მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აფგან მუხთარლის გატაცებამ სხვები გადაგვარჩინა - დაშგინ აგალარლი - 30 სექტემბერი 2021

ივანიშვილი პრაქტიკულად ვაჭრობს აზერბაიჯანთან, როგორც წარმატებული ბიზნესმენი, ეს ხაზი პოლიტიკაშიც გრძელდება, საქართველო აქტიური აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტების გარეშე დარჩა“

ufleba.ge

დაშგინ აგალარლი ოპოზიციონერი აქტივისტია, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით, თავის დროზე, საქართველოც დაატოვებინეს. ამჟამად ლტოლვილის სტატუსით ნორვეგიული თავშესაფრიდან აგრძელებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. მისი ნაამბობი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს უკანონო პროცესს, როგორ ხდება ავტორიტარული სახელმწიფოს (ქვეყნების) მხრიდან უდანაშაულო ადამიანის დევნა-შევიწროება. 

ჩვენ დაშგინ აგალარლის ნორვეგიაში დავუკავშირდით.

- ბატონო დაშგინ, თავის დროზე რამ გაიძულათ დაგეტოვებინათ სამშობლო?

- 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პოლიტიკურად აქტიურობის გამო ხელისუფლება მითვალთვალებდა. სახსარს ყოველთვის აზერბაიჯანს გარეთ ვშოულობდი, თურქეთში, უკრაინაში და სხვ. კიევში დიასპორის წარმომადგენლებს მოვუწოდებდით, არჩევნებში დემოკრატიული ძალების კანდიდატისთვის მხარი დაეჭირათ. ვთანამშრომლობდი მედიასთან, როგორც რეპორტიორი და ექსპერტი. ბაქოში დემოკრატიული არჩევნები არ სურდათ, სერიოზულ ოპოზიციურ კანდიდატებს მონაწილეობა არ შეეძლოთ, ფორმალური კენჭისყრა ტარდებოდა. დაგვიწყეს დევნა და ჩემ წინააღმდეგაც საქმე აღძრეს. თითქოს გადასახადების გადახდაზე უარს ვამბობდი იმ დროს, როცა აზერბაიჯანში გადამხდელი არც ვყოფილვარ; იქ 1993 წლიდან არ მიმუშავია. შემდგომ გაირკვა, რომ დამნაშავე არ ვყოფილვარ. რეალურად, ქვეყანა არ დამიტოვებია, ამ შეკერილი საქმეების გამო ვერ ვბრუნდებოდი.

- არჩევნების შემდეგ ცხოვრება სად გააგრძელეთ?

- ვგრძნობდი დამაპატიმრებდნენ, ამას პროვოცირებით გამიკეთებდნენ. კიევში აზერბაიჯანიდან წერილი ჰქონდათ, მათთვის გადავეცი. 2013 წლის ივლისის შემდეგ გადავედი თურქეთში, საიდანაც ასევე ითხოვდნენ გადაცემას (ალიევის ოჯახური დინასტიის კრიტიკის გამო). თურქებმა მომთხოვეს ქვეყანა დამეტოვებინა, რათა არ დავეპატიმრებინე. მითხრეს - ყველაფერი გვესმის, აქ თვალწინ ცხოვრობ, ისიც ვიცით, რატომ ითხოვს აზერბაიჯანი, შენ გამო აზერბაიჯანთან ურთიერთობას არ გავიფუჭებთო; გთხოვთ, ერთ კვირაში ქვეყანა დატოვეო. ასევე მოითხოვდნენ დამეტოვებინა არა საჰაერო, არამედ სახმელეთო გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მაინც დამაპატიმრებდნენ. იძულებით საქართველოში გადმოვედი. თურქულ საზღვარზე არა, მაგრამ ბათუმის მხარეს მესაზღვრეებმა დამაკავეს.

- რა გითხრეს?

- აზერბაიჯანიდან წერილი, დამნაშავეების გადაცემაზე ხელშეკრულება გვაქვს, იძულებული ვართ დაგაპატიმროთო. მერე მითხრეს, ინტერპოლის მოთხოვნით დაგაკავეთ, მათ სიაში ხარ წითელი ხაზითო. რეალურად ვიცოდი, რომ 7 მარტიდან მოყოლებული ინტერპოლის სიაში ვიყავი, მაგრამ 1 მარტს (2014 წელია) სარფის საზღვარზე დაკავებისას აღნიშნულ სიაში ჯერ არ ვყოფილვარ.

- „საქმეროგორ გაგრძელდა?

- სამი დღე ბათუმში ვიყავი დაკავებული. შემდეგ სასამართლოში წამიყვანეს, სამთვიანი პატიმრობა მომისაჯეს, ქუთაისის ციხეში გამგზავნეს. ერთი თვე იქ ვიყავი, 28 მარტს თბილისის ციხეში გადამიყვანეს, ორთაჭალაში. ოღონდ იქ სულ ერთი დღე ვიყავი, გლდანში გადაყვანილი 29 აგვისტომდე ვიჯექი.

- ამის შემდეგ რა ხდება?

- რასაკვირველია, თავშესაფრის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მივმართე. დროის გადაწევა მჭირდებოდა, რათა ახლობლებს მოვეძებნე; ვერავინ მპოულობდა, მეგობრების მიერ ქუთაისში დაქირავებული ადვოკატი ჩემთან არ მოვიდა. შემდეგ გავიგეთ, ქუთაისში აზერბაიჯანის საელჩოსთვის შინაური კაცი ყოფილა. ყველა მოატყუა, რომ ჩემთან იყო შემოსული, არ ყოფილა! მან ჩემი ძმისგან და მეგობრებისგან 5 ათასი ლარი (მაშინდელი კურსით 2500 დოლარი) აიღო.          

- შეგიძლიათ მისი ვინაობა გვითხრათ, „ქვეყანა თავის გმირებს უნდა იცნობდეს...“

- პაატა ბერგაძე, ქუთაისელი ადვოკატია.

შემდეგ თანასაკნელის საშუალებით თბილისში ადვოკატი მოვძებნე. ამ დროისთვის მეგობრებმა, უფლებადამცველებმა ჩემი ადგილსამყოფელი გაიგეს; „ადამიანის უფლებათა სახლიდან“ (თბილისი) ადვოკატი, თამარ ავალიანი  გამომიყვეს. პატიმრობა კიდევ სამი თვით გამიგრძელდა. ადვოკატებმა დოკუმენტები შეაგროვეს და დაამტკიცეს, რომ არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური საქმეა. 29 აგვისტოს სასამართლომ ხელწერილის ქვეშ გამათავისუფლა.

- თბილისში ცხოვრობდით?

- დიახ, ადამიანის უფლებათა სახლის ადვოკატები მიცავდნენ, ცალკეც მყავდა. მაგრამ საქართველო პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს მეუბნებოდა. დევნილების სამინისტრომ მომწერა, თქვენს საქმეს პოლიტიკურად ვაღიარებთ, ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების მიზნით, არ შეგვიძლია ლტოლვილის სტატუსის მონიჭებაო. 23 ივნისს (უკვე 2016 წელია) თბილისის სასამართლომ ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა და ლტოლვილის სტატუსი მომცა; დევნილთა სამინისტროს დაავალა სტატუსის გაცემით დოკუმენტი განეახლებინა. სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც საქმე 2017 წლის 28 თებერვალს განიხილა. იმ დროისთვის ჩვენი დიასპორული ჯგუფის მიმართ დისკრიმინაცია ხდებოდა. ძირითადად ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებზე და აქტივისტებზე დიდ ზეწოლა იყო როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე იგრძნობოდა, ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობდნენ. 21 მარტს სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დევნილთა სამინისტროს სარჩელი და სტატუსზე უარი მითხრა. იგივე დაწერა, რომ საქართველოს უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოვადგენ.

- რა შედეგი გამოიღო?

- მითხრეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ხელზე მიღების შემდეგ ქვეყანაში ცხოვრება მაქსიმუმ ერთი თვით შემიძლია. მაგრამ პასპორტი არ დაუბრუნებიათ. შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, გთხოვთ შევხვდეთ, მაგრამ არა ოფისშიო; ღიად მეუბნება, რომ შეიძლება ხელი შეუწყოს ჩემს შეხვედრას მის კოლეგებთან აზერბაიჯანიდან, ანუ იქაურ უშიშროების მუშაკებთან, ისევ ჩემი უსაფრთხოების მიზნითო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, მაშინვე ადვოკატს, თამარ ავალიანს, ასევე საქართველოში გაეროს დევნილთა კომისარიატს მივმართე. მათაც ორი იურისტი გამომიყვეს. მირჩიეს, საქართველოს უშიშროების წარმომადგენლებს მხოლოდ ოფისში ადვოკატების თანდასწრებით შევხვედროდი.

ერთ თვეში ჩვენი მეგობარი, აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელი აფგან მუხთარლი გაიტაცეს. მეორე დილით პოლიციას მივმართეთ, პრესკონფერენცია მოვაწყვეთ. პრესკონფერენციის შემდეგ ისევ დამაპატიმრეს და ორთაჭალაში, პირველ განყოფილებაში გადამიყვანეს. აფგანის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და სხვა მეგობრები იქ მოვიდნენ, ასევე ქართველი და უცხოელი უფლებადამცველები. დიპლომატიური კორპუსიც ჩაერია, სადღაც სამ საათში ბოდიში მომიხადეს, გამათავისუფლეს. ლეილა მუსტაფაევასთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზეც ვიყავით; ბოდიში მოგვიხადა, შეცდომა იყო დაშვებულიო. ვუთხარი, შეცდომა არ ყოფილა, რადგან ჩემს პასპორტს არ მაძლევთ-მეთქი. საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა სულ ერთი თვე მქონდა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელზე 8 მაისს მომცეს. ანუ 8 ივნისს ეს ვადა სრულდება და აზერბაიჯანში დეპორტირებას გამიკეთებთ უკვე კანონიერად, ამას ექსტრადირების სახელით მოახდენთ-მეთქი.           

საქართველოში პრაქტიკულად ყველა ჩვენს დასაცავად ფეხზე დადგა. პიკეტები გაიმართა პარლამენტის, მთავრობის სახლის, უსაფრთხოების სამსახურის წინ. ყოველდღე ვიმეორებდით, რომ აფგან მუხთარლი თბილისიდან აბსოლუტურად უკანონოდ და ძალადობრივად გაიტაცეს. 8 ივნისს დამირეკეს პროკურატურიდან, ადვოკატთან ერთად მივედით და პასპორტი დამიბრუნეს. საქართველო მაინც არ დავტოვე, რადგან აფგანის ოჯახი იქ იყო, ჩვენი მეგობრები საფრთხეში იყვნენ. დავრჩი და აფგანის გატაცებას ვასაჩივრებდით. ლეილას ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად მაშინდელ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც შევხვდით. 11 ოქტომბერს ლეილამ, ბოლოს და ბოლოს, დატოვა თბილისი და ძველი კოლექტივიდან მარტო დავრჩი. 2018 წლის 23 იანვარს ვიზა მეც მივიღე, შვილის გამო ისევ დავრჩი; შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლობდა. დიპლომატიური კორპუსიდან გარანტიები მომცეს, ჩემი შვილის უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. საქართველოს ხელისუფალნი ქვეყნის დატოვებას მთხოვდნენ, რადგან ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდა. 24 მარტს საქართველო დავტოვე, მიუნხენის გავლით ნორვეგიაში ჩავფრინდი. დევნილის სტატუსის მიღების შემდეგ მოკლე ვიზიტით გერმანიაში ჩავედი, აფგანის ოჯახის მოსანახულებლად. შარშან, 6 იანვარს დაბრუნებისას პოლონეთში ისევ დამაპატიმრეს. მითხრეს, რომ ეს იყო აზერბაიჯანის მოთხოვნა. ნორვეგიის ხელისუფლება ჩაერია, ყველა შესაბამისი დოკუმენტი გამოგზავნა, რომ იქ დევნილი ვარ და უნდა დავბრუნდე. ამის მიუხედავად, პოლონეთში 12 თვე დავყავი, კორონავირუსის გამო სასამართლო სხდომა შეფერხდა. ამ ხნის განმავლობაში პოლონეთში ჩარჩენილმა ინფარქტი გადავიტანე, ანგიოგრაფია ჩამიტარეს და სტენტი ჩამიდგეს. 16 ნოემბერს შევძელი ნორვეგიაში დაბრუნება.  ოფიციალურად პოლიტიკური დევნილის სტატუსი მაქვს.

- როგორ შეეგუეთ ახლანდელ საცხოვრებელ ადგილს, რა პრობლემები გაქვთ მიგრანტებს?

- უსაფრთხოების პრობლემა არ დგას, რადგან სამშობლოდან ძალიან შორს ვარ. საქართველოში ყოფნის დროსაც პრაქტიკულად თავს შინ ვგრძნობდი. უპირველესად, ძალიან მსგავსი მენტალიტეტი, ადათ-წესები და სახლთან სიახლოვეა. ძალიან ხშირად ოჯახის წევრები მნახულობდნენ, მეგობრებს ვხვდებოდი, ვაგრძელებდი როგორც საზოგადოებრივ, ასევე უფლება დაცვით, პოლიტიკურ საქმიანობას. აქ ჩემი ძირითადი დრო იხარჯება ენის შესწავლაზე და მკურნალობაზე. ვცდილობ მოვლენებს თვალყური ვადევნო, მიმდინარე პროცესებზე პოზიცია გამოვხატო.

სამშობლოში ვერ დავბრუნდები, რადგან აზერბაიჯანული პასპორტიც აღარ მაქვს. დაველოდოთ, რომ იქ სხვა რეჟიმი იქნება, სამართლიანი და დემოკრატიული. ჯანმრთელობის მხრივაც აქ კონტროლქვეშ ვიმყოფები.

- როგორ ცხოვრებენ პოლიტიკური დევნილები ნორვეგიასა და ევროპაში, რა სირთულეების წინაშე დგანან?

- ბევრი ემიგრანტი აქტიურ პოლიტიკურ მუშაობას არ აგრძელებს ისე, როგორც ადრე აკეთებდა. აზერბაიჯანი ყველას თვალყურს ადევნებს, ხშირად მათზე სხვადასხვა ინსტანციებს, სასამართლოებს მიმართავს, ინტერპოლს გადასცემს. სამწუხაროდ, ინტერპოლი ავტორიტარულ რეჟიმებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მათი განცხადებით ადამიანები ძებნილთა სიაში შეჰყავთ. რა თქმა უნდა, ევროპაში დიდხნიანი დაკავება არ არის, ექსცესები უფრო აღმოსავლეთ ევროპაში გვხვდება. მაგალითად, უკრაინასა და თურქეთში ბევრი ჩვენი აქტივისტი დააკავეს, ზოგიერთი გადასცეს კიდევაც. ასე იქცეოდა თურქეთი. უკრაინამ დააკავა, მაგრამ არ გადასცა; ვინც გადასცა, მათ ლტოლვილის სტატუსი არ ჰქონიათ. აზერბაიჯანიდან ლტოლვილი ჰოლანდიის მოქალაქეც კი ორი წლის წინ უკრაინაში დააკავეს, მაგრამ არ გადასცეს. დაახლოებით ოთხი თვე უკრაინის ციხეში იჯდა. მოკლედ, ხელისუფალნი თვალყურს ადევნებენ და ცდილობენ ემიგრანტები დაკავებული იყვნენ საკუთარი პრობლემებით და არა ხელისუფლების კრიტიკით.

- საქართველოში აფგან მუხთარლის გარდა, გადაცემის სხვა შემთხვევა ხომ არ ყოფილა?

- ექსტრადიციის შემთხვევა არ მახსოვს. ჩემთან დაკავშირებით იყო ეს საფრთხე, მაგრამ აფგან მუხთარლის გატაცებამ სხვები გადაგვარჩინა. ამ მომენტისთვის ძლიერი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი საქართველოში არ არის ან ძალიან ცოტანი არიან. სულ ორი ვიცოდი, ამასწინათ ერთ-ერთი მათგანი, ბლოგერი-ჟურნალისტი გუსეინ ბაქიხანოვი გარდაიცვალა, სასტუმროსტამბიდანთავი გადმოიგდო თუ გადმოაგდეს. ეს ამბავიც აფგანის გამოძიებიდან გავიგე. ეჭვია, ესეც ბუნებრივი სიკვდილი არ ყოფილა, ეხმარებოდნენ. პოლიცია მის დაღუპვას 10 დღე მალავდა. სამწუხაროდ, მტკიცებულება არ გვაქვს და ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, რომ ამაში ან ადგილობრივი ან აზერბაიჯანელი სპეცსამსახურები ჩარეული იყვნენ.

- მეორე შემთხვევა რომელია?

- ასევე დააპატიმრეს ავთანდილ მამედოვი, მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ მომენტისთვისტვ ობიექტივშიმუშაობს. სწრაფადვე გაათავისუფლეს, 3 ათასი ლარის გირაო გადაიხადა. ვიცი, მის მიმართ განსაკუთრებული საფრთხე არ არსებობს.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული გზიდან გადაუხვია, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. გვესმის, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა საჭირო და მნიშვნელოვანია. მაგრამ პოლიტიკური თანამშრომლობისას ადამიანის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს, რეპრესიებს მხარს არ უნდა უჭერდნენ. ივანიშვილი პრაქტიკულად ვაჭრობს აზერბაიჯანთან, როგორც წარმატებული ბიზნესმენი. ეს ხაზი პოლიტიკაშიც გრძელდება. საქართველო პრაქტიკულად აქტიური აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტების გარეშე დარჩა.

- სამშობლოში არსებულ მდგომარეობას როგორ აფასებთ?

- ადრე იყო კორუფცია და რეპრესია. დღეს არაერთმნიშვნელოვანი სიტუაციაა. ბოლო 44-დღიანი ომის შემდეგ ხელისუფლებას ერთგვარი გმირული იმიჯი ჰქონდა და ბევრი უკანონობის ჩადენა შეეძლო. მათ ნაკლებად აკრიტიკებდნენ, გამარჯვებულებს ხომ არ განიკითხავენ. ეს იყო მცდარი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გარკვეული ტერიტორიები ოკუპაციიდან იქნა გათავისუფლებული. ადრე თუ გვიან ასე მოხდებოდა, სომხეთიც აღიარებდა, რომ ეს მიწები ბუფერულ ზონებად დაიპყრეს ყარაბაღის უსაფრთხოებისთვის. მაგრამ ორივე მხარემ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დავკარგეთ. შედეგად, ყარაბაღში რუსული ჯარები ჩადგნენ. ეს უკვე რეალური საფრთხეა მთელი კავკასიისთვის. რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაიღო და იქ გამაგრდა, სომხეთშიც იყვნენ, აზერბაიჯანში არ ყოფილან. ეს იძლეოდა იმედს, ადრე თუ გვიან მთელ კავკასიას დატოვებდნენ. დღეს არათუ წავიდნენ, ახალ ადგილებზე მოვიდნენ ყარაბაღში, სადაც სამომავლოდ ომის საფრთხე ისევ რჩება.

ეს ომი რუსეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის იყო შეთანხმებული. მოსკოვმა იცოდა თანხმობას რატომ აძლევდა, ყარაბაღში თავის ჯარს შეიყვანდა; დასჯიდა ფაშინიანს, რომელმაც სახე ცოტა ევროპისკენ იბრუნა; ხალხის მიერ იყო არჩეული, მისი მხარდაჭერა ჰქონდა;.ვისაც დემოკრატიული იმიჯი გააჩნია, რუსეთი ყოველთვის მტრად მიიჩნევს. იმის მიუხედავად, რომ სომხეთი რეგიონში რუსეთის ფორპოსტია, ხალხმა გამონახა ძალა, პრორუსული ხელისუფლება დემოკრატებით შეეცვალა. სამწუხაროდ, აზერბაიჯანში პრორუსული ხელისუფლებაა; რუსეთის ფორპოსტი არ ყოფილა, რადგან ყოფილმა ხელისუფლებებმა ქვეყანა რუსული ჯარებისგან დაიცა. ამ შეთანხმებულმა ომმა ორივე მხრიდან 7 ათასზე მეტი ახალგაზრდის სიცოცხლე წაიღო. ესენი ყველაზე აქტიური და გმირი ხალხი იყო. კი ბატონო, აზერბაიჯანს გათავისუფლების უფლება ჰქონდა, ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, საერთო ენას მოვნახავდით ერთობლივ ცხოვრებაზე მთიან ყარაბაღში. დღეს იმედი ნაკლებადაა; სადაც რუსული ჯარები დგას, ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, დიქტატურა და სისხლია. ეს საკუთარი გამოცდილებითაც კარგად მოგეხსენებათ. ალიევმა თანხმობა მისცა, რადგან იცის, ადრე თუ გვიან ხალხი მას გააძევებს. ამ დროს საკუთარმა ჯარმა შეიძლება ხალხზე ხელი არ აღმართოს, რუსეთის ჯარებს გამოიყენებს. ამის მეშინია. სხვა ახსნა არ მაქვს, როცა წარმატებული სამხედრო ოპერაციისას ყარაბაღში რუსული ჯარები მოდიან არა ხელშეკრულების, არამედ პუტინ-ალიევის (იძულებით ფაშინიანის) ზეპირი განცხადების საფუძველზე. დღეს ყველაზე სტრატეგიულ წერტილებში დგანან და ოკუპაციას აგრძელებენ. ალიევიც თანახმაა, რადგან ადრე თუ გვიან ეს ჯარები დასჭირდება.

- საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციაზე, სააკაშვილის დაპატიმრებაზე რას გვეტყვით?

- ვიცი, რომ სტრატეგიულ ადგილებში მეორე ტური გაიმართება. ამ დროს სააკაშვილი ბრუნდება საქართველოში, გაბედულ ნაბიჯად მივიჩნევ. ის არაერთმნიშვნელოვანი პოლიტიკოსია. 21- საუკუნის კავკასიაში, მთელ რეგიონში რეფორმების ლიდერია. უსისხლო გზით ქვეყანაში ავტორიტარიზმი დაამხო, სამართლებრივ სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა. ქვეყანამ სწრაფად დააღწია თავი კორუფციას და დანაშაულებრივი სამყაროს გავლენას. მაგრამ ყოველთვის იყო დემოკრატი და კანონების მიხედვით მოქმედებდა? თბილისური პერიოდიდან ვიცი, მის დროსაც უკანონობები ხდებოდა. რაღაცაში იძულებული იყო, სხვაგან თვალს ხუჭავდა და .. მაგრამ იყო და დღესაც რჩება რევოლუციური რეფორმების ლიდერად რეგიონში. დაბრუნება სწორი ნაბიჯია, ყოფილი ქვეყნის ხელმძღვანელი საზღვარგარეთ დიდხანს არ უნდა იმყოფებოდეს. ძალიან ბევრი იცის და ამ ქვეყნის სიმბოლოა. ოდესის გუბერნატორად დანიშვნის დროსაც ამის წინააღმდეგი ვიყავი. მივწერე კიდეც, არ ვიცი წაიკითხა თუ არა. მისი დაპატიმრება ამჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულია, საქართველოს შეურაცხყოფაა. ორი ვადით ხელმძღვანელობდა, ძალიან ბევრი, პატივისცემა მოუტანა. ამიტომ ვითხოვთ მის გათავისუფლებას უფრო დემოკრატიული და ძლიერი საქართველოსთვის. თბილისში მეტი თავისუფლება უნდა იყოს და არა ისე როგორც აზერბაიჯანში ხდება, ადამიანების დაპატიმრება და ..

და ბოლოს, ღრმა მწუხარება მინდა გადმოგცეთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მთელ ქვეყანას.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია