მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება რამე დაგვაბრალოს - გრიგოლ ვაშაძე - 28 ოქტომბერი 2020

სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ რაზე შეიტანა განცხადება და ვინ რაზე მოითხოვა ნებართვა, მაგრამ როგორც თქვენი ტელევიზიები არ ემზადებიან არეულობისთვის, ისე გაერთიანებული იპოზიცია არ ემზადება არეულობისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან, ვაშაძემ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა არჩევნები ნორმალურ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

„ქუთაისიდან ახლა ჩამოვედი და სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ ვიცი, ვინ რაზე შეიტანა განცხადება და მოითხოვა ნებართვა, მაგრამ როგორც თქვენი ტელევიზიები არ ემზადებიან არეულობისთვის, ისე გაერთიანებული იპოზიცია არ ემზადება არეულობისთვის. თუ რაღაც დრო არის მითითებული, ეს იმისთვის, რომ ეკრანი დაიდგას სცენაზე.

ყველა ჩვენი პარტიის წევრსა და მხარდამჭერს მოვუწოდებ, ძვირფასო მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არავითარი ძალადობა, ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რამე დაგვაბრალოს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბება. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას არა საარჩევნო, არამედ ამ მიმართულებით გეგმავენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნა, აქციის დაანონსება ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში, ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების ნაცვლად აქციებისა და არეულობებისთვის ემზადება. ეს არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის.

„როდესაც პოლიტიკური პარტიები, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნებიან ჩართული, ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე, არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით, ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება.

ფაქტია, ამ პარტიას არჩევნებში ამომრჩევლის მობილიზების ნაცვლად, სხვა სახის დესტრუქციული მიზნები აქვს და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მათ მორიგ მავნებლურ ზრახვებს, ამ უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებას, კიდევ ერთხელ გასცეს ღირსეული და საკადრისი პასუხი.

თითოეული ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა, საქართველოს წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების გაგრძელება, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი, სრულფასოვანი ინტეგრირება და მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას.

მივიდეთ არჩევნებზე და დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს. ამ არჩევნებში არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები უნდა დამარცხდნენ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ხალხთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ისეთი შედეგი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს წარმატების ილუზიების შანსს გაუქრობს და გზას ახალ, ჯანსაღ, პროფესიონალ ძალებს გაუხსნის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო: პირველი არხი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია