4 ოქტომბრის მოვლენებს პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება.
- მთავარი უარყოფითი შედეგი არის ის, რომ ოპოზიცის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, ოპოზიციური საზოგადოება კიდევ უფრო გახლიჩა და ოპოზიცია იმაზე გაცილებით სუსტია დღეს, ვიდრე იგი დიდი ქუჩის აქციების დროს და საპარლამენტო არჩევნებამდე იყო.
გუშინდელი წარუმატებელი მოვლენების მთავარი შემოქმედები არიან არ მხოლოდ და არა იმდენად ამ აქციის ორგანიზატორები, არამედ ოპოზიციის ორივე ფლანგი, არჩევნებში არმონაწილეებიც და მონაწილეებიც, რომლებმაც მთავარ მიზნად ოპონენტების მორალური და პოლიტიკური განადგურება დაისახეს და არა მოღალატე რუსული რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტება. ამას ხელი შეუწყო ისედაც ძლიერ დასუსტებულმა პოლიტიზებულმა მედიამაც.
ოპოზიციის მარცხი არ ნიშნავს ხელისუფლების გამარჯვებას. გუშინ ბრძოლა წავაგეთ და არა ომი. იმედგაცრუება ბევრჯერ გვინახავს და არანაკლები ვიდრე გუშინდელი დღის მერე დაისადგურა, მაგრამ გადაგვიტანია. ჭრილობა მოშუშდება და ბრძოლაც გაგრძელდება.
ყველაზე მძიმე მაინც ოპოზიციის მოუმწიფებლობაა. ზოგიერთი მათი ცნობადი სახე (ლიდერს ვერ ვუწოდებდი) არაფრით განსხვავდება იმ აქტიური პოლიტსექტისაგან, რომელიც შლეიფად დაჰყვება ყველა პარტიას და სოციალური ქსელებითა თუ სხვა გზით თავად ამ პარტიების კარიკატურულ სახეს წარმოადგენენ. სიძულვილის დათესვა, ყველაფრის სხვებზე გადაბრალება, საკუთარი შეცდომების არდანახვა, აგენტებისა და მოსყიდულების იარლიყების მიწებება კიდევ უფრო ანგრევს ოპოზიციურ ერთობას. ეს ერთობაც ყალბი კლიშეა. თანამშრომლობა და კოორდინაციაა საჭირო. ჭრელ პოლიტიკურ სპექტრში და ჭრელ საზოგადოებაში არ ხდება ერთობა იმ გაგებით, როგორც წარმოუდგენიათ. ჩვენ გვჭირდება ის, რაც არ არის მიუღწევადი: კორექტულობა, ურთიერპატივისცემა, განსხვავებული აზრის და პოლიტიკური პოზიციის გაგება, აგრესიის შეკავება, ქვეყნის ინტერესების ვიწროპარტიულ ინტერესებზე წინ დაყენება. გვჭირდება პროფესიონალი, კვალიფიციური პოლიტიკური კლასი, რომელიც საკუთარ ე. წ. პოლიტბაბლზე გონიერი აღმოჩნდება.
“მღვდელი გაპონი” ცნობილი პოლიტიკური მეტაფორაა, როცა ხალხი წინასწარ განწირულ აქციაზე გამოგყავს, რომელსაც სასტიკად უსწორდებიან და ხელისუფლებას რეპრესიების გამკაცრების საშუალება ეძლევა. არაა პაატა ბურჭულაძე მღვდელი გაპონი, მას ოპოზიციის მიერ მიტოვებული ქუჩა შერჩა და როგორც აქტიურმა, ქარიზმატულმა და ილუზიებში ჩავარდნილმა ადამიანმა პირადი თავგანწირვის ფასად მარცხისათვის განწირული საქმე წამოიწყო. ის უფრო ბულატ ოკუჯავას სიმპატიურ გმირ ჯარისკაცს ჰგავს, რომელიც კეთილი საქმისათვის სულ ბრძოლისკენ იწევდა. ერთხელაც გადაეშვა გაბედულად ბრძოლაში, მაგრამ ცეცხლში დაიწვა. დაავიწყდა, რომ ქაღალდის ჯარისკაცი იყო. ამ სიმღერას “ქაღალდის ჯარისკაცი” ჰქვია.
ახლა საჭიროა ემოციების გვერდზე გადადება. ოპოზიცის დასხდომა ერთ მაგიდაზე და გეგმის შემუშავება.
ოპოზიციის ლიდერების ციხეში ყოფნა ეს ცალკე პრობლემაა და ცალკე თემაა, - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქში".