„კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა.
ხელისუფლება ამბობს, რომ დაგეგმა წარმატებული სპეცოპერაცია და უმსხვერპლოდ გაანთავისუფლა მძევლები.
რომელია სიმართლე? ორივე სწორია.
პოლიციელი, რომელიც დამატებით მძევლად აიყვანა ტერორისტმა, ქების ღირსია. ექსცესების გარეშე დაამთავრა ოპერაცია. ვისაც უფროსობა ფულის მიტანას დაავალებდა, ყველა ამ დღეში აღმოჩნდებოდა, ანუ სიცოცხლის რისკის ქვეშ ერთი მხრივ და სახელის და დიდების - მეორე მხრივ.
მომხდარი ფაქტის მთლიანი სურათი რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, რომ დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნებით.
ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს. ჰოდა, ამათ ხელში რაც გვინახავს კიდევ ვნახავთ. ეს უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ანუ არჩევნებზე.
ვახდენ თუ არა კონკრეტული დანაშაულის - „რომელიც ყველგან შეიძლება მომხდარიყო“ - პოლიტიზებას? დიახ. ეს არაა მხოლოდ კრიმინალური საქმე, ესაა პოლიტიკურიც, რადგან ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის შექმნილი ყველა სფეროში, მათ შორის დანაშაულის (აგერ უკვე ეგზოტიკურისაც) ზრდის კუთხითაც“, - წერს პარლამენტის წევრი (ენმ) რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
„მწარე სიმართლე ერთია - კრიმინალმა დაგეგმა და განახორციელა ოპერაცია, რომელთანაც სახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა“.
მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო.
რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სისტემას სრულად აქვს უმთავრესი ამოცანა დღეს, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული.
ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც, რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს. ყ
ველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვთ მათ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების აღქმაში უდანაშაულობისა და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების შემდგომი გაჩენა.
ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც შსს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.