„უკრაინის ფონზე დასავლეთი რუსეთს პირობებს წაუყენებს, ასეთი უნიკალური შანსი 30 წლის განმავლობაში არ გვქონია“
აფხაზეთი ჩვენი მოუშუშებელი იარა და ტკივილია. როგორ, რა გზებით უნდა დავიბრუნოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები - ეს კითხვა ნებისმიერ შეგნებულ ქართველს აწუხებს. ერთი რამ ცხადია, სანამ შიგნით საერთო ენას ვერ გამოვნახავთ და ეგზისტენციალურ საკითხებზე მაინც ეროვნულ თანხმობას ვერ მივაღწევთ, მანამდე შიდა თუ გარე მტერთან გამკლავება გაგვიძნელდება.
აფხაზეთის ოკუპაციიდან უკვე 30 წელზე მეტია გასული. დღეს რუსეთისა და რამდენიმე სატელიტის მიერ „აღიარებულ“ რეგიონს მოქმედი აეროპორტი აქვს, ხოლო ადმინისტრაციულ-გამყოფ საზღვარზე ოკუპანტები „საქართველოსთან საბაჟო-გამშვებ ტერმინალს“ აშენებენ. ამ ფონზე, გალში შემორჩენილი ქართველები აბსოლუტურ უუფლებობაში აგრძელებენ ცხოვრებას.
დაბრუნების პერსპექტივებზე დარგის ექსპერტებს მოვუსმინოთ.
„აფხაზთა კრების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია გვახსენებს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას (მამასახლისის საქმეზე), რომელშიც წერია, რომ საქართველო ვალდებულია აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. მისივე თქმით, ქვეყანა რა საშუალებებს გამოიყენებს, აღნიშნული სასამართლოს განსახილველი არ არის:
„ყველა კონსტიტუციურ საშუალებას შეიძლება მივმართოთ. მაგალითი სულ ახლახან აზერბაიჯანში განვითარებული პროცესებია. უფრო ადრინდელი ხორვატიის, სერბსკა კრაინის შემთხვევაა“.
პატარაია ამბობს, რომ რეგიონის დეოკუპაციის გარეშე დაბრუნება შეუძლებელია: „რუსეთის ჯარი უნდა გავიდეს. მეორე, მყარად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ომი იყო. კანონშიც გვიწერია, მაგრამ სულ გვეშლება და რაღაც არარსებული ეთნოკონფლიქტით ვანაცვლებთ ხოლმე. რუსეთმა აგრესიული ომი აწარმოვა საქართველოს წინააღმდეგ, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება“.
მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონზე უკვე სამი თუ ოთხი ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაა: „ახლაც დააკისრეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 29 ათასი ადამიანის მიმართ. ამ ნაწილში აფხაზეთზე კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს იმის საჩვენებლად, თუ რა მოხდა იქ აგრესიის შედეგად. დღეს ეს საკითხი თითქმის დავიწყებულია“.
პატარაიას განმარტებით, ორი კანონი გვაქვს მიღებული - ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა შესახებ. ანუ მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლით დაგმობილია ქმედება რუსეთის აგრესია და მსხვერპლი დევნილების სახით: „სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ადამიანები დევნილები არიან უფლებების მასობრივი დარღვევების გამო. მათ უბრალოდ ხომ არ გამოისეირნეს არა? მაგრამ კვალიფიკაცია არ გვაქვს მიცემული თუ რა მოხდა, კონკრეტულად რა დანაშაულის მსხვერპლია ეს ხალხი“.
მისივე შეფასებით, ამ ყველაფერს ეთნიკურ წმენდას ვუწოდებთ, მაგრამ საერთაშორისო სამართალში ასეთი დანაშაული არ არსებობს: „უფრო ვითარების აღწერაა, ჟურნალისტურ-პუბლიცისტური ხასიათის ტერმინია; თორემ ვერცერთ საერთაშორისო კონვენციაში ვერ ნახავთ სიტყვა ეთნიკურ წმენდას, რის გამოც ვინმეს პასუხისმგებლობა დაეკისრება. პროკურორი ამ ტერმინით ბრალს ვერავის აღუძრავს“.
მისივე განმარტებით, ჰააგის ტრიბუნალის მიხედვით ოთხი კონვენციური დანაშაული არსებობს - აგრესია, სამხედრო დანაშაული, გენოციდი და დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ:
„აქედან ყველაზე მძიმე გენოციდია. აფხაზეთში რომ ქართველების გენოციდი მოხდა, ეუთოს სამიტის სამი გადაწყვეტილება გვაქვს. ასევე, არის ვენის დეკლარაცია. საბოლოოდ ასეთი ფორმულირება მივიღეთ - ეს არის ეთნიკური წმენდა, ქართველების ფიზიკური განადგურება, ძალადობით გაძევება და დემოგრაფიული ვითარების შეცვლის დაუშვებლობა. გენოციდის კვალიფიკაციის ოთხივე ნიშანია, მაგრამ ამისთვის სახელი დარქმეული არ გვაქვს. სახელი უნდა ვუწოდოთ, როგორც ამას უკრაინელები ამბობენ და აკეთებენ კიდეც“.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთში ქართველთა გენოციდის მოწყობაზე ჯერ ჩვენთან საკანონმდებლო დონეზე და შემდეგ საერთაშორისო ინსტანციებში საკითხი უნდა დავაყენოთ: „პარლამენტის დონეზე ჩერქეზების გენოციდი ვაღიარეთ. ასე მოხდა და სწორია, ძეგლიც კი გვაქვს. მაგრამ უფრო ახალი ქართველების გენოციდისთვის (რომლის შემსწრეებიც ვართ, ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ იცის) კუთვნილი სახელი არ გვაქვს დარქმეული“.
„აფხაზთა კრების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 250 ტომიანი საქმე დევს, რომელიც მაუდის ქვეშ ამოდებულია:
„ჯერ ერთი, 25 ათასი მოწმის ჩვენებაა, წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის საქმეა? მაშინდელი მონაცემებით მხილებულია 20 ორგანიზატორი და 800 შემსრულებელი, არცერთ მათგანზე დაკავების ორდერი გაცემული არ არის. შეგახსენებთ, სწორედ ჰააგის ტრიბუნალმა გასცა ორდერები ცხინვალის საქმეზე, ოსების სამ მაღალჩინოსანზე; გენერალ ბორისოვზეც უნდა გაეცათ, მოკვდა ამასობაში. ხოლო აფხაზეთში ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე არცერთი ორდერი არ გვაქვს. ისტორიაში გენოციდის რაიმე ფორმა თუ არსებობს, ყველაფერი იყო აფხაზეთში, ალბათ გაზის კამერების გამოკლებით - ვერ მოასწრეს, თორემ ამასაც იზამდნენ“.
ლოგიკური კითხვა ისმის - ასე რატომ მოხდა? პატარაიას შეფასებით, დანაშაულის ჩამდენი ყოველთვის კვალის წაშლას ცდილობს, ხოლო საქართველოს ყველა ხელისუფლება თავისი მიდგომებით რუსეთს დაეხმარა, რომ საკაცობრიო დანაშაული ჩაეფარცხა:
„რით? იმთავითვე გამოაცხადეს, რომ ეს აფხაზურ-ქართული კონფლიქტია. 15 წელი დაგვჭირდა და რუსეთის მეორე ღია აგრესია (ცხინვალის მიმართულებით) იმისთვის, რომ გაგვეგო - ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი! არავითარი აფხაზურ-ქართული კონფლიქტი არ ყოფილა. რუსის ჯარი ე.წ. მშვიდობისმყოფელად ჩავაყენეთ. 5-6 წლიანი საქმის წარმოება ორთქლის გამოშვებისთვის მიმდინარეობდა. შემდეგ თაროზე შემოიდო“.
პატარაია აქვე კითხვას სვამს - ასეთი უმძიმესი დანაშაულის დამალვა-დაფარვა თვითონ დანაშაული არ არის?
„დანაშაულს მაშინაც ჩავდივართ, როცა აღნიშნულზე არ ვლაპარაკობთ. უპირველესად, ეს საქმე უნდა გაკეთდეს. დანაშაულში რუსეთის მხილება იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლმა მატერიალურ-მორალური ანაზღაურება მიიღოს, ხოლო უკან დაბრუნება ყოველგვარი ალბათობის გარეშე გადასაწყვეტია. გენოციდის მსხვერპლზე არავინ იტყვის, ვიღაცასთან დაჯექი და ილაპარაკეო. დევნილი თავდაპირველ უფლებებში უნდა აღდგეს და მიიღოს ისეთივე კომპენსაცია, როგორიც ახლა ცხინვალზე დავაკისრეთ, ამაზე მეტიც“.
ამას გარდა, პატარაია ამბობს, რომ ჯარი უნდა გვყავდეს - მშვიდობა თუ გინდა, ომისთვის უნდა ემზადო: „დარწმუნებული ვარ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და აქედანაც გასვლას დაიწყებს. ამ დროს ჩემს სახლში დაბრუნებას არავის შევეკითხები. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს. ჯერ ერთი, არ მგონია ჩემი მეზობელი აფსუებიდან ვინმეს პრეტენზიები ჰქონდეს. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ომამდე და სხვათა შორის ომის დროსაც. მე მაგალითად, მეორე სართულის მეზობლისთვის საკითხავი არ მაქვს, მეხუთეზე ავიდე და ვიცხოვრო. ვინც კანონს დაარღვევს პასუხსაც აგებს“.
მისივე თქმით, ამ ყველაფრისთვის საჭიროა დასავლეთის მხარდაჭერა: „მეგობრები აუცილებლად გვჭირდება. ვერც აზერბაიჯანმა შეძლო ყარაბაღის პრობლემის დამოუკიდებლად და რუსეთთან მეგობრობით გადაწყვეტა. ასეთივე დასავლური ღირებულებების მატარებელი ხელისუფლება უნდა გვყავდეს“.
რეალობის გათვალისწინებით, რა ეტაპზე უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან იძულებით დეოკუპაციას, რაც დაბრუნების საშუალებას მოგვცემს? პატარაია გვეუბნება, რომ დიდ გეოპოლიტიკურ სურათს უნდა შევხედოთ. მისივე თქმით, დღეს გასაკეთებელს უნდა მივხედოთ და მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა რუსეთის გლობალურ პრეტენზიებს წერტილი დაესმება:
„ორი ბანაკი გვაქვს - სიბნელის, სადაც რუსეთი და მისი მოკავშირეებია და მეორე - დასავლური ცივილიზაცია. მათ შორის ღია ომი მიმდინარეობს. საბოლოოდ ცივილიზებული კაცობრიობა გაიმარჯვებს. ამის კვალობაზე რუსული გავლენები შესუსტდება და მერე ბოლომდე ამოიძირკვება როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. არ ნიშნავს, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილი ველოდოთ. ამ დროს ოკუპირებული ტერიტორიები დღის წესრიგიდან მოხსნილი გვაქვს. ახლა სოხუმის აეროპორტი გახსნეს, ვინმემ ხმა ამოიღო?“
პატარაია გალის რაიონს გვახსენებს, სადაც 35 ათასი ქართველი რუსული რეჟიმის ქვეშ ცხოვრობს. მისი თქმით, რაც დღეს იქ ხდება, აპარტეიდი, სეგრეგაცია, დისკრიმინაცია, რასიზმია.
„ქართველები აბსოლუტურად უუფლებო მდგომარეობაში არიან. გალის რაიონი ისტორიულად აფხაზეთის ბეღელია. ნაშრომის ძალიან დიდ ნაწილს ართმევენ და მთელი სოხუმის რეჟიმი იკვებება. თხილის თუ მანდარინის ე.წ. კრიშა, კონტრაბანდა და მისთ. ამავე დროს, იქ არ არის ქართული სკოლა, ეკლესია, ქართულად ლაპარაკი არ შეიძლება - ადგილზე სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობენ. რეჟიმის ზემოქმედება ხან ძლიერდება, ხანაც მოსუსტდება. ერთგვარი თანამედროვე რუსული გულაგია ქართველების შემადგენლობით.
სამარცხვინოდ გამოჰყავთ გალელი მოსწავლეები, მოსახლეობა და 27 სექტემბერს, რუსული არმიის დღეს აზეიმებენ; ქართველი ბავშვები არძინბას საფლავზე დასაფიცებლად მიჰყავთ და ა.შ. დღეს გენოციდი ცოტა სხვა ფორმით ხორციელდება. ეთნიკური ნიშნის იძულებითი შეცვლის პოლიტიკაც გენოციდია. ამაზე უკრაინამ ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინა. ეს უნდა ვაკეთოთ, სანამ ჩვენი „ჭეშმარიტების მომენტი“ არ დაგვიდგება. მხოლოდ და-ძმობაზე არც აზერბაიჯანს უსაუბრია და ამას არც უკრაინა აკეთებს“.
საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო არჩევნებამდე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ შესაძლო კონსენსუსზე მიანიშნა. თუ რუსეთი უკრაინის კრიზისიდან შედარებით „მშრალად გამოძვრა“, მოლაპარაკებისთვის შანსები რამდენად დაგვრჩება? მალხაზ პატარაიას თქმით, რუსეთს ერეკლეს დროიდან მოკავშირეებს ვუწოდებდით, რეალურად ასეთები არასდროს ყოფილან:
„რუსეთის პოლიტიკურ დოქტრინაში საქართველო როგორც სახელმწიფო არ არსებობს. ჩვენ ეს გვინდა, რაც დიამეტრულად განსხვავებული მიზნებია. პუტინისტებს იმპერიის აღდგენა სურთ. ვიცით ისტორია და თანამედროვეობაც. რის გაკეთება სურს საქართველოდან, სურათი აგერ გალში გვაქვს. იქ არ არის ქართული სახელმწიფო და ქართველი მოსახლეობა აბსოლუტურად უუფლებოა. რუსეთის სურვილია მთელი დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა ასეთ დღეში იყოს. მათთვის მხოლოდ ელარჯის გამწელავებად ვიყოთ“.
მისივე თქმით, დღეს უკრაინაში მსოფლიო დღის წესრიგი დგინდება, რაშიც ჩვენ განცალკევებული და მარგინალიზებული არ უნდა ვიყოთ:
„მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ვის მიმართოს, როცა არავისთან მიესვლება? ევროპასთან ურთიერთობები თვითონ ჩაჭრა. ამერიკას თავად აქვს შეწყვეტილი სტრატეგიული თანამშრომლობა. აქამდე საერთაშორისო ორგანიზაციებს მაინც მივმართავდით, განცხადებები კეთდებოდა. ახლა არ აქტიურობენ და თუ რამეა ვერც ეუბნებიან. მეშინია ამასობაში იმაზე უარესი არ მივიღოთ რაც გვაქვს, სტატუს-ქვოც არ დავკარგოთ“.
პატარაიას ამის საილუსტრაციოდ გალში საბაჟო ტერმინალის მშენებლობა მოჰყავს და კითხვას სვამს - რუსეთი ამას რატომ აკეთებს?
„იმიტომ, რომ გზები, რკინიგზა გახსნას. ნიშნავს, რომ მარტო ფაქტობრივად კი არა, იურიდიულად აფხაზეთი საქართველო არ იქნება. ეს ყველაფერი კანონებთან, სამართალთან არის დაკავშირებული; თუნდაც ტრანსპორტის გადაადგილებასთან, გზების, რკინიგზის კუთვნილებასთან და ა.შ. საფრთხე დღევანდელი ხელისუფლებისა და რუსული მხარის მოქმედებებშია. ფულს ტყუილად ხომ არ ყრიან, როცა ისედაც უჭირთ. ამ უხერხემლო და პრორუსული პოლიტიკით ჩვენ შეიძლება აფხაზეთსა და ცხინვალის იურიდიული დაკარგვის საფრთხის ქვეშ დავდგეთ, მით უფრო ბოდიშებიც ნათქვამია. ორი საერთაშორისო სასამართლოს დასკვნა გვაქვს, ჰააგის და ევროპის სასამართლოს - მაინც ჯიუტად ვიძახით ომი ჩვენ დავიწყეთო. როგორ შეიძლება შენივე ტერიტორიაზე რუსეთთან ომი დაიწყო? იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ არსად არაფერს აკეთებ, საერთაშორისო კოალიციებში არ ხარ, მერე გაწყობილ სუფრაზე ვინ დაგიძახებს?“ - დასძენს მალხაზ პატარაია.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მსოფლიოში, ჩვენ გარშემო სიტუაციის ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დასახულ მიზნებს ვერ აღწევს. მისივე თქმით, კრემლს მოუწევს დაკმაყოფილდეს სხვა რამით, ვიდრე მისი თავდაპირველი მიზნები იყო:
„იციან რა მისი აგრესიულობა განსაკუთრებით 2008 წლიდან, როცა საქართველოში შემოიჭრა, დასავლეთი რუსეთს გარკვეულ პირობებს წაუყენებს. დღეს შექმნილ მდგომარეობას უფრო საღად და ზუსტად აფასებენ. ამ ფონზე, ქართულ სახელმწიფოს (ქართულ ოცნებას არ ვგულისხმობ) ევროპულ კონტექსტში ჩართვის უნიკალური შანსი აქვს; უკრაინის საკითხიდან გამომდინარე ევროპამ პირობები წაუყენოს რუსეთს, რომ აგრესია საქართველოსთან მიმართებაშიც უკვე განხორციელდა“.
მისივე შეფასებით, ამას „ქართული ოცნება“ დანაშაულებრივად და მოღალატეობრივად არ აკეთებს:
„წულუკიანის კომისიის დასკვნაც ამას ემსახურებოდა, რომ ეს შიდაქართული, ვიღაც სააკაშვილის, ნაციონალური მოძრაობის პრობლემა იყო. ამ დროს, ჩვენი სახელმწიფო ანტირუსულ კოალიციაში ჩართული უნდა იყოს, ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან მხარდაჭერა ჰქონდეს. მაგალითად, ნატოს წევრი თურქეთისგან, რომელიც მხარს უჭერს აზერბაიჯანს და უკრაინას, რეგიონში თავისი გავლენებით დაინტერესებულია. მისგან და ევროპული ქვეყნებიდან გაძლიერებული საქართველო ისევე იყოს დღის წესრიგში, როგორც მაგალითად მოლდოვაა. ამ ფონზე, დასავლეთი რუსეთს წაუყენებდა პირობებს (უკრაინისა და მოლდოვის კონტექსტიდან გამომდინარე), რომ აფხაზეთ-ცხინვალის მიმართულებით დათმობებზე წამოვიდეს. მგონი ეს ერთ-ერთი უნიკალური შანსია, რაც 30 წლის განმავლობაში არ გვქონია“.
რა ეტაპზე შეიძლება დადგეს შანსი დღის წესრიგში? ზაქარეიშვილის შეფასებით, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ეს შანსი არ დადგება - როგორც კი ხელისუფლებიდან წავა, შესაძლებლობაც გამოჩნდება:
„ოპოზიციის ქცევაც არ დაგავიწყდეთ, არჩევნებში რომ არ მონაწილეობდა და ოცნება პრაქტიკულად გააძლიერა. ამიტომ უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში საკითხი არ მოგვარდება. საჭიროა ოცნების გაშვება ხელისუფლებიდან. ამასობაში უკრაინის სიტუაცია მოგვარდება და დასავლეთი რუსეთს პირობებს უკვე ჩვენს გარეშე წაუყენებს“.
კითხვაზე, რისი იმედი აქვს ხელისუფლებას, ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ არაფრის, რადგან საერთოდ არ ფიქრობენ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. მისივე თქმით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავენ:
„წულუკიანის კომისიის დასკვნა (მუშაობის სტილი და მანერა) მეტყველებს, რომ საერთოდ არ ადარდებთ აფხაზეთი და ტერიტორიული მთლიანობა. ერთადერთი აწუხებთ ვიღაცას გადააბრალონ ტერიტორიების დაკარგვა (თავიანთ გონებაში უკვე დაკარგეს და ხელებიც დაუბანიათ) და ძალაუფლების შენარჩუნება უკვე აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების გარეშე სურთ. ისინი ამ ტერიტორიებს რუსეთის კუთვნილებად არ აღიარებენ, მაგრამ რუსეთის ანექსირების პოლიტიკაში არ ჩაერევიან; ხელს არ შეუშლიან და ნეიტრალურად იქნებიან, თითქოს ტერიტორიები საქართველოს აღარ შეეხება. ერთადერთი რასაც რუსეთის წინაშე აყენებენ ისაა, რომ ხელისუფლების შენარჩუნებაში ხელი არ შეუშალოს. მაგ; პუტინმა სხვა პოლიტიკური ძალები არ გააძლიეროს. მოსკოვი ამას პირნათლად აკეთებს“.
რაც შეეხება აფხაზეთზე შესაძლო „მოლაპარაკება-კონსენსუსს“, ზაქარეიშვილის თქმით, ივანიშვილმა განცხადება საპარლამენტო არჩევნებამდე გააკეთა, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება უნდოდა. მისივე თქმით, ვერ მიიღეს და გაჩუმდნენ.
„მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის უნდოდათ, რომ კონსტიტუციიდან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულება ამოეღოთ. ვერ მიიღეს, კონფლიქტებსა და გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტებზე აღარ საუბრობენ. სამაგიეროდ, ვითარება კიდევ უფრო დაძაბეს წულუკიანის კომისიის მუშაობით. თუ ასეთი მაგრები იყვნენ და მზად იყვნენ რაღაც ახალი რეალობისთვის, წულუკიანის კომისიის დასკვნა რა საჭირო იყო? რომ ყველაფერში დამნაშავე ქართული მხარეა და რუსეთს საერთოდ არ ახსენებენ!
ჩვენი პერსპექტივა უკრაინა-რუსეთის ომში კიევის სასარგებლოდ ევროპისა და ამერიკის ჩართულობაა. პრეზიდენტ ტრამპშიც კი უკრაინის მხარეს რაღაც აშკარა ცვლილებები დაიწყო. მას ვერ იტანს და ერჩივნა რუსეთთან გარიგება ჰქონოდა; მაგრამ პუტინის აბსოლუტურად უგუნურ ქცევას წააწყდა, რაც შეიძლება მეტი წავართვა ტრამპსო. ამით იმასაც კარგავს, რაც შეიძლება რუსეთს მიეღო. ამ ფონზე ტრამპი გამწარდა და იმედია ახლა მაინც მკაფიოდ ანტირუსული პოზიცია ექნება“, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
თბილისში მცხოვრები აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა კითხვას სვამს - რატომ უხატავენ აფხაზ ხალხს „მტრის ხატს“ ქართველების სახით. მისივე რწმენით, აფხაზეთს საქართველოს გარეშე მომავალი არ აქვს.
„აფხაზ ხალხს ქართველების სახით მუდმივად მტრის ხატს უნერგავენ. ამავდროულად, ენგურის ხიდთან (ადმინისტრაციულ საზღვარზე) სატვირთო ტერმინალი უკვე აშენებულია. ლოგიკური კითხვა ჩნდება: ვინ და ვისთან აპირებს ვაჭრობას? და ვინმე მტრის მახლობლად სავაჭრო ინფრასტრუქტურას აშენებს ხოლმე?
რატომ აგრძელებენ ე.წ. ჩინოვნიკები აფხაზი ხალხის მოტყუებას, „მტრების“ შესახებ ტყუილების გავრცელებას იმ ფონზე, როცა თავად მდიდრდებიან? რატომ აშენებენ ტერმინალებს, აწარმოებენ ბიზნესს და ჩვეულებრივ ადამიანებს ერთ რამეს ეუბნებიან - რომ „ქართველები მტრები არიან“?
დროა, სიმართლე ვთქვათ. ვაღიაროთ, რომ საქართველოს გარეშე აფხაზეთს მომავალი არ აქვს. დროა, აღვადგინოთ ურთიერთობები; გზა გავუკაფოთ საერთო განვითარებას ინფრასტრუქტურისთვის, ეკონომიკისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. მხოლოდ ერთად, მხოლოდ საქართველოსთან ერთად შეგვიძლია წინსვლა და ჩვენი ხალხისთვის ღირსეული მომავლის აშენება“, - აცხადებს დაურ ბუავა.
ბოლო ოცდაათ წელიწადში ყველაფერი გავაკეთეთ უკუღმართად, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თუნდაც დროებით დაგვეკარგა. დროა სწორი, ქვეყნის გამაერთიანებელი მიმართულებით დიდი შემობრუნება დაიწყოს. ამ გზაზე შიდა ეროვნული დაპირისპირება-ქიშპობა კვლავ უმთავრეს დაბრკოლებად რჩება. ასევე, ევროპული განვითარების (ევროკავშირში გაწევრიანების) გზის ეჭვქვეშ დაყენება ქვეყნის ღალატის ტოლფასია. თანამედროვე მსოფლიო მორიგი დიდი გარდატეხების ზღვარზეა და მას სათანადოდ მომზადებული უნდა შევხვდეთ.
გელა მამულაშვილი