„საქართველოში კორონავირუსით შეიძლება დღეში 4 ათასი ადამიანი დაინფიცირდესო, გვაფრთხილებს მთავრობა და გვაჩვევს, რომ „გაგებით მოვეკიდოთ“.
ესაა კატასტროფა. ელემენტარული არითმეტიკაა, თუ რა მოჰყვება ამას.
ყოველ მილიონ მოსახლეზე ათასი შემთხვევა არ ყოფილა დედამიწის ზურგზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიდგომით, მაგალითად, იტალიაში უნდა ავადდებოდეს 60 ათასი ადამიანი დღეში (მაშინ როცა რვა თვეში სულ 485 ათასი კაცია ინფიცირებული), ან ამერიკაში 320 ათასი დღეში, რაც წარმოუდგენელია.
თავისი უგუნური პოლიტიკით გაწირა ხალხი ხელისუფლებამ“, - წერს პარლამენტის წევრი (ენმ) რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:
„უნდა გადავრჩეთ მოახლოებულ გენოციდს!
როცა დღეში 1700 ინფიცირებულზე 150-მდე დაავადებული მედპერსონალი მოდის, 4000 ინფიცირებული რომ გვეყოლება ნოემბრის შუაში, როგორც დღეს გვაცნობეს, გამოდის, რომ დღიურად დაავადებული მედპერსონალი რიცხვი 300-ს აცდება!
ასეთ ვითარებაში, ვინ უმკურნალებს დაავადებულებს?!
თუ ერის მოსალოდნელ გენოციდს უნდა შევეგუოთ „ოცნების“ ხელისუფლებაში შენარჩუნების ფასად?!“ - წერს ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 293-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.