მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა - 20 სექტემბერი 2021

იცლება ქვეყანა სპეციალისტებისგან. ყველა სფეროში გაჩნდა საკადრო შიმშილი და მათ ადგილს უცხოეთიდან შემოსული სამუშაო ძალა იკავებს“

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, 2021 წლის II კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია ,ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.3 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით,ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.7 პროცენტული პუნქტით.

გარდა ამისა, 2021 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2021 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში- 6.2 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის IIკვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 5.7 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.7 პროცენტს, ხოლო კაცებში 63.7 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.0 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის II კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 0.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

ამ ფონზე, ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 66 609 ადამიანით გაიზარდა და 2021 წლის ივლისში 622 266 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 487 790 ადამიანი იღებდა. ზრდა 27,5%-ია.

გაიზარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ივნისში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 054 567-, ივლისში კი 1 059 422-.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 728 600 ადამიანი ცხოვრობს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი ღატაკია და ფულად შემწეობას სახელმწიფოსგან იღებს, თითქმის ყოველი მე-3 კი ფიქრობს, რომ ღარიბია და მას დახმარება სჭირდება.

სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემების შეფასება პარლამენტის წევრ (ენმ) რომან გოცირიძეს ვთხოვეთ.

- ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 2015 წელთან შედარებით საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 86 ათასი ადამიანით შემცირდა. იყო 1,3 მილიონი, ახლა არის 1,214 მილიონი. ეს ნიშნავს, თუ ქვეყანაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, უფრო მეტი იკარგება. რეალურად, კლებულობს სამუშაო ადგილები ყოველწლიურად.

ერთია, მცირდება სამუშაო ადგილები და მეორეა, რომ მცირდება სამუშაო ძალაც, .. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. ამაში 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები იგულისხმებიან. გადის ხალხი ქვეყნიდან.

2015 წელს სამუშაო ძალა შეადგენდა 1,675  მილიონ ადამიანს, დღეისათვის 1,559 მილიონია. ეს ნიშნავს, რომ ხუთ წელიწადში 116 ათასმა ჯან-ღონით სავსე ადამიანმა დატოვა ქვეყანა და წავიდა უცხოეთში სამუშაოს საძებნელად. სხვათა შორის, უცხოეთიდან გადმორიცხვების მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესაა.

იცლება ქვეყანა სპეციალისტებისგან. ყველა სფეროში გაჩნდა საკადრო შიმშილი და მათ ადგილს უცხოეთიდან შემოსული სამუშაო ძალა იკავებს.

ცნობილი ამბავია,  რომ ჯერ კიდევბაქო-თბილისი-ჯეიჰანისმშენებლობისას საქართველოში ვერ იპოვეს შემდუღებლები (ყველა რუსეთში იყო წასული სამუშაოდ), რომლებიც მილსადენებზე იმუშავებდნენ. იქ ინდოელები და სხვა ქვეყნებიდან შემოყვანილი ადამიანები მუშაობდნენ.

ასე რომ, სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოცხადებულ მშრალ რიცხვებში უფრო დიდი პრობლემები იმალება - სიღარიბის ზრდა აქ და ემიგრანტის (ძირითადად არალეგალურის) მძიმე ხვედრი იქ.

უმუშევრობის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მძიმე მონაცემებიც სანდო არაა. ეს უწყება ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლოდ იტყუება. გვეუბნება, თურმე ყოველი 10 ზრდასრული ადამიანიდან, რომელიც თქვენს სადარბაზოში ცხოვრობს, 8 მუშაობსო. ასეა თუ არა, თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

ოფიციალური სტატისტიკით, თურმე სოფლად მხოლოდ 16 პროცენტია უმუშევარი (ასეთია დათვლის მეთოდოლოგია). სინამდვილეში რა მდგომარეობაა ამ მხრივ სოფლად, ყველა კარგად ხედავს.

სამომხმარებლო ფასების ზრდის შესახებ ბოლო თვეების მონაცემები რომ ავიღოთ, კარგად ჩანს, თუ როგორ ღარიბდება მოსახლეობა; ივლისის თვეში წლიური ინფლაცია იყო 11,9 პროცენტი. თუ ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე შენარჩუნდა, ეს იქნება ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 24 წლის განმავლობაში. უარესი მხოლოდ 2016 წელს იყო - 13,8 პროცენტი.

მთავრობის პასუხისმგებლობა განუსაზღვრელად დიდია შექმნილ ვითარებაზე. კატასტროფული მდგომარეობა პანდემიის მართვაში და ამდენი ადამიანის მსხვერპლი დიდწილად მთავრობის სინდისზეა. როგორ იქნება ეკონომიკური მდგომარეობა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, ეს ვირუსის გავრცელების მართვაზე იქნება დამოკიდებული. ამ მთავრობას ამის უნარი რომ არა აქვს, ეს დღესავით ნათელია.

ამიტომ გამოსავალი ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში უკვე არ დევს ეკონომიკურ სიბრტყეზე - ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. ცვლილებების გარეშე სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ.

რადგან მონაცემთა სანდოობა ვახსენეთ, შეიძლება ამ პრობლემაზეც ითქვას - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მონაცემი არაა სარწმუნო - არც მთლიანი შიდა პროდუქტი, არც ინფლაცია, არც უმუშევრობა, არც ინვესტიციები, არც დემოგრაფია, არც მიგრაცია და . . ეს სამსახური უნდა გამოვიდეს მთავრობის დაქვემდებარებიდან, რადგან ემორჩილება პოლიტიკურ კონიუნქტურას და პარლამენტის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს.

 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 

სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია