"ცოტაც, ოლიგარქია უნდა დაემხოს, გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, „ქოცებო“
- გადამწყვეტი აღმოჩნდა ერთიანი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, ხოლო შინ – საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვარამია აღნიშნავს, პოლიტპატიმრების მორალური უპირატესობის წნეხმა სრულიად დაუკარგა „ქართულ ოცნებას“ რაციონალური მოქმედების უნარი.
„ძვირფასო და საამაყო მაგარო კაცებო და ქალებო ოპოზიციიდან, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, არალეგიტიმურად, პოლიტიკურ კეთროვანად, ხოლო შინ – საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად.
ძვირფასო და საამაყო პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: დიახ, თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა „ქოცები“ და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი!
ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტული ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის „ლიდერი“ დღემდე ვერ იპოვნა (იმიტომ, რომ არც ჰყავს) და ამის გამო მეპროტესტეების, პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა, ყოველდღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში!
მადლობა სამოქალაქო სეტქორს, აკადემიას და, რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს.
ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს!
პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, „ქოცებო““, – წერს ნიკა გვარამია.
მიხეილ სააკაშვილი:
სოლოლაკის გორა
ივანიშვილის ზვიგენს
პატივცემულო სოლოლაკელო ზვიგენო გატყობინებ, რომ ალბათ შენი საჩივრის საფუძველზე შენი პატრონი ჩემს ისედაც პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობას კიდევ სამ წელს უმატებს არადა მე შენ ყოველთვის ზვიგენური ზვიგენი მეგონე და არაფრით მესმის თუ რატომ გეწყინა შენთან სელფის გადაღების მოწოდების ჩემს მიერ დადებული პოსტი.
სინამდვილეში მე მხოლოდ შენი პოპულარიზაციის მოტივებით ვხელმძღვანელობდი.
მაგრამ იცოდე მე არ მწყინს, იმიტომ რომ ვიცი, რომ შენც ისევე გაქვს აღკვეთილი თავისუფლება, როგორც მე.
ამიტომ გპირდები, რომ როცა ქვეყანას გავათავისუფლებთ, შენც გამოგიხსნით მაგ აკვარიუმიდან და დაგაბრუნებთ ატლანტიკის ოკეანეში ცოტაც კიდევ გაძელი ჩემო ზვიგენიკო.
ჩვენი სელფის დრო ძალიან მალე დადგება.
შენი მიშა, - წერს სააკაშვილი.
ელენე ხოშტარია:
- დიახ, „რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პროტესტში სულ ძალიან აქტიური იყო და იქნება.
„დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი. დიახ, „რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ. დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები. წერეთ და იკითხეთ, რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით.
პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა. ბოლომდე!“ – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
მამუკა ხაზარაძე:
- შარშანდელი დემონსტრაციებისას მიღებულ იქნა „ოფშორების კანონი“, რითიც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან. ახლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული ინვესტიციის თემის გარშემო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა კანონის ფარგლებში გაგრძელდება.
„მინდა, გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ არის ძალიან სერიოზულ პანიკაში. ამის დასტურია, რომ მე დღეს ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის რუსთაველზე დანაშაულებრივი ორგანიზება, „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადება, მანქანის აფეთქება. თუ რამე შეიძლება ავადმყოფურ თავში მოიხარშოს, ყველაფერი ჩაწერეს ამ სულელურ ბრალდებაში. მინდა, მივმართო მათ, რაც არ უნდა გააკეთოთ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ჩვენი მხრიდან ბრძოლა გაგრძელდება ყველგან კანონიერ ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს სასამართლო და სამართალი. არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ. ბრალდებაში რაც წერია, არის აბსურდი. ვერანაირი კავშირი ამ ბოდვასა და იმას შორის, თუ რატომ მომიყვანეს აქ, ვერ დავინახე.
პოლიტიკას და მართალ სიტყვას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ ვერ გააჩერებენ. თქვენ გახსოვთ, შარშანდელი დემონსტრაციებისას მიღებულ იქნა „ოფშორების კანონი“, რითიც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან. ახლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული თემის გარშემო. ბათუმსა და თბილისში 9 მილიონი კვადრატული მეტრი გადაეცათ არაბებს. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ქართული საზოგადოება დაინახავს, რამხელა აფერასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
- მთაწმინდა შორსაა და გამოექანეთ იაღლუჯადან
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
06.11.25წ
17:30სთ, - წერს ჯაფარიძე.
საქართველოს პროკურატურაში დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ნიკა გვარამიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე.