მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას? - 02 ოქტომბერი 2025

არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის ტკივილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ შეუწუხებია. ზოგ ჩვენგანს თუ თავი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სტკივა, ზოგიერთი მას კვირებით და თვეების განმავლობაშიც კი უჩივის.

ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქად გამოხატულიც და ძლიერიც, თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, მგრძნობელობა სინათლის ან ხმაურის მიმართ და ა.შ. მიზეზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს ტკივილის ლოკალიზაციას, ხანგრძლივობას, მიმდინარეობას და თანმხლებ ნიშნებს.

მოდით, გავიგოთ როგორია თავის ტკივილის კლასიფიკაცია, რა დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები ხასიათდება თავის ტკივილით და როგორია მისი მკურნალობის გზები?

რა ტიპის თავის ტკივილი არსებობს და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?

ხშირად თავის ტკივილი მარტივი წარმოშობის არის და თავისთავად გაივლის,ზოგჯერ კი იგი არის სიმპტომი, რომელიც ავლენს ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას ან სერიოზულ დაავადებას, რაც დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საჭიროებს.

აქედან გამომდინარე, თავის ტკივილი იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: ე.წ პირველადი და მეორადი თავის ტკივილი.

პირველადი თავის ტკივილი არის უშუალოდ ავადმყოფობა, რომელიც არაა გამოწვეული თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებით. პირველადი თავის ტკივილის სახეებია:  დაძაბულობის ტიპის  თავის ტკივილი, შაკიკი და ე.წ ტრიგემინულ-ავტონომიური თავის ტკივილები.

          შაკიკი - ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება ცალმხრივი და მფეთქავი თავის ტკივილით. ზოგჯერ თავის ტკივილს თან ახლავს უხასიათობა, მხედველობითი და სმენითი დარღვევები, ღებინება, გულისრევა სინათლისა და ხმაურის აუტანლობა.

          დაძაბულობის თავის ტკივილი - რომელიც პირველად თავის ტკივილებს შორის ყველაზე ხშირია. იგი ლოკალიზდება შუბლში, საფეთქლებსა და მთელ თავში. ტკივილი, როგორც წესი, ორმხრივია, აქვს მოჭერითი, ზეწოლის ხასიათი, მას წინ არ უსწრებს კონკრეტული შეგრძნებები, არ ახლავს სინათლისა და ხმაურის აუტანლობა, ფიზიკური აქტივობა არ აძლიერებს ტკივილის განცდას. დაძაბულობის თავის ტკივილი შეიძლება იყოს წუთიერი, ან გაგრძელდეს რამდენიმე დღემდე.

          ტრიგემინულ-ატონომიური თავის ტკივილი - ცალმხრივი და ხანმოკლეა, ახასიათებს განმეორადობა და ისეთი სიმპტომების თანხლება, როგორებიცაა: ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, სახის გაწითლება და შეშუპება, თვალის ნაპრალის შევიწროება, ცხვირიდან გამონადენი და სხვა.

          მედიკამენტური თავის ტკივილი - ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც თავის ტკივილის სამკურნალოდ იყენებენ: ასპირინი, პარაცეტამოლი, იბუპროფენი, კოდეინი თუ სხვა, – ხანგრძლივი და ხშირი მიღების შემთხვევაში შესაძლოა თვითონვე იქცეს ტკივილის მიზეზად. თავის ტკივილის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს კოფეინის შემცველი პროდუქტების (ჩაი, ყავა, კოკა-კოლა და ა.შ.) ჭარბი მიღებაც. ამ ტიპის თავის ტკივილის ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა საყურადღებოა, რომ მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს არა ტაბლეტების რაოდენობა, არამედ მიღების სიხშირე – თუ გამაყუჩებელს კვირაში მხოლოდ 1-2 დღე იღებთ, წამლისმიერი თავის ტკივილის განვითარების ალბათობა ნაკლებია, ხოლო თუ მათ მიღებას 3 დღეზე მეტხანს გააგრძელებთ თავის ტკივილის ალბათობა მაღალია.

რაც შეეხება მეორად თავის ტკივილს, მას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. ესენია:

          სისხლძარღვოვანი დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ქალასშიდა წნევის მომატება (ჰიდროცეფალიის, თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების დროს), სამწვერა ნერვის ნევრალგია,

          ქალა-ტვინის და ქალას ძვლების მოტეხილობა, პოსტტრამული მდგომარეობები;

          ცხვირის დანამატი ღრუებისა და თვალის მიდამოს ანთება;

          ვირუსული დაავადებები;

          ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, შფოთვითი აშლილობა და სხვა;

          ინსულტი;

          სიმსივნე, აბსცესი, პარაზიტული ჩანართი, ანევრიზმა;

          ნეიროინფექციების (მენინგიტი და ენცეფალიტი)

თავის ტკივილის პროვოცირება ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

          კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ,

          ემოციურმა გადაძაბვამ ხშირი სტრესული სიტუაციების დროს,

          არაჯანსაღი საკვების მიღებამ,

          ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ,

          მზეზე დიდხანს ყოფნამ და სხვა.

რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს?

თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს.

უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

უმეტესად თავის ტკივილი არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა და ჩვეულებრივ, მისი მკურნალობა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებით ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებით ხდება. თავის ტკივილის დროს ექიმს ისეთ შემთხვევებში უნდა მივმართოთ, თუ:

        ტკივილი პროგრესირებს და ძლიერდება (განსაკუთრებით პოზის შეცვლის დროს);

        ტკივილმა იცვალა ხასიათი;

        ტკივილი წარმოიშვა ონკოლოგიური დაავადების ან აივ ინფექციის დროს დროს;

        ტკივილს თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მაღალი სიცხე;

        არის ძალიან ძლიერი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღების შემთხვევაშიც არ ყუჩდება;

        თან ახლავს კიდურების სისუსტე ან რაიმე სხვა შეგრძნებების დაქვეითება (მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი) და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადამიანები ხშირად ექიმთან ვიზიტისა და დიაგნოსტიკის გარეშე, თვითნებურად იღებენ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, რაც იწვევს დაავადების ქრონიკულში გადასვლას. ეს განსაკუთრებით სახიფათოა, როცა თავის ტკივილი მეორადია და წარმოადგენს  სერიოზული დაავადების  ერთერთ გამოვლინებას.

როგორ ისმება დიაგნოზი?

თავის ტკივილისას ზუსტი დიაგნოზის დასმაში ექიმს ძალიან ეხმარება დეტალური ანამნეზის შეკრება: პაციენტმა მას უნდა აცნობოს ტკივილის დაწყების კონკრეტული თარიღი და დღის მონაკვეთი. ასევე მნიშვნელოვანია მისი ინტენსივობისა და ხანგრძლივობის აღწერა, ასევე – ჰქონდა თუ არა პაციენტს მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის, სურნელების მიმართ, რა აქტივობა უძღოდა წინ ტკივილს, რა მედიკამენტი ჰქონდა მიღებული, რამდენ ხანს ეძინა ღამით, ხომ არ გადაუტანია სტრესი ან ძლიერი შფოთვა, ხომ არ გაცივდა, რა საკვები და სასმელი მიიღო უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ა.შ.

ზოგადი გამოკითხვისა და ნევროლოგიური გასინჯვის შემდეგ, თუ ექიმი ეჭვს სერიოზულ დაავადებაზე მიიტანს, შესაძლოა დანიშნოს სხვა გამოკვლევებიც: სისხლისა და შარდის ანალიზები, თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტროენცეფალოგრამა.  

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
ინტერვიუ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან 
Video screenshot
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati  
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE