როგორც მოსალოდნელი იყო, ირაკლი კობახიძის მხრიდან ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევა პროპაგანდისტული ხრიკი აღმოჩნდა, „ქართულ ოცნებას“ ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევის სურვილი რეალურად რომ ჰქონოდა, ამაზე უარს ჯერ კიდევ ივნისში არ იტყოდა, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა მოლაპარაკე თავები მომხდარს ისევ ეუთო/ოდირ-ს დააბრალებენ და ანტიდასავლური რიტორიკის წახალისებით დაკავდებიან.
„როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძის მხრიდან ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევა პროპაგანდისტული ხრიკი აღმოჩნდა. ამის შესახებ ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით. ეუთო/ოდირ-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც თვეზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე, შეუძლებელია სრულფასოვანი მისიის გამოგზავნა და შესაბამისი დაკვირვების განხორციელება როგორც წინასაარჩევნო პროცესზე, ასევე კენჭისყრის დღეზე და ამის შედეგად რაიმე დასკვნის დადება. ამის გამო წუხილს გამოთქვამს ეუთო/ოდირ-ი. ასეთი რამ ჩვენ გვინახავს ბელარუსშიც, გვინახავს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება ეუთო/ოდირ-ისთვის პრაქტიკა არ არის.
„2006 წლიდან მოყოლებული საქართველოში ჩატარებულ ყველა ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მისია სრულფასოვნად იყო წარმოდგენილი. ახლა ველოდებით იმას, რისი პროგნოზიც გავაკეთეთ, რომ ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა მოლაპარაკე თავები არჩამოსვლას ისევ ეუთო/ოდირ-ს დააბრალებენ და ანტიდასავლური რიტორიკის წახალისებით იქნებიან დაკავებულები. სინამდვილეში, ეს იყო მოწვევა მოწვევისთვის, რომ საზოგადოებას თავიანთი პროპაგანდა შესთავაზონ, თითქოს დასავლეთმა უარი უთხრა 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაზე“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს.
წყარო: "პირველი არხი"