4 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე სახელისუფლებო რეპრესიებს რომან გოცირიძე ეხმაურება.
- ვიღაც ქართველი გოგო დაიჭირეს, რომელიც გერმანიიდან ჩამოსულა “მშვიდობიანი დამხობის” მხარდასაჭერად. ზოგი ამბობს ფსიქიურად არაადეკვატურიაო, ზოგიც საყვედურობს, რას მოდიოდა, თავს რად სწირავდაო, ზოგიც ემიგრანტებში ფულებს აგროვებდა აქციისათვის და ნაწილი მიითვისაო, ზოგი იმასაც ამბობს რუსიაო ქართულად მოლაპარაკე ( ანუ შემოგზავნილიო), ზოგი ამბობს უკრაინაში მებრძოლებს თავგზას ურევდა მიმოწერით, აქციაზე უნდა ჩამოეტყუებიაო (ანუ მერე დაიჭრდნენო აქ), ზოგი ამბობს, ბიძინას აგენტია, მეამბოხეებში ჩანერგილიო. მოკლედ, დაიჭირეს ეს გოგო და დამცველი და თანამგრძნობი არავინ ჰყავს, პირიქით, ნიადაგიც კი შეუქმნეს დასაპატიმრებლად სოციალურ ქსელში მისი ლანძვით.
დავინტერესდი და გადავავლე თვალი მის ფეისბუქგვერდს. ერთი, როგორ იტყვიან, გულანთებული პატრიოტია, გზააბნეული თუ თავაბნეული, არც მთლად გაწონასწორებული ხასიათით (რბილად რომ ვთქვათ), ისეთი, როგორიც ბევრი გვინახავს, როგორიც ბევრს მოსწონს და ბევრს აღიზიანებს. ასეთებს ბევრი შეცდომა მოსდით, ამავე დროს თავზეხელაღებულები არიან და ხშირად ილუზიებში დაფრინავენ, იდეურები არიან და ზოგჯერ რეალობას მოკლებულები. ჩამოვიდა რევოლუციის მხარდასაჭერად და აგერ, საპატიმროშია ახლა. მისი გულუბრყვილო თუ არასერიოზული პოსტების გამო ალბათ ამბოხის ერთ-ერთ ორგანიზატორობასაც აჰკიდებენ.
ჰო და ამ საწყალ გოგოს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, მათ შორის ალბათ სამედიცინო-ფსიქოლოგიური ხასიათის, მოღალატედ აცხადებენ ოპოზიციურ ფლანგზე და რევოლუციის ჩავარდნას აბრალებენ, ხოლო “ოცნების” რუსული რეჟიმი პროპაგანდისთვის გამოიყენებს და არაადეკვატური ფეისბუქპოსტებისათვის ცხრაწლიან ციხეს მიუსჯის.
მარტო ოპოზიციური პარტიები კი არ არიან ეთმანეთს გადაკიდებულები, არამედ ოპოზიციური საზოგადოებაც. ინტერესებიც მრავალფეროვანია, მხოლოდ იდეებში არ არის საქმე.
ამ გოგოს დახმარება სჭირდება. თავად ის ფაქტი, რომ დაკავებულია და “ოცნების”რეჟიმი თავისი გეგმის ნაწილად აპირებს გამოყენებას, ესეც საკმარისია მასზე ყურადღების მისაქცევად და გვერდში დასადგომად, - წერს რომან გოცირიძე.