მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საქართველოში ერთ ექიმზე 0,8 მეათედი ექთანი მოდის, ერთ-ერთი უარესი შეფარდებაა მსოფლიოში“ - 23 აგვისტო 2021

ბოლშევიკური დამოკიდებულება აქვს ამ მთავრობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ“

ufleba.ge

მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა საინფორმაციო საშუალება პაციენტებისა და მოქალაქეების ინფორმირებისთვის, რათა ჩვენ არ გამოვიყენოთ იძულებითი წესი მოქალაქეების ვაქცინაციისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლები მედპერსონალით უზრუნველყოფილია და თუ საჭირო გახდება, ჩაერთვებიან მოხალისეებიც, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაციაწითელ ჯვართანჰქონდა.

მედპერსონალი უზრუნველყოფილია სამედიცინო ჰოლდინგის მხრიდან, არის კვალიფიციური მედპერსონალი, რომელსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და მათ ეს არ გაუჭირდებათ. საველე ჰოსპიტალს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. დიდი სიამოვნებით ჩავრთავთ მოხალისეებს და ასევე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელიც თავისი აქტივისტებითა და მოხალისეებით ჩაერთვება პაციენტების მართვაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ მედპერსონალის ანაზღაურებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

მე დავინტერესდი, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონების მასშტაბით, რამდენად ერთგვაროვანი იყო მიდგომა იმასთან მიმართებაში თუ როგორია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. არის დადგენილება, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ არის გამოცემული, რომელიც უზრუნველყოფს და განსაზღვრავს საექიმო პერსონალის და ასევე საექთნო პერსონალის და ზოგადად კლინიკებში დასაქმებული ყველა ადამიანის სახელფასო ანაზღაურებას. გამოიკვეთა, რომ ერთი ექთნის ხელფასი დღესდღეობით არის 1400-დან 1600 ლარამდე, ვინც დასაქმებულია კოვიდ კლინიკებში. სანიტრების ხელფასი არის 600-დან 800 ლარამდე. ექიმების ხელფასი აღემატება 5 000- ლარს. იმ გარემოებების გათვალისწინებით თუ რა იყო მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი ანაზღაურება, თუმცა ასევე, შეიძლება, განვიხილოთ დანამატების კიდევ ზრდა და მენეჯმენტის გამართვა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩვენს სინამდვილეში სამედიცინო პერსონალის (მათ შორის, საშუალოს) პრობლემატიკაზე და შედეგებზე, ufleba.ge ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტს, ვატო სურგულაძეს ესაუბრა.

- საქართველოში ერთ ექიმზე 0,8 მეათედი ექთანი მოდის, ერთ-ერთი უარესი შეფარდებაა მსოფლიოში. განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში ექიმზე 4,2 ექთანია, ლუქსემბურგში 6, აშშ-ში - 5. ეს მეტ-ნაკლებად ნორმალური შეფარდებაა. ჩვენთან უკუღმაა, როცა ექიმების რაოდენობა ექთნებისას გაცილებით აჭარბებს.

შესაბამისად, პერსონალის რეალური დეფიციტია, რადგან პროფესია პრესტიჟული აღარ არის. მთავრობას და სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი აქვს, პროფესია სასურველი და კარგად ანაზღაურებადი გახადოს, არაფერს აკეთებენ. წარმოიდგინეთ, ექთნის საშუალო ხელფასი 300-დან 400-ლარამდეა, წლებია მაჩვენებელი არ იცვლება. როცა ექთანი 2013 წელს 300 ლარს იღებდა და 2021 წელში ამ ნიშნულზეა, რომელ ხარისხსა და განვითარებაზე უნდა ვისაუბროთ?

ამიტომ ცდილობენ რამდენიმე სამსახურში იმუშაონ. ასევე, მთელ მსოფლიოში 24-საათიანი მორიგეობა  მოხსნილია, რადგან აბსოლუტურად არაეფექტიანია, უშედეგოა; ასეთ რეჟიმში ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. ექთანი 24 საათს ჯერ ერთ კლინიკაში მუშაობს, მერე გადადის მეორეში, მესამეში და... გასაგებია, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი უმდაბლესია. ემატება დეფიციტი, როცა ექთნებზე მეტი ექიმები გვყავს.

- სანიტრებთან, სხვა პერსონალთან მიმართებაშიც იგივე სიტუაციაა?

- როგორც წესი, სანიტარს აღარ უწოდებენ, არის დამლაგებელი, რომელიც პაციენტს არ ეკარება და .. ექთნის ასისტენტები. აქაც იგივე მდგომარეობა გვაქვს, ანაზღაურება იმაზე ნაკლებია, ვიდრე .. პროფესიონალ ექთნებს აქვთ. ადამიანი კარგად მუშაობს, როცა ეს თვითონ და ოჯახს კარგად გამოადგება. ენთუზიაზმით შეიძლება იმუშაო ერთი თვე, ორი, სამი და მერე ესეც დამთავრდება. ელემენტარულად, ტრანსპორტის, გადაადგილების თანხა სჭირდება, საკვები, უამრავი პრობლემებია. ამიტომ მესმის, რატომ არ გვყავს საკმარისი პერსონალი.

აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა გვჭირდება. ყველა მთავრობა, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული აცხადებდა, რომ დიახ, სამედიცინო სისტემაში ბევრი პრობლემა არსებობსო. შედეგი არასოდეს არ ყოფილა.

დაბალი ანაზღაურების გარდა, უმცროს სამედიცინო პერსონალს, ექთნის ასისტენტებს, სანიტარ-დამლაგებლებს შესაბამისი მომზადებაც სჭირდებათ. პალატის დალაგებას თავისი წესები აქვს; საიდან უნდა დაიწყო დახვეტა, რომელი საწმენდი სითხით უნდა მოაპრიალო რომელი ზედაპირი და მისთ. ასე არ არის, მოვიდა დამლაგებელი და დაალაგა. მაპატიეთ, ვაგზლის და კლინიკის დამლაგებელი ერთმანეთისგან განსხვავდება. 

ერთი სიტყვით, შრომის ანაზღაურება ძალიან დაბალია, ადამიანების მონდომება და სურვილი იმუშაონ აღნიშნულ ადგილებზე, პრაქტიკულად არ არის. ან როგორც გითხარით, რამდენიმე სამსახურში მუშაობენ უარყოფითი შედეგებით.

- ჯანდაცვის მინისტრი სისტემაში საკმაოდ მაღალ ხელფასებზე საუბრობს...

- მათ შორის მინისტრის ნამუსზეა, რომ ყოველდღიურად კოვიდისგან ათეულობით ადამიანი გვეღუპება, მათი უნიათობის გამოა ეს ყველაფერი. რომელ მაღალ ხელფასებზე ვასაუბროთ, ოთხი და ხუთი თვით რომ უგვიანებენ იმაზე? არ მჯერა, ტყუილია, არავითარი მაღალი ხელფასები სამედიცინო პერსონალს არ აქვს. ახლა გამოაცხადეს, სასწრაფო დახმარების ექიმებს 500 ლარს დავუმატებთო. ამაზეც კონკრეტულად გაწერილი დოკუმენტი (ყოველთვიურად დაემატება თუ არა) არ გვინახავს. მინისტრის განცხადებები ძალიან ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება.

- რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კოვიდკლინიკებში სამედიცინო პერსონალს რა პირობებში უწევს მუშაობა?

- ძალიან ცუდი გარემოა იმ მხრივ, რომ ეს ყბადაღებული 24-საათიანი მორიგეობა საერთოდ ამოღებული უნდა იყოს. 8 საათზე მეტი ხნით არ უნდა არსებობდეს, ხარისხი ეცემა. ამ ფონზე, ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ მედპერსონალის სულ 10-12 პროცენტია აცრილი; ქვეყნისთვის ძალიან ცუდი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ჩვენი პერსონალის დაბალ განათლებაზეც მიუთითებს, რაც ვაქცინაციის პროცენტულ მაჩვენებელში აისახება.

ამ ადამიანების ელემენტარული დაცულობაც საკმაოდ დიდი პრობლემაა. თვითონ ექიმები და ექთნები ხშირად ხდებიან შემდგომში ამ ინფექციის გამავრცელებლები.

- ვაქცინაციის პროცენტი რომ ძალიან დაბალია, ეს რამ გამოიწვია?

- პირველი, განათლების პრობლემაა. მეორე, მთავრობას არავითარი პოლიტიკა არ გააჩნია ვაქცინაციის მიმართ. მივუთითებდით, რომ პროცესი ჯერ კიდევ დეკემბერ-იანვარში უნდა დაგვეწყო. და არა იაფფასიანი კლიპების გადაღება, მე ავიცერი და შენც აიცერიო. ამ შემთხვევაში პოლიტიკა უშუალო შეხვედრებია, ყოველდღიური მუშაობა. იგივე რესურს-ცენტრები არსებობს, იქ უნდა მივიდეს სპეციალისტი და უშუალოდ შეხვდეს ადამიანებს.

მე მაქვს ასეთი შეხვედრები რამდენიმე რეგიონში. ორგანიზაციამ დამპატიჟა და ეს საქმე ადგილებზე გავაკეთეთ. ადამიანს რომ ესაუბრები, უხსნი, აბსოლუტურად სხვა შედეგი აქვს. შეიძლება კიდევ ვიღაცას ეს ანტივაქსერული განწყობა ჰქონდეს და არ გაიკეთოს, პირდაპირ შეხვედრებს მაინც სასურველი შედეგები მოაქვს.

მინისტრი ყოველდღე თბილისში კი არ უნდა იჯდეს. დილით რომ ბათუმშია, საღამოს ლაგოდეხში უნდა იყოს და მომდევნო დილით ზუგდიდში. დადიოდეს კლინიკებში, ადგილზე ნახულობდეს პრობლემებს, მოუწოდებდეს და შეხვედრებს ატარებდეს თავის თანამშრომლებთან ერთად, რომ ექიმები, ექთნები, დანარჩენი პერსონალი ვაქცინირების აუცილებლობაში დავარწმუნოთ. როდესაც ამისთვის პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ, ძნელია რამე შედეგს მიაღწიო.

- თავის დროზე რატომ არ გაკეთდა?

- კარგი იქნება, თუ ამ შეკითხვას ქალბატონ ტიკარაძეს დაუსვამთ. არ გაკეთდა იმიტომ, რომ არ იციან! მეორე, პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ და მესამე, ალბათ არ უნდათ გაკეთება, - ამაზე არც კი მინდა ვიფიქრო. მაგრამ უვიცობამ, არაპროფესიონალიზმმა და უპასუხისმგებლობამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ამდენი ადამიანი გვიკვდება ყოველდღე. ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი არც ოჯახისთვისაა არაფერი, არც ქვეყნისთვის უნდა იყოს. ჩვენ კი ასე მივეჩვიეთ...

პატარა სტატისტიკური კვლევა გავაკეთე. აღმოჩნდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში რაც ჩვენი სამხედროები ოთხ კონფლიქტში დავკარგეთ, უფრო მეტი დავკარგეთ ამ წელიწად ნახევარში კოვიდპანდემიის პირობებში. ხვდებით, რა რეალობაშიც გვიწევს ცხოვრება და მუშაობა.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნათქვამზე პასუხს ვაგებ, შეცდომების 45% იმიტომ ხდება, როცა მედპერსონალის 24-საათიანი მორიგეობაა.

- რა შედეგებამდე მივყავართ?

- შედეგი ისაა, რომ ყოველდღე ხუთ ათეულზე მეტი ადამიანი გვეცლება ხელიდან და ამაზე ვიღაცამ აუცილებლად პასუხი უნდა აგოს; ხაზს ვუსვამ, არაპროფესიონალიზმისა და პირდაპირი დაუდევრობის შედეგია. არ არის საუბარი მძიმე პაციენტებზე, თანმხლები დაავადებებით, ასაკიანებზე. 38, 42-43 წლის მოქალაქეები გვეღუპებიან. პირველ ადგილზე ვართ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილების რაოდენობით, მით უმეტეს ბოლო სამ-ოთხ თვეს თუ ავიღებთ.

- ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ?

- ნამდვილად ვერ გრძნობენ. .. მთავრობის, ამხანაგი პრემიერის გამოსვლებში მუდმივად ჟღერს, რომ თურმე ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი, სამთავრობო სტრუქტურები რომ ვერ მუშაობენ. რომ გრძნობდნენ ელემენტარულ პასუხისმგებლობას, ნამუსი ექნებოდათ და გადადგებოდნენ. მაგრამ ნამუსი ჩვენში, ცოტა არ იყოს, დეფიციტური საქონელი გახდა. გადადგებოდნენ და იტყოდნენ, ჩვენ არ შეგვიძლია, მოდით სხვებმა და ვისაც შეგიძლიათ ეს საქმე გააკეთეთო.

არადა, გაკეთებადია ეს საქმე. არ გეგონოთ, რომ რთულია და .. უბრალოდ, შრომატევადია და ცოდნა სჭირდება, რასაკვირველია.

- გამოსავალი სად გვაქვს?

- კარგი მართვა გვჭირდება. წინა პერიოდები ვინც ჩააგდო, ზუსტად იგივე ხალხი მართავს ახლაც სიტუაციას. თუ არ ჩავთვლითკრიზის-მენეჯერგახარიას, რომელიც პარტიაში თურმე ბოლოს უძახოდნენ. შეიცვალა მხოლოდ .. პრემიერი, ამხანაგი გახარია ამხანაგი ღარიბაშვილით, დანარჩენი იგივე ხალხი დარჩა. ისინი,  ვინც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. როგორც ვატყობ, ვერაფერი ისწავლეს.

თუ გვინდა შედეგი შევცვალოთ, ამისთვის უნდა შეიცვალოს სისტემა. თუ ამას არ გავაკეთებთ, ქვეყანა პრობლემებს თავს ვერ დავაღწევთ. ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის არაფერია, ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, სხვაზე რა უნდა ვისაუბროთ. ისე გვაცნობენ გარდაცვლილების რაოდენობას, არც კი ვიცი რა გითხრათ. ბოლშევიკური დამოკიდებულება აქვს ამ მთავრობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ.

ხოლო სამედიცინო პერსონალის დეფიციტთან დაკავშირებით რეალური მუშაობა მაინც უნდა დავიწყოთ მოგვარებაზე. ამის უცებ გამოსწორება რთული იქნება, დიდხნიანი და მიზანმიმართული  მუშაობა დასჭირდება.   

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია