მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა პროფესიულ არჩევანს აკეთებენ ჩვენი აბიტურიენტები? - 04 ოქტომბერი 2022

პატარა ქვეყანაში ამდენი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი რაში გვჭირდება, როცა დიპლომატიაში დაახლოებით სამასი კაცია დასაქმებული“

რა პოპულარული პროფესიებია დღევანდელ ახალგაზრდობაში, როგორ ირჩევენ, რამდენად გააზრებულია ეს გადაწყვეტილება და .. ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე განათლების საკითხებში ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო მანანა, რა პროფესიულ არჩევანს აკეთებენ ძირითადად ჩვენი აბიტურიენტები?

- იურიდიული, ბიზნესადმინისტრირება და საერთაშორისო ურთიერთობები, მთავარი არჩევანი ესენია.

- გადაწყვეტილებას თავად იღებენ თუ ოჯახური (მშობლების) რჩევებიდან გამომდინარე?

- აბსოლუტურად გაუაზრებლად ხდება. რაც ჩვენთან საერთაშორისო ურთიერთობის დისციპლინაზე ადგილებია, ამდენი სპეციალისტი ჩინეთის სახელმწიფოს არ სჭირდება. აშშ-, ბრაზილიას, ინდოეთს, რუსეთს, დიდ სახელმწიფოებს ერთად აღებულს არ სჭირდებათ ამდენი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი. იქ ყველაფერი დაგეგმილია. ჩვენში კი, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სასწავლებლებში ამოუწურავი ადგილებია; ანგარიშმიუცემლად ყველა იქ აბარებს და დიპლომატობა სურს. 

ეს პროცესი დიდი ხანია გრძელდება - ბოლო 25 წელია ისტერიულად აღნიშნულ ფაკულტეტებს ირჩევენ. რასაკვირველია, ეს ხალხი ვერ საქმდება, აღნიშნული ჯაჭვი მაინც არ წყდება. ნორმალურ ქვეყნებში ეს ადგილები გეგმაზომიერად გამოყოფილია, რაც რეალურად სჭირდებათ. ჩვენში არავინ არაფერს გეგმავს. არასწორი პოლიტიკით ხალხს ატყუებენ.

- ასეთ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს რით ხსნით?

- პირდაპირი პასუხის გაცემა არ მსურს. ერთი დიდი სისულელეა, სხვა რა შეფასება შეიძლება ჰქონდეს. პატარა ქვეყანაში ამდენი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი რაში გვჭირდება, როცა დიპლომატიაში დაახლოებით სამასი კაცია დასაქმებული.

- თვითონ აბიტურიენტებს რატომ არ შეუძლიათ უფრო გამართლებული არჩევანის გაკეთება?

- მთავარია სახელმწიფომ არ დაუშვას ადგილები, რაზეც მოთხოვნა არ არსებობს; რამდენიც საჭიროა, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში იმდენივე ადგილი იყოს განთავსებული. 25 წელია ოჯახები ამ მცდარ არჩევანს აკეთებენ ბავშვებთან ერთად, ვერ საქმდებიან, მაინც  იმეორებენ; სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს ეს პროცესი. ტყუილად იხარჯება ფული, დრო ცდება. ამ სპეციალობებზე გრანტის ნაწილიც ხომ არის, როცა საერთოდ არ უნდა ვრცელდებოდეს; სახელმწიფო თავის ადგილზე რომ იდგეს და არასწორი, სიცრუეზე აგებული საგანმანათლებლო პოლიტიკა არ ჰქონდეს.

- ასეთი კურსდამთავრებულები მერე სად მიდიან?

- არსადაც არ მიდიან, უმეტესობა დაუსაქმებელია. ზოგიერთი საზღვარგარეთ მიდის უბრალო სამუშაოზე. ქვეყნის შიგნით  უმუშევრები, ანდა მომსახურების სფეროში დასაქმებული არიან.

- მაშინ რომელ სპეციალობებზეა დღეს მოთხოვნები, სადაც დასაქმების პერსპექტივაც უფრო რეალურია?

- საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები, რა პრიორიტეტებიც სახელმწიფოს სწორად აქვს განსაზღვრული. სხვათა შორის, ეს პრიორიტეტი ცოტა მოგვიანებით ნაციონალებმა განსაზღვრეს და დღესაც ძალაში დატოვებულია. ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებზე, საინჟინრო მიმართულებაზე დეფიციტია. საბუნებისმეტყველოში აგრარული მიმართულებაც შედის.

- ამ მიმართულებით თუ აძლევს უმაღლესი სკოლა სათანადო ცოდნას?

- რაც ჩამოვთვალე იმ ფაკულტეტებზე ათჯერ და ასჯერ მეტ ცოდნას აძლევს. ჯერჯერობით ამ დარგებში გვყავს სპეციალისტები, მაგრამ უკანასკნელი მოჰიკანები არიან. ეს თაობა წავა და მერე უკვე სპეციალისტებიც აღარ გვეყოლებიან - კვალიფიციური აკადემიური დოქტორები ფიზიკა-ქიმიის, და ბიოლოგიის. ასე თუ გაგრძელდა, ცნობილი ქართული მათემატიკური სკოლაც პოზიციებს დათმობს.

- რატომ?

- სპეციალისტები არ მზადდებიან. არავინ არ აბარებს, კვალიფიციური აგრონომების, ვეტერინარის დარგში ექიმების დეფიციტია, საინჟინრო მიმართულების სპეციალისტების ნაკლებობა გვაქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანაში ნორმალური ინჟინერი არ გვჭირდება? საინჟინრო და ზუსტ საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე სტუდენტები მოდიან და ისტორია აქვთ ჩაბარებული. ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ მინისტრ ბატიაშვილის რეფორმით. დღემდე არ ცვლიან. სააკაშვილის გაკეთებული მავნებლური რეფორმებიც  ძალაში დატოვეს. ამათ კიდევ გაფურჩქნეს. ამ მხრივ, ნაცებსა და ქოცებს შორის არანაირი სხვაობა არ არის. სააკაშვილმა თუ 20 ათასი პედაგოგი გაყარა, ამათ გეგმას გადააჭარბეს და მეტი გაუშვეს. ვითომ ესენი შენიღბულად მოქმედებენ, რაღაც ორი წლის ხელფასი მივეცითო, მაგრამ ამ ზაფხულში კიდევ მიერეკებიან. თანაც კანონების, საერთაშორისო სამართლის, შიდა ნორმების დარღვევებით აკეთებენ. მეცნიერება საერთოდ ჩაკლეს. ადრეც ბევრი სამეცნიერო ცენტრი გაიყიდა, ახლა ესენიც ამზადებენ. მეცნიერებას არ აფინანსებენ და იმ შენობებს სადამდე დატოვებენ? იმ შენობებსაც ხომ უნდა მოვლა-პატრონობა.

- ბაზარზე მოთხოვნის მქონე სპეციალობებზე აბიტურიენტები რატომ არ მიდიან?

- ეს უკვე ოჯახებს და აბიტურიენტებს უნდა ჰკითხოთ. ზუსტ და საბუნებისმეტყველოს ყოველდღიური მძიმე  შრომა სჭირდება წლების განმავლობაში. ამ მიმართულებით ბავშვმა 12 წელი უნდა იშრომოს და ვინ სწავლობს სკოლაში? ან რა დისციპლინაა დღევანდელ სკოლაში, ამ კოვიდმა ხომ საერთოდ... ყველა ადვილ რაღაცას ეძებს. ფიზიკა-ქიმია-მათემატიკის სწავლა ძალიან რთულია, ბევრი შრომა უნდა. ამით არც მშობლები და არც ბავშვები თავს არ იწუხებენ, არც სახელმწიფო. შვილს დაარბენინებენ არაპროფესიონალებთან, ბაზარი გაჯერებულია. ქვა რომ ააგდო, ყველა ინგლისურში ამზადებს, მაგრამ 99% სულაც არ არის დარგის სპეციალისტი. ასევე ხდება მათემატიკაში. კვალიფიციურ სპეციალისტთან რომ მიიყვანო, ძვირი ღირს. მშობელი ძირითადად ბაზარზე არაპროფესიონალს ქირაობს, იხდის კაპიკებს და გული ვითომ დამშვიდებული აქვს. ამ დროს არც ინგლისური იციან და მათემატიკა ხომ საერთოდ. ამიტომ ფაკულტეტების უმეტესობაზე ისტორიის ჩაბარება დაუშვეს. ასე ხდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე, ახლა აქედან რა ინჟინერი დადგება?

- სკოლა ახსენეთ და იქ რა მდგომარეობა გვაქვს?

- კატასტროფაა, ამიტომ ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას. თქვენგანაც მიკვირს, რაღაცად რომ მიიჩნევთ. ეს გამოცდები აღარაფერია, გინდ ჩატარებულა, გინდ არა. ორი ძირითადი საგანია - ქართული ენა-ლიტერატურა, სადაც მინიმალური ზღვარი 15 ქულაა და წელს ტესტები კიდევ გაამარტივეს. 15 ქულა ბარიერი, კარგით რა! მას იღებს სტუდენტი, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის. თავის გვარსა და სახელს რომ წერს და მაინც ეშლება. და მათემატიკაში მინიმალური ბარიერი 11 ქულაა. მოკლედ, გააფარჩაკეს ერთიანი ეროვნული გამოცდები.

- სკოლას რა ეშველება?

- აღარაფერი ეშველება. ამდენი იზოლაციის შემდეგ, ახლა ისევ აცხადებენ შემოდგომაზე კოვიდი იქნებაო. ხალხიც აყოლილია ამ პროცესს. ჩაკეტეს სკოლები და ბავშვები უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. როგორ შეიძლება სწავლა დისტანციურად?

- ეროვნულ გამოცდებზე რა უნდა შეიცვალოს?

- ეროვნული გამოცდები საერთოდ მოსახსნელია. მეოთხე კლასიდან დაწყებული, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები უნდა იყოს. მეოთხე კლასში ვისაც არ ეცოდინება გამართული წერა-კითხვა, უნდა ჩატოვონ, თავიდან დაწყებითი კლასები გაატარონ. შემდეგ მეექვსე კლასში (როცა პირველი საფეხური მთავრდება) სახელმწიფომ გამოცდები უნდა უზრუნველყოს. ასევე, მეცხრე კლასში, საბაზო სკოლის მეორე საფეხურზე ჩატარდეს გამოცდები. ვინც არ იცის მინიმალური ბარიერი (ნებისმიერ საგანში) კლასებში უნდა ჩატოვო. შემდეგ სახელმწიფო გამოცდა მე-12- დამთავრებისას. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ასეა, სადაც ინდუსტრიალიზაცია და ნორმალური ეკონომიკები აქვთ. საფეხურები როცა მთავრდება, იქ უკვე სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული გამოცდები უნდა ტარდებოდეს. მინიმალური ბარიერი პროგრამის 50% უნდა იყოს. თუ ძირითად საკითხებს ვერ ფლობს ზოგადსაგანმანათლებლო ნებისმიერი საგნის, კლასში დატოვო სანამ არ ისწავლის. მეთორმეტეში სახელმწიფო გამოცდები უნდა იყოს, როგორც ეს ყველგანაა. ეროვნული გამოცდები არაა შეერთებულ შტატებში და აბა წავიდეს ვინმე მოედავოს იქაურ უნივერსიტეტებს თავისი სიძლიერით. არც ევროპაშია. გამოცდები სკოლებშია, სადაც ეს პროცესი მკაცრად უნდა განხორციელდეს. ასევე, ატესტატის რეიტინგული ქულა უნდა იყოს. მაშინ ბავშვი იძულებულია ყველა საგანი ისწავლოს. და აქ რაა გამეფებული? ჩემ შვილს ეს არ უნდა, ის არ უნდაო. გეგონება ბავშვმა ელემენტარულ დონეზე ფიზიკა თუ ისწავლა, რა უკვე ფიზიკოსია? არაფერიც არ იქნება, ზოგად საკითხებს ასწავლიან.

- ეროვნული გამოცდების გარეშე ადრინდელი კორუფციის საფრთხე ხომ არ იარსებებს?

- არა, რადგან ეს გამოცდებიც სახელმწიფო უნდა ჩაატაროს. ასევე კლასიდან კლასში გადასაყვანებსაც რომ აკონტროლებდეს. კორუფცია რა, სახელმწიფო რისთვისაა? თვითონ ნუ იქნება სახელმწიფო კორუმპირებული და მორჩა. კაცობრიობას ისეთი მექანიზმი აქვს მოფიქრებული, წინ ვერავინ აღუდგება. მაშინ რატომ აქვს ძალოვანი სტრუქტურები, უშიშროება და .. ექვსი სხვადასხვა დაწესებულებიდან იღებენ ინფორმაციას და ვიღაც ქრთამს რომ აიღებს, ეს სახელმწიფოსთვის ცნობილი არ იქნება? აკონტროლოს და დაიჭიროს. კორუფცია არ იქნება, თუ ამით სახელმწიფო დაინტერესებული არაა.

თქვენ გგონიათ ეროვნულ გამოცდებზე კორუფცია არ არის? შედით უნივერსიტეტებში და ნახეთ. თსუ- ქართული ენის კათედრის გამგე გოგი გოგოლაშვილმა ისეთი მასალები მომიტანა, როცა გამოცდაჩაბარებულები ასოებს ვერ არჩევენ. როგორ ჩააბარეს და ეროვნულ გამოცდებზე როგორ გავიდნენ? თსუ-ში როგორ მოხვდა? ამას გოგი გოგოლაშვილი ამბობს, ორღობის უნივერსიტეტის პროფესორი კი არა. ნომერ პირველი უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორია. სტუდენტებზე ჩატარებული კვლევა მოიტანა და ასოებს ვერ არჩევენ ეროვნული გამოცდები აქვთ ჩაბარებული. მეც მხვდება სულ სტუდენტი, საკუთარ გვარ-სახელს, ელემენტარულ ტექსტს ვერ წერენ.

- როგორც ექსპერტი აბიტურიენტებს, მშობლებს რა რჩევებს მისცემდით სამომავლოდ?

- აქ არანაირი რჩევა არ გაჭრის, როცა საქართველო იურისტებით, ბიზნესადმინისტრირების, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების სპეციალისტებით გაჯერებულია. მთელ ნათესავებს, მეზობლებს ესენი დამთავრებული აქვთ და ვერსად მუშაობენ. გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარებაშია. ჯერ ერთი ადგილები შემცირდეს. თუ ბავშვი 12 წელი სკოლაში არ სწავლობს, საუნივერსიტეტო კარები ჩაკეტილი უნდა ჰქონდეს. რაში სჭირდება საქართველოს 68 თუ 64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი? ან კერძო რაში სჭირდება ამდენი? დასახურია. რატომ აძლევს სახელმწიფო მათ ავტორიზაციას და აკრედიტაციას? კომუნისტების დროს ხუთ მილიონზე მეტი ვიყავით და 18 უმაღლესი სასწავლებელი გვქონდა - ეს ჰყოფნიდა. ახლა სამი მილიონი ვართ დარჩენილი და ამდენი უმაღლესი რაში გვჭირდება - 45 ათასი აკრედიტებული ადგილი? როცა აბიტურიენტი 35-37 ათასის ფარგლებში გვყავს. მერე იქ კიდევ იჭრებიან. ბოლო 15 წელია ეს ადგილები მაინც ვერ ივსება.

სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკა სიცრუეზე ხალხის მოტყუებაზე არის დაფუძნებული. ხალხი კიდევ თავს რატომ იტყუებს, არ ვიცი. მაზოხისტები ხომ არ არიან? მაგას არ ჯობია შვილს მიმართო და პროფტექნიკური დაამთავრებინო? შევხდი სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ექსპერტს, რომელიც მთავრობას პროფესიული სასწავლებლების ქსელის შექმნაში ეხმარება, დუალისტური სისტემის ჩამოყალიბებაში.  თქვა, რომ გაოგნებულია, აქ არაფერი გამოვაო; ოჯახის, მშობლის მენტალიტეტია, რომ მისმა შვილმა არა პროფესიულში, არამედ უნივერსიტეტში უნდა ისწავლისო. ვერაფერს გააკეთებ, თუ გზას არ გადაკეტავ. ან დახურო უმაღლესი სასწავლებლები, რადგან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ აქვთ და ვერანაირ კონკურენციას ვერ უძლებენ. ვისაც ბაზა აქვს, მხოლოდ ასეთი სახელმწიფო და კერძო უმაღლესები დატოვო. ასეთი სულ რამდენიმეა. არასათანადო ბაზის მქონე სახელმწიფო უმაღლესებიც უნდა დაკეტო. ადგილებიც უნდა შემცირდეს. სპეციალისტების საჭიროების მიხედვით უნდა იყოს კონკურსი. ძალისმიერი კი არა, ეს არის სწორი პოლიტიკა.

მეთორმეტე წელს რომ იწყებს მომზადებას და ამის ამარა ეწყობა მინიმალური ქულებით, ეს აღარ იქნება. და სად წავა? პროფესიული სასწავლებელში. მაგრამ უცოდინარი იქაც არ უნდა მიიღო. თანამედროვე ხელოსანს ინჟინერიის ელემენტარული საფუძვლები უნდა ესმოდეს. სანტექნიკა, ელექტრობა თუ იატაკის დაგება თუ მღებავი - თანამედროვე ტენდენციებში თუ ვერ ერკვევა, არაფერი გამოვა. გერმანია-საფრანგეთში უსწავლელი .. პროფშიც ვერ ხვდება. გამოცდები იქაც უნდა დაახვედრო და ჩააბაროს. ახლა რაღაცები მაქვს გასაკეთებელი და ვფიქრობ - უნდა დავდგე და ვეძებო წესიერი ხელოსანი. მოიყვან ვიღაცას, ფულს გადაიხდი და მერე თავზე ჩამოგიცვივა ყველაფერი. იმ შპალერის წებოს მოხმარებასაც ცოდნა სჭირდება.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია