მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო, ეს იყო ნამდვილი ვარდების რ - 17 ოქტომბერი 2025

- რეალურად საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო. ეს იყო ნამდვილი ვარდების რევოლუცია. ამის შემდეგ ჩვენი განათლების სისტემა ბოლონიის პროცესს მიუერთდა. ეს თაობა ებრძვის დღეს საბჭოური ცეხავიკების, "გუჩებში" გამოწკეპილ, კოჭებგადმოყრილ შთამომავლობას.

ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე, ცოდნა და უვიცობა არასდროს ყოფილა. შუა ნამდვილად გაკრეფილია და სიბნელე ნამდვილად დამარცხდება, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში. 

დავით ზურაბიშვილი, ექსპერტი:

- ორიოდ სიტყვით კობახიძის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე. 

რეფორმის კონცეფციაში ზოგადი შეფასება-მიმოხილვების გარდა არის რამდენიმე საკვანძო პუნქტი. ყველა მათგანის ერთად განხილვა ძალიან დიდი ადგილს დაიჭერს, ამიტომ. აქ შევეხები მხოლოდ ერთ პუნქტს, დანარჩენზე კი სხვა დროს მოგახსენებთ.

კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტი არის "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ თუ ქალაქში არის რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაშინ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტები. მაგალითად თბილისში არის ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოთხივეს აქვს იურიდიული ფაკუკლტეტი. ამ რეფორმის შედეგად სამ უნივერსიტეტს ეს ფაკულტეტები უნდა ჩამოერთვას  და გადაეცეს მხოლოდ ერთს. როგორ მოხდება იმ ერთი რჩეულის შერჩევა? როგორც კობახიძემ გვითხრა, ფაკულტეტების განაწილება მოხდება "აკადემიური ტრადიციების" მიხედვით, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს წაიღებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტი (თსუ). ყველა სხვა უნივერსიტეტი ხომ მასზე ბევრად გვიანაა დაარსებული და შესაბამისად ტრადიციებიც უფრო ხანმოკლე აქვთ?

რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს ასეთ პრინციპს? აქ სრული კატეგორიულობით შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად არანაირი. ეს არავითარ აკადემიურ სტანდარტში არ ჯდება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ არსებობს და აზრადაც არ მოუვა არავის თავში ამის გაკეთება, რადგან ეს, ჯერ ერთი, აკადემიური თავისუფლების სერიოზული ხელყოფაა, და, გარდა ამისა, ეს გამოიწვევს უკვე არსებული აკადემიური ინსტიტუტების და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის რყევას და მოშლას. 

ამგვარი გადაწყვეტილების გამართლება საკმაოდ დაუფარავად ხდება იმ პოლიტიკური მოტივით, რომ ზოგიერთი უნივერსიტეტი არა მარტო ნაცების ბუდეა, არამედ გადაქცეულია ნაცების გამომშვებ კონვეიერად. ძირითადად აქ გულისხმობენ ხოლმე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს უნივერსიტეტს. ასევე თავისუფალ უნივერსიტეტსაც. თავი დავანებოთ იმას, რომ ასეთი დამოკიდებულება უნივერსიტეტების მიმართ ("ნაცების ბუდე" და ა.შ.) თავისთავად არის უკიდურესი ქაჯობა და მდაბიოობა, ეს ასევე არ არის სიმართლე და ელემენტარულად ტყუილია. პირიქით, აკადემიურ სივრცეში დასაქმებულებს თუ ავიღებთ, ლექტორებს, მასწავლებლებს და ა. შ., განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იქ  ხელისუფლების მომხრეებიც საკმაოდ არიან, თუ უმრავლესობაში არა და კობახიძის ეს ვითომდა ანტინაცური ღონისძიება, მათაც უშუალოდ შეეხებათ.

პირადად მე თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს  "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" პრინციპი მოგონილ იქნა მხოლოდ და მხოლოდ ილიაუნის გასაუქმებლად, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მას ჩამოერთვას ფაკულტეტთა უმრავლესობა და  მიუერთდეს თსუ-ს. შენობების დიდი ნაწილი, კი, როგორც მოგვახსენა ბ-ნმა კობახიძემ, გაიყიდოს.

აი, ასეთი "გენიალური" გეგმაა მოფიქრებული. ოღონდ რამდენადაც ამ რეფორმის კომისიაში სულ ისეთი ხალხი იყო შესული, რომელთაც ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ განათლების სისტემაზე, მათ გამოეპარათ ერთი ნიუანსი: ეს პრინციპი არ ეხება მარტო ილიას უნივერსიტეტს, სადაც სხვათა შორის ხელისუფლების მხარდამჭერი ლექტორებიც არიან, არამედ ეხება ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტს და შესაძლოა სოხუმის უნივერსიტეტსაც, რომელიც თბილისშია განთავსებული. ასევე ამ პრინციპით სამედიცინო ფაკულტეტი დარჩება ალბათ მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტს. თეატრზე და კინოზე კურსები წაიკითხება მხოლოდ თეატრალურ უნუივერტსიტეტში და ა. შ. ინტერდისციპლინარულ საგნებს და კურსებს რა უყონ, ეს ჯერ რეფორმის წევრებმა არ იციან, ეჭვი მაქვს, არც ის იციან ეს "ინტერდისციპლინარული" საერთოდ რას ნიშნავს.

აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთი ფაკულტეტის პრინციპის გატარების მცდელობა ქაოსისა და საყოველთაო უკმაყოფილების გარდა არაფერს გამოიწვევს. თავად სწავლების ხარისხი კი ნებისმიერ შემთხვევაში დაეცემა ასეთი რყევებისგან - წერს დავით ზურაბიშვილი. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე:

„რეფორმასთან“ დაკავშირებით - როგორც უმაღლესი განათლების დიდ გულშემატკივარს - ფორმალური განათლებით და მთელი ჩემი საქმიანობით, არ ვეთანხმები დაანონსებულ გეგმას (დიდი იმედი მაქვს, ეს მავნებლობა ვერ განხორციელდება). 

„ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ იდეა - ეს მიდგომა ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის არსს და იდეას - მის მრავალფეროვნებასა და ინტერდისციპლინარულ ბუნებას. უნივერსიტეტების საბჭოთა ნოსტალგიით „გაპროფილურება - გაფაკულტეტება - გაკათედრება” ტოტალურად უგულებელყოფს აკადემიურ თავისუფლებას. უნივერსიტეტი დაარსებიდანვე დაფუძნებულია იდეაზე, რომ ცოდნა მრავალმხრივად და ინტერდსიციპლინარულად იქმნება, სხვადასხვა დისციპლინური მიმართულებების თანაცხოვრებით, თანამშრომლობით და არა ხელოვნური ჩარევით, პროფილებად და გეოგრაფიულად დაყოფილი სქემით.

უნივერსიტეტების პროფილებად დაყოფა საბჭოური მოდელის მემკვიდრეობის აშკარა აღზევების მცდელობაა. შოკური და სახიფათო ჩარევის “მცდელობა” არა მარტო გაუმართლებელ დეცენტრალიზაციას, არამედ სისტემურ ფრაგმენტაციას გამოიწვევს და მთლიანად გაანადგურებს საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების პოსტსაბჭოთა სისტემის გარდაქმნის მცდელობებს და წარმატებულ ცვლილებებს, რა ცვლილებებითაც სამინისტროდან დაწყებული, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრით დამთავრებული, ყველა თავს იწონებდა. 

შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, უნივერსიტეტი ერთი ქალაქის ან ფაკულტეტური პროფილის ჩარჩოებში მოაქციოს, არსებითად არღვევს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიის იდეას.

ეს ინტერვენცია ნიშნავს უნივერსიტეტის ავტონომიურობის ეტაპობრივ და ფაქტობრივ გაუქმებას. უნივერსიტეტების აკადემიური, ფინანსური (რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული!) და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 27 – აკადემიური თავისუფლება, უნივერსიტეტის ავტონომია), ასევე ევროპული უმაღლესი განათლების სივრცისა და დიდი უნივერსიტეტების ქარტიის (Magna Charta) ფუნდამენტური ღირებულებით. 

ბოლონიის პროცესის ჩარჩოში უნივერსიტეტის ავტონომია და პასუხისმგებლობა და აკადემიური თავისუფლება განიხილება როგორც ხარისხის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მთავარი ინსტრუმენტი. ამ ღირებულებების უკან წაღება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე იმ ევროპულ გზას, რომელსაც ჩვენი განათლების სისტემა უკვე ორი ათწლეულია მიჰყვება. არც ერთი სხვა სფერო ისე ინტეგრირებული არ არის ევროპასთან, როგორ უმაღლესი განათლება მთელი იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ბოლონიის პროცესის და ევროპული უმაღლესი განათლების ერთიანი სივრცის ნაწილია. 

