სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს, აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განმარტებით, აღნიშნული გირაო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას უზრუნველყოფს.
ბრალდებულებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრათ. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბადრი ჯაფარიძე.
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
დღესვე სასამართლომ იმსჯელა მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომის თარიღზეც. აღნიშნულ საქმეზე პროცესი 25 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
- შარშანდელი დემონსტრაციებისას მიღებულ იქნა „ოფშორების კანონი“, რითიც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან. ახლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული ინვესტიციის თემის გარშემო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა კანონის ფარგლებში გაგრძელდება.
„მინდა, გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ არის ძალიან სერიოზულ პანიკაში. ამის დასტურია, რომ მე დღეს ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის რუსთაველზე დანაშაულებრივი ორგანიზება, „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადება, მანქანის აფეთქება. თუ რამე შეიძლება ავადმყოფურ თავში მოიხარშოს, ყველაფერი ჩაწერეს ამ სულელურ ბრალდებაში. მინდა, მივმართო მათ, რაც არ უნდა გააკეთოთ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ჩვენი მხრიდან ბრძოლა გაგრძელდება ყველგან კანონიერ ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს სასამართლო და სამართალი. არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ. ბრალდებაში რაც წერია, არის აბსურდი. ვერანაირი კავშირი ამ ბოდვასა და იმას შორის, თუ რატომ მომიყვანეს აქ, ვერ დავინახე.
პოლიტიკას და მართალ სიტყვას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ ვერ გააჩერებენ. თქვენ გახსოვთ, შარშანდელი დემონსტრაციებისას მიღებულ იქნა „ოფშორების კანონი“, რითიც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან. ახლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული თემის გარშემო. ბათუმსა და თბილისში 9 მილიონი კვადრატული მეტრი გადაეცათ არაბებს. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ქართული საზოგადოება დაინახავს, რამხელა აფერასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს – საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
"პირველი არხი"