მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვადამდელზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მურუსიძე-ჩინჩალაძეს რომ სახეს გააძრობენ, ეგ უეჭველია, ჟანრის კანონია - ზურაბ ჯაფარიძე - 03 ნოემბერი 2025

- წერილებში ცალ-ცალკე წერას დიდი დრო და ლურჯი მელანი (რაც აქ დეფიციტია) მიაქვს, ამიტომ საჯაროდ დავწერ, რას ვფიქრობ მიმდინარე რამდენიმე ამბავზე:

1. ღარიბაშვილი რატომ არ დაიჭირეს, საერთოდ რა ხდება მის თავს?

მე არ მგონია ღარიბაშვილის ამბავში მთავარი ფულის საკითხი იყოს, მეორადი - შეიძლება. ჩემი აზრით, მანდ მთავარი ბიძინას ეჭვიანობაა იმასთან დაკავშრებით, ხომ არ უქმნის მის ძალაუფლებას საფრთხეს ღარიბაშვილი რაიმე ფორმით. 

სავარაუდოდ, ეძებენ მის კავშირებს დასავლეთში ვინმესთან, მის კავშირებს ქვეყნის შიგნით ოპოზიციასთან და ალბათ დიდ ფულსაც. 

ამ სამიდან ერთი, ორი ან სამივე თუ იპოვეს, მაშინ დაიჭერს ბიძინა, რადგან ე.ი საფრთხეა. 

6.5 მლნ დოლარის ან თუნდაც 65 მლნ დოლარის მოპარვისთვის არ დაიჭერს. ეგრე ხომ ნებისმიერი ქოცი დასაჭერია და ეგეთი დამაბნეველი მესიჯის გაშვება არ აწყობს. 

“ღალატი” სხვა ამბავია. მაგას ყველა ქოცი გაიგებს. 

2. გახარიას ე.წ პარლამენტში შესვლა, ხომ არ დავიღუპებით ამის გამო

არანაირი სერიოზული ზიანი ამით რეჟიმთან ბრძოლას არ მიადგება. ამ ნაბიჯით მხოლოდ გახარიას პარტია დაზარალდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ეს უკვე მასაც დიდად აღარ აღელვებს. გადის რეალურად თამაშიდან და თავისი პარტიის მეორე თუ მესამე ეშელონს მისცა საშუალება “დამტკბარიყვნენ” იმ სიკეთეებით, რაც მოაქვს თუნდაც ბიძინას ცირკში ფორმალურ მონაწილეობას. 

ამ ამბავთან მიმართებაში ჩემი პრობლემა კრიტიკული მედიის დამოკიდებულებაა - ტრენინგებზე ნასწავლ “ობიექტურობაზე” აპელირებით, ყველას, მათ შორის გახარიას პარტიის დღემდე უცნობი და ნული პოლიტიკური კაპიტალის მქონე სახეების რეგულარული გაშუქება. რატომ კეთდება ეს? რამე საინტერესოს ამბობენ? რამე ახალს ამბობენ? რამე ისეთს ამბობენ, რაც რეჟიმთან ბრძოლაში გამოგვადგება? არა. 

ერთადერთი მიზეზია - ქვეცნობიერად კრიტიკული მედიაც ვერ გამოდის იმ აღქმნიდან, რომ ეს ხალხი ახლა პარლამენტის წევრები არიან და ამიტომ უნდა გააშუქონ. ქვეცნობიერად აღიარებენ ამ ცირკს. 

კიდევ რატომ არის ეს პრობლემა? 

იმიტომ, რომ გახარიას პარტიის ამ ნაბიჯის მიზანი მარტო სტატუსის, პარტიის დაფინანსების, პრივილეგიების, ხელფასების, მივლინებებისა და კაბინეტების მიღება არ ყოფილა. მიზანი ასევე იყო ე.წ საპარლამენტო ტრიბუნის “გამოყენება”, რაც ტრადიციულად იძლევა მეტ მედია გაშუქებას და შესაძლებლობას - დარჩე ზედაპირზე, ანუ გადარჩე პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკის კეთების სიმულაციით და როცა კრიტიკული მედია ამ თამაშში მიყვება პარტიას, ახალისებს ასეთ უპასუხისმგბელო ქცევას. არანაირი პოზიცია ამას არ მოაქვს, პირიქით, და არაფერ შუაშია აქ პლურალიზმი და მიუკერძოებლობა. 

გახარიას პირველი ეშელონი, რომელიც 4 წელი გვასწავლიდა - როგორ უნდა რეჟიმთან ბრძოლა - საერთოდ გაქრა, აორთქლდა, აღარ აღელვებთ ქვეყნის ბედი და ახლა სრულიად უცნობი ხალხისგან, მეორე თუ მესამე ეშელონისგან - რომლებიც არავის არსად უნახავს მთელი ეს წლები, როცა ადამიანებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს რეჟიმთან დაპირსპირების გამო - უნდა ვისმინოთ ჭკუის სწავლება, რომ თურმე ასე კი არა, ისე უნდა ვიბრძოლოთ. გამძღარი სახეებით, პიჯაკებში, კაბინეტებიდან. არაა ეს სწორი. 

3. “ნეიტრალური საქართველო” თუ რაღაც ასეთს რომ ქმნიან სტაჟიანი რუსეთის მსახურები

არაფერი მანდ სანერვიულო არაა. ძალიან პატარაა ეგ რუსული სეგმენტი საქართველოში და ვერც 13 წლიანმა პროპაგანდამ ვერ გაზარდა. რამდენმა პარტიამ უნდა იკვებოს მაგ ამომრჩევლით? ხალხის ძალა, ლევან ვასაძე, პატრიოტთა ალიანსი, კონსერვატიული პარტია - ყველა მანდ თევზაობს და წლებია ვხედავთ, რომ არაფერი სერიოზული. 

ახლა საერთოდ ქოცებს აქვთ ეგ სეგმენტი თითქმის სრულად წაღებული. ამიტომ მანდ რა არის საშიში? ქოცებზე ეფექტურ პროპაგანდას გამართავენ და ხალხს დააჯერებენ ნეიტრალური სტატუსის უპირატესობებში? ვინ? ნანა კაკაბაძე?:) მაგათი ფუნქცია, ისიც მაქსიმუმი, ბიძინას თამაშში იქნება, როცა პროდასავლურ პარტიებს აკრძალავს და პროტესტს მოკლავს (მის ფანტაზიებში), დასავლეთს ეტყვის, ამ ქვეყანაში აგერ მე ვარ ისევ ყველაზე პროდასავლური და მე თუ არ ვიქნები აგერ ესენი მოვლენო. ამისთვის შეიძლება აყვიროს ეგ ხალხი და ამ ყვირილში დაეხმაროს. 

ბოდვა მოკლედ. არ ჭამს ამას არავინ. 

4. ვადამდელი არჩევნები

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქოცი უარყოფს ვადამდელი არჩევნების ჩატარების ალბათობას, მგონია, რომ ამის შანსი არსებობს. მაგ ხალხმა არ იცის, რა ხდება ბიძინას თავში და როგორი დარწმუნებითაც ახლა ამბობენ არას, ეგეთივე თავდაჯერებით დაიწყებენ მერე ვადამდელის საჭიროების მტკიცებას, თუ რუსებმა ასე გადაწყვიტეს. 

ოღონდ მე არ მგონია, ეს გააკეთონ რუსებმა იმისთვის, რომ კონსტიტუციიდან წაშალონ ჩანაწერი ევროკავშირზე. რაში სჭირდებათ ეს? ამ ჩანაწერის არსებობის პირობებში ვერ შეაჩერეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი? რამეში შეუშალა ამ ჩანაწერმა ხელი? 

რუსებმა მიაღწიეს საქართველოს პოლიტიკურ იზოლაციას, მაგრამ სანამ რუსეთი სანქციების ქევშაა, მას სჭირდება რომ საქართველო არ მოექცეს ეკონომიკურ იზოლაციაში. ჩვეულებრივი შავი ხვრელი ვართ, რომლითაც სანქციების ნაწილს არიდებენ თავს. ამისთვის კი შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნეს სანქცირებული ხალხი მაღალ თანამდებობებზე. 

სანქცირებულების დიდი ნაწილი უკვე ჩახსნეს. დარჩენილია სასამართლო. აი, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მოსაშორებლად თუ დასჭირდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ დანიშნავენ ვადამდელს რუსები და მერე გაასუფთავებენ სასამართლოს. 

ოღონდ, სანამ პროტესტია რუსთაველზე და სჭირდებათ დასანქცირებული მოსამართლეები რომ ეს ხალხი აჯარიმონ და დაატყვევონ, ალბათ არ იზამენ. ამიტომ აწერენ ამ საქმეებს სულ ერთი და იგივე მოსამართლეებს, რომ მერე ბევრი არ ჰყავდეთ გასაშვები სისტემიდან, რაღაც თვალსაზრისით, პროტესტის უწყვეტობა უხანგრძლივებს სიცოცხლეს მოსამართლეთა კლანს. 

ნუ, ვადამდელზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მურუსიძე-ჩინჩალაძეს რომ სახეს გააძრობენ, ეგ უეჭველია. ჟანრის კანონია, - წერს პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE