ცენტრალური საარჩევნო კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ბრალდებების თაობაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომელიც საუბნო შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსს ეხება. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, წელს ცესკომ მოამზადა სტატისტიკა, რომელშიც ასახულია მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიების მიხედვით არჩევნების როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში.
"ე.წ დისბალანსი, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში, 14 ნოემბრის მდგომარეობით, საერთო ჯამში დაფიქსირდა 943 საუბნო საარჩევნო კომისიაში (უმეტეს შემთხვევაში ეს იყო გამოწვეული ბიულეტენების ნაკლებობით და ცალკეულ შემთხვევებში ბიულეტენების მეტობით).
უნდა აღინიშნოს, რომ გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი, სცდება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას 19 საუბნო საარჩევნო კომისიაში, თუმცა ეს მეტობა არის არაუმეტეს 5 ან ნაკლები ბიულეტენის შემთხვევაში. ხოლო გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი 10 და მეტი ბიულეტენის შემთხვევაში ნაკლებია ვიდრე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 67 საუბნო საარჩევნო კომისიაში; გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი ნაკლები იყო არჩევნებში მონაწილე ამორმჩეველთა რაოდენობაზე 857 საარჩევნო უბანში, 10 ბიულეტენზე ცოტა ბიულეტენების შემთხვევაში, საუბარია ერთი ან ორი ბიულეტენის ნაკლებობაზე. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დანართში №1.
რაც შეეხება ბიულეტენების ნაკლებობას მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში, აღნიშნული, კანონმდებლობის შესაბამისად ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში მყოფი ამომრჩევლებიდან მაჟორიტარული ბიულეტენი ყველას არ გადაეცემა, რადგან მათ აქვთ განსხვავებული რეგისტრაციის ადგილი; ანუ სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლების დიდი ნაწილი ვერ მონაწილეობს მაჟორიტარულ არჩევნებში; მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ იმყოფებიან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და პატიმრები (აღკვეთის ღონისძიება მძიმე, ნაკლებად მძიმე). სპეციალურ სიებში მყოფი ამომრჩევლები მხოლოდ იმ შემთხვევაში მონაწილეობენ მაჟორიტარულ არჩევნებში თუ ადგილსამყოფელს იცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
ასევე, კანონით განსაზღვრული, სპეციალურ სიებში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურებიის და სპეციალური წოდების მქონე პირების ნაწილი ვერ იღებს არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში მონაწილეობას (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 32).
აღსანიშნავია, ისიც, რომ კოვიდ-რისკ ჯგუფის ამომრჩევლებისთვის შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და ეს ამომრჩევლები შეყვანილ იქნენ სპეციალურ სიებში. შესაბამისად, მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში მხოლოდ იმ ამომრჩევლებს შეეძლოთ ხმის მიცემა, რომელთა რეგისტრაციის მისამართი და განთავსების ადგილი ერთი და იგივე მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიას მოიცავდა. დეტალურად ინფორმაცია იხილეთ დანართში №2.
ცესკომ ასევე მოამზადა სტატისტიკა, სადაც ასახულია მონაცემები ე.წ. დისბალანსის შესახებ საუბნო შემაჯამებელ ოქმებში 2020 წლის 31 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების მიხედვით (იხ. დანართი №3 და დანართი №4).
ცესკომ დამატებით, 14 ნოემბრის მდგომარეობით განაახლა სტატისტიკა, სადაც ასახულია მონაცემები ბიულეტენების ნაკლებობის შესახებ 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით; დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შესახებ, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას წლების მიხედვით, ნამდვილი ხმების და ბათილი ხმების რაოდენობას და ბიულეტენების ნაკლებობის სტატისტიკას.
პროპორციულ ნაწილში, არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით ნაკლები ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 3062 (0.15%). არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, აღვნიშნავთ, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი იგივეა რაც იყო 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისას, მცირედით ნაკლებია 2014 წლის და 2017 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნებთან შედარებით და რადიკალურად განსხვავდება 2008 წლის პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნებისგან (იხ. დანართი №5)", - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.