საპატრიარქოში დაბარების შემდეგ მამა დოროთე ყურაშვილი პოზიციას არ იცვლის. მისი თქმით, ვისაც ქვეყანა და ეკლესია უყვარს, ის ვალდებულია არ გაჩუმდეს და საჯაროდ ილაპარაკოს.
სასულიერო პირი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს ღიად პასუხობს და ამბობს, რომ ქადაგებებში არაფერი აქვს ისეთი ნათქვამი, რაც ეკლესიას ან საზოგადოებას ავნებს. პირიქით, მიაჩნია, რომ მისი ქმედება სწორედ ეკლესიისა და მრევლის ინტერესებშია.
ვისაც ქვეყანა უყვარს, ვინც ხედავს, ის თვითონ არის ვალდებული და ასევე პასუხისმგებელია ყველა თავის გაჩუმებაზე, პასუხისმგებელია ყველა თავის სიტყვაზე. ამიტომ, ვინ რას ირჩევს, ეს მათი არჩევანია. მე უბრალოდ, ეს გზა ავირჩიე-მეთქი, ვერ ვიტყვი, მე სხვანაირად მესმის... თუ მე ვინმე შენიშვნას მაძლევს იმაში, რაც საჯაროდ ვთქვი, ეგ პასხიც მე საჯაროდ უნდა ვთქვა. ამიტომ ჩავიწერე. მე უფრო მეგონა, რომ იქ სწავლებაზე იქნებოდა საუბარი და მე ფაქტები უნდა მქონოდა თუ რას მედავებიან და მე პასუხი უნდა გამეცა. რის სასჯელს უნდა ველოდო? დაბარება იყო სასჯელი, საერთოდ, დასაბარებელი მე არაფერი გამიკეთებია. სხვა სასჯელი რა უნდა იყოს? მე არასამღვდელოს და ეკლესიისთვის მავნებელ რამეს არ ვაკეთებ. პირიქით, ვისაც ეკლესია უყვარს, ის პირიქით უნდა იყოს, ჩემი მოქმედებით გახარებული უნდა იყოს თუ ეკლესია უყვარს, იმიტომ, რომ ეკლესია არის ხალხი და არა მთავრობა, - ამბობს დოროთე ყურაშვილი.
TV პირველის მიერ მოპოვებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ 16 სექტემბერს საპატრიარქოში შედგა დახურული შეხვედრა, სადაც ოთხი სასულიერო პირი მონაწილეობდა: მიქაელ ბოტკოველი, ანდრია ჯაღმაიძე, იოანე გოროლიშვილი და დოროთე ყურაშვილი.
ჩანაწერის მიხედვით, ყურაშვილი საპატრიარქოში მისი ქადაგებებისა და საჯარო განცხადებების გამო დაიბარეს, მათ შორის იმ ქადაგებისთვის, რომელიც 28 აგვისტოს, მარიამობის დღეს, ოპოზიციის მხარდაჭერის ფონზე გადაიცა. მამა ანდრია ჯაღმაიძემ მას „მორალური დაკნინება“ წაუყენა ბრალად.
დეკანოზი გიორგი ბოტკოველი ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს და აცხადებს, რომ საუბარი თავად ჩაიწერეს, თუმცა ახლა იკვლევენ, როგორ მოხვდა მასალა მედიის ხელში.
წყარო: "ტვ პირველი"