„ნაციონალური მოძრაობა“ არის ავტოკრატიული ძალა, რომელიც თავის ბელადის ილუზიებით დარბის და ატრიალებს ამ ქვეყანასაც, ეს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც რეჟიმი ჩამოიშლება, თავისუფალ არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს.
„ნაციონალური მოძრაობას“ არ უნდა დაუჯდეს არცერთი რესპექტაბელური ძალა და ჩარეცხოს ბოლომდე. ვიღაცები გაჩუმდნენ, ამ ბაბლის ბანდერლოგების თავდასხმების შეეშინდათ და მაინც დაფიქრდნენ, იქნებ, რაღაცა ხდება და რატომ აღმოვჩნდე სხვაგან. ვიღაცები ყვირიან, სუს-მა მოგვატყუაო. ჩვენ ვერ მოგვატყუა. ორი თვეა, ვყვირი, რომ ფარსი მზადდება და დაიღუპებით, ხალხო. არ მოგვაქციეს ყურადღება. გამარჯვება თუ გვინდა, ავტოკრატიული ძალები პროცესისგან უნდა ჩავხსნათ. პროტესტის დაკვეთა არის დემოკრატიული მმართველობა. თავისუფალ არჩევნებს როდესაც მივაღწევთ, როდესაც რეჟიმი ჩამოიშლება, თავისუფალ არჩევნებს ზურაბიშვილი ჩაიბარებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„ფედერელისტების“ ლიდერმა პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ეს არის რეჟიმის ფართხალი“.
„რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია, ვერ მართავს ქვეყანას. რუსთაველზე 500-კაციან თუ 10-კაციან, როგორც თვითონ უწოდებენ, პროტესტს ვერ შლის და იგონებს მილიონ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ ქვეყნის მართვა შეძლოს. ეს აკრძალვებიც ამას ეხება. რეჟიმი ქუჩიდან მაინც უნდა გატყდეს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა შიში, რომ მოხდეს „ფედერალისტების“ აკრძალვა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, „შიში ნებისმიერს აქვს“.
„ბოკერია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი ბრძოლისთვის, იგივე უნდა გავაგრძელოთ. 26 ოქტომბერს დაანონსებული გვაქვს დიდი აქცია. პოლიტიკური სპექტრი რომ ყოფილიყო იმ ფორმაში, რომ პროტესტი ემართა, დიდებული იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოლიგარქიული, ავტოკრატიული, პოლიტიკური ძალების გამო, ოპოზიციაშიც ეს ვერ ხერხდება. საჭიროა დემოკრატიული ძალების ალიანსი. ჩვენ თანამშრომლობას დავთანხმდით იმ ძალებთან, სადაც პოლიტიკური ლიდერები ბელადის გარეშე ნულები არ არიან. სხვანაირად შეუძლებელია, პროცესი გამარჯვებამდე მივიდეს. ვხედავთ დემოკრატიული ბუნების პროტესტს, ამას სჭირდება დემოკრატიული თავი და არა ვიღაც ავტოკრატები, რომლის გარეშეც ყველა ნულია მათ პარტიაში“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
- სასამართლოს მოწმედ ვერანაირად ვერ გამოვადგები, რადგან მოწმის სამართლებრივ სტანდარტს არ ვაკმაყოფილებ. მოწმე რომ იყო, საკუთარი თვალით უნდა გქონდეს ფაქტი ნანახი, – ამის შესახებაც პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებულ განცხადებაზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
ჩერგოლეიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ჩართული იყო, თუმცა ამ ყველაფერზე საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს.
„ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ზუსტად ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძე უკვეთავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში „ტვ პირველს“ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ზუსტად ვიცი, რომ მზია ამაღლობელის საქმე და მისი სასჯელი არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ გაკეთებული, მაგრამ სასამართლოში მოწმედ ვერავის გამოვადგები, რადგან იმისთვის, რომ მოწმე იყო, საკუთარი თვალით უნდა გქონდეს ფაქტი ნანახი. როგორც პოლიტიკოსი, ყოველთვის ვამხელ იმ მავნებლებს, რომლებიც ისეთ ავანტიურაში ჩაითრევენ ქვეყანას, რაც 4 ოქტომბერს სცადეს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული, უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარია, ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან ნებისმიერი გონიერი, საქმეში ჩახედული, პროფესიონალი ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იმავეს მიხვდებოდა და ეს არ იქნებოდა საერთოდ ჩემი სათქმელი. ამაზე იქნებოდა საჯაროდ საუბარი, ჩვენ რომ გვყავდეს, თავისუფალი მედია, რომელიც დონორის დაკვეთის შესრულების ნაცვლად, სიმართლის გამოძიებით არის დაკავებული“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით – თინა ბოკუჩავას, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის, პაატა ბურჭულაძის საჯარო განცხადებების და ამ განცხადებებზე გაკეთებული კომენტარების საფუძველზე.
„ვინც არ არის სულელი, ამას ყველა მიხვდება. მართალი რომ ვარ, ეს იცის ყველამ, ვინც ამ საქმესთან შეხებაში ყოფილა“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
კითხვაზე, – „ბაჩო ახალაიას სახლში მიმდინარეობდა დაგეგმარება?“ – ჩერგოლეიშვილის თქმით, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ასე იყო, თუმცა ამის მოწმედ ვერ გამოდგება.
„ყველამ იფიქრეთ თქვენით, რა განცხადებებზე დაყრდნობით მაქვს ეს მოსაზრება. ზუსტად ვიცი, რომ ირინა სარიშვილი იგორ გიორგაძის რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდა, მაგრამ ქვეყნის ღალატის საქმეში მას მოწმედ ვერ დავუდგები“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, ჩერგოლეიშვილის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საქმის კურსში იყო.
„ის, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნა, ზუსტად მაგ შიშით არის განპირობებული, რომ ბაჩო ახალაიას დაუკავშირდა ეს ყველაფერი. გაემიჯნა ამ ყველაფერს. ცოტა ხანში ბაჩო ახალაიასაც გაემიჯნება. წაიკითხეთ მისი პოსტები, წაიკითხეთ თინა ბოკუჩავას პოსტი, როგორ ეხვეწებოდა, რომ, 4 ოქტომბრის ნაცვლად, მხარი მისი „აჯენდისთვის“ დაეჭირათ და მერე უყურეთ, სააკაშვილი რას აკეთებდა. ან ახლა ან არასდროს და ა.შ.“ – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
- რა სჭირდა ღობეს და ასე შემდეგ, ვერანაირ შეთქმულებაში ვერ შევალ. ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის ერთი, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები არალეგიტიმური, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქმედებდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძის თქმით, „რეჟიმის პროვოკაციები არაერთხელ უნახავთ და ამაში ახალი არაფერია“.
„იქ რომ სუს-ს, შეიძლებოდა, თავისი ინტერესი ჰქონოდა და, შესაბამისად, რეჟიმის პროვოკაციებიც არაერთხელ გვაქვს ნანახი, ამაში ახალი არაფერი არ არის. მთავარი ხაზი 4 ოქტომბერს იყო, რომ ქუჩაში გამოსულმა ასიათასობით საქართველოს მოქალაქემ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ისინი მათ, როგორც ხელისუფლებას, არ აღიარებენ და საზოგადოებას თავისუფლებისთვის ბრძოლა სწორედ მშვიდობიანი რევოლუციური ცვლილებებით წარმოუდგენია“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის საქმის ნაწილში ბაჩო ახალაიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ კავშირსა და მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ. ძალიან სამწუხაროა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის მესიჯბოქსი ემთხვევა სუს-ის მესიჯბოქსს, რომელიც სწორედ ამ ნარატივის განვითარებას ცდილობს. ისინი ცდილობენ, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერთან რამენაირად დააკავშირონ, დამატებითი შეთქმულების თეორია და ამასთან დაკავშირებით „ბუა“ შექმნან. რატომ აკეთებას ამას თამარ ჩერგოლეიშვილი, დასკვნები საზოგადოებამ თავად გამოიტანოს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რაც შემიძლია, გითხრაც, არის, რომ 4 ოქტომბრის საქმის ნაწილში ბაჩო ახალაიასთან ნებისმიერ კავშირსა და მონაწილეობას კატეგორიულად უარვყოფთ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები იმართებოდა და ეს ფაქტი დაპირისპირების მიზეზი გახდა „ნაციონალურ მოძრაობაში“.
წყარო: "პირველი არხი"