,, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, მას თავისუფლებას და სუვერენიტეტს, შიდა და გარე, ხილული, თუ ფარული მტერი ჰყავს"
დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დღესასწაულის მთავარი სლოგანია - ,, თავისუფლების სიყვარულით".
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო. საზეიმოდ ფიცი დადეს წვევამდელებმა თბილისსა და კიდევ ათ ქალაქში. ფიცის დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველ მებრძოლთა ხსოვნას.
,, გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას",- მიმართა რეკრუტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
,, საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება - საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარებისა და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას, ხელისუფლება სადაა" ? , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დრო აღარ ითმენს. ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გაცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა.
,, ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში, დღეს ჩვენი საზოგადოება ისევე, როგორც ხელისუფლება, გზაგასაყარზეა. საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება. საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარებისა და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა. ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია. ქართველ ხალხს ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა, დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა და მეტიც, კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას, ხელისუფლება სადაა ? ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა. ხელისუფლებამ ამ დარჩენილ დროში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რისი შესრულება შეუძლია, არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ახლა მთავარია, ყველამ ერთად დავინახოთ და გავიაზროთ ეს გარდაუვალი ცვლილებები, ვირწმუნოთ საკუთარი თავის და არავის მივცეთ უფლება, ჩვენი გზიდან გადაგვიყვანოს.
31 მაისს სწორედ ამ ევროპული მომავლისთვის ჩავალ ბრიუსელში, თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა დავიცვა ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა გაიგებს ქართველი ხალხის ხმას, იმ ხალხის ხმას, რომელიც ერთგულია 26 მაისის სულისკვეთების და რომელიც განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ერთიანდება ერთი იდეის ირგვლივ - ჩვენი დამოუკიდებლობის და იმის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე ევროპაა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! გილოცავთ 26 მაისს! გაუმარჯოს საქართველოს!"- განაცხადა პრეზიდენტმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებით, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ, თუმცა გზა დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე, ჯერ კიდევ გასავლელია.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, მას თავისუფლებას და სუვერენიტეტს, შიდა და გარე, ხილული, თუ ფარული მტერი ჰყავს.
,, დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, რომ ,, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის", ეს კი, საკუთარი, ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს. თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, გულისხმობს კანონის უზენაესობას, მარადიული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას, თავისუფლება გულისხმობს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ოჯახის სიძლიერე, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და ამავე დროს, სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია. თავისუფლება გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც ესწრაფვის არამხოლოდ ტერიტორიულ, არამედ ღირებულებრივ და შინაარსობივ ერთიანობას, სადაც ერთმანეთს ხვდება ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. ჩვენ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, სადაც ღვთის სიტყვას თვით იესო ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ. საქართველო გმირების ქვეყანაა, ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. ,, სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი",- მეფე ერეკლეს ეს სიტყვები დიდი აკაკის პოემიდან, სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული ქართველისთვის და პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის, ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება პირადი ღირსებისა და ეროვნული სიამაყის ფუნდამენტია. თავისუფლება ჩვენი დიდი წინაპრებისთვის მუდმივად ბრძოლით მოსაპოვებელი მიზანი იყო და არა თავისთავადი მოცემულობა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სამწუხაროდ, ბევრი შიდა და გარე, ხილული, თუ ფარული მტერი ჰყავს, შესაბამისად, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს ჭირდება განმტკიცება, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და ეს ჩვენი ვალდებულებაა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილია შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. დღე გალა-კონცერტით დასრულდება.
მოამზადა ქეთი ხომერიკმა