დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი ძალას კარგავს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება სიფრთხილე და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეგულაციების დაცვაა.
„ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ვირუსი ძალას კარგავს. იმისათვის, რომ ამისი მეცნიერული მტკიცებულებები დაგროვდეს, უნდა მოხდეს გარკვეული მუტაციები.
გარკვეული დროის ფარგლებში ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჩვეულებრივ, ასეთი მცირე დროის მანძილზე ეს არ ხდება ხოლმე.
რა თქმა უნდა, ამის იმედი ყველას გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილად ვიყოთ, ვირუსის ძალის დაკარგვის იმედზე ნუ ვიქნებით. ვიყოთ ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის იმედზე ხელების დაბანასთან ერთად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება.
პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე გახდება.
„ალბათ, წლის ბოლომდე უკვე იქნება რამდენიმე ვაქცინა, კვლევის მესამე ფაზაში არიან. ჩვენამდე როდის მოვა, გასაგებია - ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც თავად აწარმოებენ თავიანთი ქვეყნებისათვის. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, ჩვენთვის“, - განაცხადა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. გამყრელიძემ მოქალაქეებს ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, პანდემიის პირობებში სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გქვენება, თუმცა ეს მართვადია. ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ჯანდაცვის სისტემა შესაბამის პასუხს აძლევს მომატებულ მაჩვენებლებზე. ჯანდაცვის სისტემა მართავს ვითარებას.
ეპიდემიის განვითარების ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, სამედიცინო საზოგადოებისა და ზოგადად მოსახლეობის თანამშრომლობას. სინქრონიზებული, ერთიანი პასუხი უნდა იყოს დიდ გამოწვევაზე, რომელიც პირდაპირ გეტყვით, არ არის მარტივი.
ეს არ დამთავრდება ნოემბერში, დეკემბერში ან იგივე მარტ-აპრილში, არამედ საკმაოდ კარგახანს იქნება. ამიტომ, მთავარი სლოგანი, რომ ჩვენ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, ძალაშია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: პირველი არხი