სიმბოლურია და ამავდროულად ირონიულიც, საქართველო 2025 წელს ბოლონიის პროცესის 20 წლის იუბილეს უნდა აღნიშნავდეს, აანალიზებდეს შედეგებს და აძლიერებდეს ბოლონიის პროცესის პოტენციალის გამოყენების გეგმას, მაგრამ პირიქით, ვიწრო ჯგუფში მიღებული რეფორმის სურვილები და დაანონსებული გეგმა სრულ იზოლაციაში მოაქცევს ქართულ საგანმანათლებლო გარემოს და დააშორებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს.

ჩვენი ახალგაზრდებისთვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები - დროებით ისწავლონ, იმოგზაურონ, იმუშაონ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და გარემოში - სწორედ ამ 20-წლიანი ინტეგრაციის შედეგია. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ურთიერთობებს, ამ 20 წლიან უწყვეტობას და ევროპულ გზას - აღიარებას არღვევს, აზიანებს ქვეყნის მომავალს და ამცირებს ჩვენი ახალგაზრდების პერსპექტივებს.

საქართველოს განათლების სისტემა და ზოგადად განათლების სისტემა ვერ იტანს ასეთ უხეშ ჩარევებს. სისტემა უნდა ვითარდებოდეს არა შოკური რეფორმებით, არამედ თანმიმდევრული პოლიტიკითა და სტრატეგიით, მონაცემებზე, კვლევასა და განვითარებული სამყაროს გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით.

განათლება უძლიერესი ინსტრუმენტია და არაფრით არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ექსპერიმენტების და კონკრეტული ადამიანების ამბიციების სივრცე - ეს არის სახელმწიფოს სტაბილურობისა და პროგრესის საფუძველი. დიდი პასუხისმგებლობით უნდა გავუფრთხილდეთ ამ ინსტრუმენტს" - წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე, სოციალურ ქსელში და "ოცნების" მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას ეხმაურება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე:

"ვიღას აინტერესებს საერთაშორისო რეიტინგები, მაგრამ მაინც: 

ილიაუნი საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტია კვლევის გარემოსა და ხარისხის, სწავლების, საერთაშორისო პროგრამებისა და მაღალი სამეცნიერო სანდოობის მქონე ერთობლივი კვლევითი პროექტების მიხედვით. ეს მაშინ, როცა ფაქტობრივად უნივერსიტეტის დაფინანსების მოდელში არც არსებობს/მინიმალურია კვლევის დაფინანსება.

ქართული საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემა ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე უკვე ივანე ჯავახიშვილის თაობის კონცეფციებია არა მხოლოდ შინაარსით, ტოპოლოგიითაც. ადგილი უნივერსიტეტისთვის, როგორც ნამდვილი  გზაშესაყარი სამომავლო განვითრების პერსპექტივით, ისე შეირჩა თავის დროზე და ასეც განვითარდა. ეს ამ ქვეყნის იდენტობის, კულტურული და სამეცნიერო მეხსიერების ადგილებია, საგანმანათლებლო სისტემის რუკაა, გზამკვლევია. 

სწორედ ამ რუკას მივყვებით და ამით მოვახერხეთ, რომ დიდი ხარვეზებით, წვალებით, მაგრამ მაინც, აგერ 2025 წლისთვის ვართ აქ ჩამოთვლილი გერმანული, ბრიტანული, ფრანგული, ამერიკული და ა.შ. უნივერსიტეტების გვერდით. მოვახერხეთ, რომ სწრაფად მზარდ, წარმატებულ უნივერსიტეტად ვართ მონიშნული საერთაშორისო სამეცნიერო რუკაზე. 

დაუშვებლად მიმაჩნია ამ ისტორიული - ილიასა და ჯავახიშვილისეული - კონცეფციის შეცვლა ახალი, ვაკე-საბურთალოს საუნივერსიტეტო შენობების გაყიდვაზე და სოვდაგრულ აღებ-მიცემობაზე დაფუძნებული გაუგებრობით. ვნახეთ უკვე ამ ახალი კონცეფციის პირველი მერცხალი: როგორ გაიყიდა სპორტის უნივერსიტეტის შენობა ვაკეში და როგორ „მოხმარდა“ იგი ბიზნესმენების მესაკუთრული იდენტობის ამაღლებას. 

უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები. უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თაობებს შორის უწყვეტობის, მემკვიდრეობითი კავშირის ადგილია. აქ ხვდება ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი ქვეყნის, ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ინსტრუმენტით: „აზრის აღებ-მიცემობის“ (ილია) ძალით და ამის მოშლა დაუშვებელია" - წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE