორე - თმენის ვალდებულება, რაც ნორმალურ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია ხელისუფლების შეფასებისთვის.

ორივე ვალდებულებაზე ხელისუფლებამ ცალსახად უარი თქვა და კრიტიკულ მედიასთან მიმართებაში შეტევაზეა გადასული. ხან პარტიულ ტელევიზიებს უძახის, ხან კიდევ რას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მედია ჩვენთან მაღალი სტანდარტით მუშაობს. ასეთია მთელი მედია, მათ შორის ხელისუფლების კონტროლირებადიც, უფრო მეტად თუ არა; რადგან ხელისუფლების კონტროლში მყოფი მედია იგივე პროპაგანდისტულ რეჟიმში მუშაობს, პარტიულ ინტერესზე. რაც მთავარია, მათი ტექნოლოგიები ძალიან ჰგავს რუსული არხების პროპაგანდისტულ მატრიცას, ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელს. არის ტელევიზიები (ხელისუფლების მიერ კონტროლირებადო), რომლებიც პირდაპირ პირად ცხოვრებაში ერევიან.

ეს მთლიანი მოცემულობაა. ხელის გაშვერა სხვისკენ, მის თვალში ბეწვის დანახვა, როცა საკუთარში მორს ვერ ხედავ. ესეც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ ხელისუფლება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას მედიაზე წნეხის მიმართულებით.

- შეტევა ახსენეთ, რის მიღწევას ცდილობენ?

- მეჩვენება, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ აფექტში იმყოფება. ის შეპყრობილია ძალაუფლების დაკარგვის შიშით და ეს შიში არის ძირითადი მოტივატორი ქმედებებისთვის. ამას პოლიტიკურ პარანოიას დავარქმევდი. რაღაცნაირად საქციელწამხდარია, რადგან ვერანაირ პოლიტიკურ ლოგიკაში ვერ ჩავსვამთ იმას, რაც მაგალითად გააკეთა წულუკიანმა მიკროფონთან დაკავშირებით; ან რაც განაცხადა დეპუტატმა წილოსანმა პარლამენტის თავმჯდომარისთვის შხამის დასხმის თაობაზე. ეს აფექტის მდგომარეობაა. ძალაუფლების დაკარგვა მათთვის სასიცოცხლო პრობლემაა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად გადაიქცა და ეს სწრაფად ვრცელდება. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამ ყველაფრის მუტირებაც მოხდა და სიმართლე გითხრათ სახიფათო ფორმები შეიძინა, რაც შემაშფოთებელია.

თუ ჩვენ ტექნოლოგიაზე ვისაუბრებთ, ეს არის ოხლოკრატიული საზოგადოების ფორმირება. ბრბოს ძალაუფლება მაქვს მხედველობაში, როდესაც ქმნი მტრის ხატს და ცდილობ საზოგადოებაში დაგროვილი მთელი უკმაყოფილება მის წინააღმდეგ მიმართო. მას დააბრალო ყველაფერი - რატომ ცხოვრობს ცუდად, რატომ არის უმუშევარი და .. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ფრონტის ეს ხაზი გაატაროს რელიგიურ მოტივებზე აღმოცენებულ ულტრაკონსერვატიზმზე. ფაქტობრივად, მან უკვე ჩაანაცვლა მძიმედ დაავადებული ვასაძე. ამ კუთხით ახდენს შეტევას მთლიანად საზოგადოებაზე.

- როგორ ხდება ეს ყველაფერი?

- ადამიანებში გონების გათიშვა ხდება. ისინი იწყებენ მხოლოდ თავდაცვითი ინსტინქტით მოქმედებას და ამით რაღაც ეფექტს იღებს. შესაბამისი ბევრი ისტორიული მაგალითი არსებობს. საქმე იმაშია, რომ ოხლოკრატია გრძელვადიან განვითარებაში სიცოცხლისუნარიანი არ არის. ის მხოლოდ გარდამავალი პერიოდებისთვის არის დამახასიათებელი, აგონიის მომასწავებელია და ძალიან სწრაფად მთავრდება ხოლმე. რადგან რაღაც მომენტში გონება ერთვება და ადამიანები ხვდებიან, რომ ისინი რაღაც მასობრივი ფსიქოზის, მანიპულაციის ობიექტები გახდნენ

- ჩვენ რეალობაში რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ოპოზიციის ადეკვატურობაზეც. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს ყველაფერი აქამდე არც უნდა მისულიყო. პროცესი სრულ აბსურდში გადავიდა. მაგრამ ვიღაც რომ წავიდეს, ვიღაც უნდა მოვიდეს. აი აქ გვაქვს პრობლემა, რადგან მთლიანად პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისი ვიმყოფებით. არამარტო სახელისუფლებო, არამედ ოპოზიციურისაც. ეს რასაკვირველია ხელს უწყობს თამასის დაწევას. ჩვენთან ხომ ყველა მიმართულებით დეგრადაციის პროცესი მიდის. არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ არსებობს, ყველაფერი ნეგატივზეა აგებული და ახლა ოპოზიცია რას იზამს, ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით აქაც ვერ ვიქნებით ოპტიმისტები.

წესით ეს ყველაფერი აქამდეც უნდა დამთავრებულიყო, ნორმალური ოპოზიციის, ნორმალური ალტერნატივის ფორმირების პირობებში. არ მთავრდება, რადგან როგორ ჩანს ალტერნატივა იგივე მატრიცაში არსებობს, რასაც ხელისუფალი ქმნის.

- მედიამ რა გზა უნდა აირჩიოს?

- მედიას სხვა გზა არ აქვს, უნდა გააგრძელოს და დაიცვას საკუთარი თავი, ფუნდამენტური ღირებულებები. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მედია არ იცავს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას. მედია უკვე სიცოცხლის უფლებას იცავს, ჯანმრთელობის უფლებას. ხელისუფლებას პრეტენზია აქვს, თურმე პოლიტიკაში შესულან და მხარე არიან. რა თქმა უნდა, მხარე გახდები, როცა საფუძვლიანი ეჭვი გაქვს, რომ შენს კოლეგას კლავენ და უამრავ კოლეგას სცემენ. ძალაუნებურად მხარე ხდები იმ შემთხვევაში თუ ხელისუფალი შესაბამისად არ რეაგირებს; როდესაც მთავრობა უბრალოდ ბარტყების გადმოგდებით არის დაკავებული; როდესაც პრემიერი აკეთებს კომენტარს, რომ თურმე ჩხუბი მომხდარა ქუჩაში, მეტი არაფერი და ამის გამო ვიღაც დაისაჯა. ბუნებრივია, ჟურნალისტიც ადამიანია და ეძებს სამართალს, ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.

- ისიც ვთქვათ, 5-6 ივლისის მოვლენებს რა ტიპის პასუხისმგებლობა უნდა მოჰყოლოდა ხელისუფლების მხრიდან?

- ეს რაღაც ცალკეული ინციდენტები არ ყოფილა, ეს იყო მეთოდური და სისტემური დანაშაული. სისტემურ დანაშაულს სამი ტიპის ფიგურანტი ჰყავს. ეს არის შემსრულებელი, ორგანიზატორი და დამკვეთი. შემსრულებლის დონეზე თითქოს რაღაცას რეაგირებენ, ესეც ძალიან არადამაჯერებლად. ორგანიზატორების დასჯაზე ხელისუფლება უარს აცხადებს და აქაც ვლინდება, რომ მაღალი ალბათობით ამ ყველაფრის თანამონაწილეა. ორგანიზატორის პასუხისმგებლობის დაყენების შემთხვევაში ჩნდება პირდაპირი საფრთხე, რომ დამკვეთზე გასვლა მოხდეს. აქაც საფუძვლიანი ეჭვია, რომ დამკვეთი, ყოველ შემთხვევაში სტიმულირების ნაწილში იყო ხელისუფლება, გარკვეული ჯგუფი. იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ჩანს პოლიტიკური სარგებელი ამ სიტუაციიდან.

შემსრულებლის დონეზე თუ რაიმე რეაგირებას აქვს ადგილი, დამკვეთისა და ორგანიზატორს დონეზე ხელისუფლება საერთოდ არაფერს აპირებს. ფორმალურად ვითომ ვიღაც მიიყვანეს და დაჰკითხეს, მაგრამ არაუმეტეს. მაშინ, როდესაც დანაშაულის ვიდეოჩანაწერებია იგივე მორგოშიასთან თუ სხვა ვინმესთან დაკავშირებით. მთელმა საქართველომ ნახა, თუ როგორ მოახდინა მან თავდასხმის ორგანიზება, რის პირდაპირ თუ ირიბ შედეგადაც ადამიანი გარდაიცვალა და ძალიან ბევრი გაილახა სირცხვილია- ოფისში. 

ხელისუფლება თავს იცავს. მათ არ შეუძლიათ უბრალო თავდაცვაში ჩადგომა. ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით - საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოუხადონ ჟურნალისტებს, პირიქით უფრო მაგრად უტევენ  და უკვე სიტყვიერად სცემენ. აგრძელებენ იმ აგრესიას, რაც დაიწყო ფალავანდიშვილმა. ხელისუფლება, როგორც ფალავანდიშვილის სამართალმემკვიდრე აგრძელებს ჟურნალისტების გალახვას უკვე სხვადასხვა ფორმებით.

- დაბოლოს, კრიზისი ახსენთ ყველა მიმართულებით, რამდენად განმუხტავს მდგომარეობას მომავალი არჩევნები?

- გააჩნია როგორ ჩატარდება. ჯერჯერობით ამის დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან აქაც ბევრი არაფრის შეცვლას არ აპირებენ; ნებისმიერ ფასად ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანიდან გამომდინარე. თუმცა არ მინდა ბოლომდე სკეპტიკური ვიყო. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას.

ერთადერთ შანსია ამ კრიზისიდან გამოსვლის, რომ ჩატარდეს იმ ტიპის არჩევნები, სადაც დამარცხებული აღიარებს გამარჯვებულს და მიულოცავს. სანამ ასეთი პრეცედენტი არ შეიქმნება, ჩვენ ვიქნებით პერმანენტულ კრიზისში. მანამდე კრიზისს გადალახულად ვერ გამოვაცხადებთ.     

წყარო: "გზა"

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია