საქართველოს პარლამენტის, არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების 95% ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპეციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. სულ, 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3626 საარჩევნო უბნის შედეგი.
ცესკოში დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ პროპორციული საარჩევნო სისტემით.
როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამონ არაუგვიანეს 11 ნოემბრისა, ხოლო არაუგვიანეს 19 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს.
„არჩევნების შედეგების შეჯამებამდე მოხდება საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების განხილვა. ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის ყველა საჩივარს და თითოეულ გადაცდომაზე ექნება შესაბამისი რეაგირება.
მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, ასევე, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე, ხოლო ხმების დათვლასთან დაკავშირებული საჩივრები, კანონმდებლობის მიხედვით, პირდაპირ საოლქო საარჩევნო კომისიებში იყო წარდგენილი.
საჩივრების უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა, 280 შემთხვევაში, კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, მაგალითად, უბნის შედეგების ბათილობაზე დაწერილია 45 საჩივარი, გადასატანი საარჩვენო ყუთის ბათილობაზე - 16, ხოლო ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოთხოვნილია 23 შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრის რეგისტრაციიდან განხილვისთვის ასევე ორდღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ერთი დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ ერთი დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში ინიშნება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტური, - „საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო, პირველი ტურის შეჯამებასთან ერთად, ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს ანუ 21 ნოემბერს“.
იხილეთ: წინასწარი შედეგები 3626 საარჩევნო უბნის მიხედვით
ასევე იხილეთ სიუჟეტი: წინასწარი შედეგები 3626 საარჩევნო უბნის მიხედვით