ქვეყანაში ფეოდალური, ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს და ამას დაასრულებს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს რუსთაველზე ამომრჩეველმა ხმამაღალი პროტესტი უნდა გამოხატოს.
„დღეს რუსთაველის გამზირზე ყველა ის ადამიანი მოვა, ვინც თვლის, რომ მოპარეს მთავარი კონსტიტუციური უფლება, არჩევანის უფლება.
ხალხი, რომელიც მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა კონკრეტულ პარტიას აღმოჩნდა, რომ მისი ხმები წაიღეს და მიიტაცეს.
ყველა უნდა გამოვიდეთ დღეს ქუჩაში და ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოვხატოთ, რადგან ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ფეოდალური, ოლიგარქიული მმართველობა და ამას დაასრულებს ქართველი ხალხი.
ყველამ დაინახა 31 ოქტომბერს, რომ არც კანონი არსებობს ამ ხელისუფლების პირობებში, არც სამართალი. მხოლოდ ერთი კაცის ნება არსებობს და ქართველი ხალხი ამას არ დამორჩილება. დღეს ნახავს ივანიშვილი რა ძალა აქვს ხალხს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
აქ არც აქციებისთვის მოვდივართ და არც გადატრიალებისთვის, მოვდივართ იმის სათქმელად, რომ არ შევეგუებით ჩვენთვის არჩევანის მოპარვას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ ვაპროტესტებთ და არ ვეგუებით, რომ არჩევნები მოგვპარეს. გვეუბნებიან, რომ უნდა დავყაბულდეთ იმას, რასაც დაგვიწერს ეს სამარცხვინო ადამიანი თამარ ჟვანია მის სამარცხვინო ცენტრალურ საარჩევნო ადამინისტრაციასთან ერთად, ჩვენ ამას არ ვეგუებით. ამიტომ, უნდა მოვიდეთ აქ.
აქ არც აქციებისთვის მოვდივართ და არც გადატრიალებისთვის, მოვდივართ იმის სათქმელად, რომ არ შევეგუებით ჩვენთვის არჩევანის მოპარვას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიციას აქვს დაგეგმილი, დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ისინი ახერხებენ ბევრად ნაკლების მობილიზებას, ესკალაციის არავითარი რისკი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „რეალურად, არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა და ეს არის „კოვიდის“ გავრცელება“.
„მათ მოახერხეს ბათუმიდან ვირუსის ექსპორტირება სხვა რაიონებში, იგივეს აპირებენ ახლა თბილისიდან სხვა რაიონებში, რაც არის კიდევ ერთი მაჩვენებელი ამ პოლიტიკური ძალის სახის. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, მათ აქვთ დაგეგმილი, დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ისინი ახერხებენ ბევრად ნაკლების მობილიზებას.
აქედან გამომდინარე, მათ გეგმებს, გარდა „კოვიდის“ გავრცელებისა, აღსრულება არ უწერია. ესკალაციის არავითარი რისკი არ არსებობს, ამის გარანტია არის მათ შორის ის პოზიცია, რომელიც გუშინდელ განცხადებაში დაფიქსირდა და ამის გარანტია არის ის, რომ ისინი დღეს ვერ მოახერხებენ ადამიანების იმ რაოდენობის მობილიზებას, რომელიც შეიძლება იყოს საკმარისი ვითარების ესკალაციისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც უპასუხა, რომელიც ქვეყანაში დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებს ეხება.
„მათ დღის განმავლობაში აქვთ, თითქმის 20 საათი, რომ გააპროტესტონ რაც უნდათ. მათ არ აქვთ რეალურად პროტესტის შენარჩუნების ძალა და სხვა რაღაცებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი პოზიცია“, – აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის აღნიშნულ პოზიციას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება.
"ამან თავისი დრონი სტრატოსფეროში გააფრინა..." - წერს ხუხაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
დღეს, პარლამენტის წინ ოპოზიცია აქციის გამართვას არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გეგმავს, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში.