საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან, ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ. კრიმინალურ "ნაეზდთან", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს. მისი თქმით, ივანიშვილის მიზანი არა ექსპრემიერის დაკავება, არამედ ფულის ამოღება იყო და ამიტომ იყო, რომ ის ციხეში არ გაუშვეს.
ჩვენ საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან, ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ. კრიმინალურ "ნაეზდთან", "ფული მოიტანე, ბიჭო!", რაშიც ჩართულია პროკურატურა, სუსი, მოსამართლე, ჩაცუცქულები არჩევენ საქმეს. მიზანი არ იყო არავის დაჭერა, მიზანი იყო ფულის ამოღება. ეს მიზანი რომ ვერ შესრულდა, მერე დაიწყეს ვითომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ეს ფული რომ შეაგროვოს, რასაც სთხოვენ, ხომ უნდა იმუშავოს? ციხეში როგორ იმუშავოს? უთხრა, რომ მეო ახლა ციხეში რომ ჩავჯდე, იქიდან როგორ შევაგროვო ამხელა ფულიო და დამტოვეთ გარეთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პირობები შევასრულოო და ალბათ სხვებსაც უნდა დაელაპარაკოს. ახლა დადგა მოსავლის აღების, ცხვრების პარსვის დრო და ერთმა ცხვარმა ითხოვა, რომ სანამ გამპარსავთო კიდევ მოვისახამო, ცოტა ამომივიდეს კიდევ მატყლიო.
პოლიტიკური დევნილის მანტიას ვერ მოისხამს ღარიბაშვილი. ყველაფერი აღიარა, გამოგვიცხადეს, რომ აღიარა დანაშაული და პირობა დადო, რომ მეტს აღარ იზამს, მეტს არ მოიპარავს. დღეიდან წესიერი კაცი გახდა, - ამბობს გია ხუხაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა.
ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში ყალბი მონაცემები მიუთითა, თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდ ოდენობით თანხას. გამოძიების თანახმად, ამ გზით მან 830 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია სცადა. გარდა ამისა, 2023–2024 წლებში ღარიბაშვილმა შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები და კომპანიის 100%-იანი წილი, რომელიც უძრავ ქონებას ფლობდა.
პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ფულის გათეთრებაში (სსკ 194-ე მუხლი, მე-3 ნაწილი, გ ქვეპუნქტი) და სასამართლოს მიმართა 1 მილიონი ლარის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით.
წყარო: "ტვ პირველი"