"იხვეწება "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი, რომ ვინმე შეხვდეს ევროკავშირიდან და არ ხვდებიან," - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა და ირაკლი კობახიძის კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრაზე ვიზიტს გამოეხმაურა.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმისთვის, რომ "ცივილიზებულ პარტნიორებთან, ცივილიზებული ურთიერთობა დაიმსახურო, უნდა მოიქცე ცივილიზებულად", რასაც "ქართული ოცნება" არ აკეთებს.
რაც არ უნდა ნახევრად-ფორმალური ვიზიტები აკეთოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლობამ, ცხადია, რომ მათ არ ხვდება ევროკავშირის ლიდერი, არცერთი და ცხადია, რომ ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოს "ქართული ოცნების" მედიამ არის ის, რომ გაასაღოს ესა თუ ის ვიზიტი ევროპაში, როგორც მათი ლეგიტიმაციის აღიარება, რაც სინამდვილეში ასე არ არის, რა თქმა უნდა.
ჩვენ ვხედავთ, რომ იხვეწება "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი, რომ შეხვდეს ვინმე ევროკავშირიდან და არ ხვდებიან იმიტომ, რომ იმისათვის, რომ დაიმსახურო ცივილიზებული ურთიერთობა, ცივილიზებულ პარტნიორთან, უნდა მოიქცე ცივილიზებულად და "ქართული ოცნება" არ იქცევა ცივილიზებულად," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
წყარო: "ტვ პირველი"