შსს-მ 29 ივლისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 55-ჯერ, 5 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა ამის შესახებ სადიგოვისთვის არავის შეუტყობინებია. ის ჯამში 275 000 ლარით არის დაჯარიმებული | ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს:
ხვალ, 5 ნოემბერს, 19:20 საათზე, აფგან სადიგოვი მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორს დატოვებს.
◾ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლომ 2025 წლის 23 ოქტომბერს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
◾ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი დამატებით 55-ჯერ დაჯარიმდა 5000 ლარით - იმავე მიზეზით. შსს მას პერიოდულად აჯარიმებდა 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე, თუმცა აღნიშნულის შესახებ ამ პერიოდში სადიგოვისთვის არავის შეუტყობინებია.
◾ აფგან სადიგოვი 2025 წლის 17 აპრილს, თითქმის 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება არ მიეცა, რის შედეგადაც ის ფაქტობრივად მოსწყდა საკუთარ ოჯახს - მეუღლესა და ქალიშვილებს, რომლებიც მესამე უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფებიან.
◾ ჟურნალისტი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში თბილისსა და ბათუმში, სოლიდარობას უცხადებდა ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ აფგან სადიგოვის საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია პროკურატურას ოფიციალურად ჰქონდა, მას არც ერთხელ არ მიუღია შეტყობინება ჯარიმების შესახებ.
◾ აფგან სადიგოვის მიმართ ერთი მხრივ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ მის წინააღმდეგ გამოწერილი ათობით ჯარიმა, ნათლად აჩვენებს მიზანს - პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯას. ეს ინტერესი, მათ შორის, უკავშირდება აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესებს, რომელიც ბაქოში ჟურნალისტის ექსტრადიციას თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა. ექსტრადიციის პროცესის შეჩერება მხოლოდ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას მიაწვდის შემდგომ ინფორმაციას აფგან სადიგოვის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით" | წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.