- როდის იტყვიან ქართველი ეკონომისტები, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს განთავსება და მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუმთავრებელი ნაგებობების ადგილზე მაღალი კლასის საცხოვრებელი კორპუსების აშენება ეკონომიკურად ნამდვილად ეფექტიანი საქმეა? როდის გამოუცხადებენ მთავრობას ამისთვის მადლობას? მალე ალბათ, როცა ოფიციალურად ამცნობენ უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დახურვის შესახებ. ჯერ მხოლოდ კულუარული საუბრები მიდის და მოვლენებს წინ ხომ არ გაუსწრებენ?
ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მთლად აუქმებენ. ამას მთავრობა როგორ იკადრებს. ან ტექნიკურ უნივერსიტეტს მიუერთებენ, ან ე. წ. მილევად რეჟიმში გადაიყვანენ-ვინც სწავლობს, იმათ ჩაამთავრებინებენ, ახალი ნაკადები კი ტექნიკურ და სხვა უნივერსიტეტებში დაიწყებენ სწავლას სექტემბრიდან.
“მაღლივთან მდებარე რამდენიმე ჰექტარ გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ლამაზი, ელიტური კორპუსები ჩაიდგემა, რაც ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვის ნამდვილი მაგალითი იქნება. პროექტის მშვენება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, “შერატონ-მაღლივი კორპუსი”იქნება”-მოვისმენთ მალე ტვ “იმედიდან” რომელიმე ეკონომისტის კომენტარს. შეიძლება იმ პროფესორის კომენტარც კი იყოს, რომელმაც სამუშაო კი დაკარგა ამ რეორგანიზაციის შედეგად, მაგრამ პროფესიული სინდისი ობიექტურობისკენ რომ უბიძგებს. ვინ თუ არა პროფესორ-ეკონომისტმა იცის, რომ სასტუმროს ხაზინაში შეაქვს ფული და მშენებლობის პროცესში დღგ-ც შედის ბიუჯეტში.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უმუშევარი რომ დარჩებიანო, იკითხავს მავანი. გამოძებნიან რაიმეს. ბოლოს და ბოლოს, ჯერ უვიზო რეჟიმი არ გაუქმებულა და ევროპაში ბევრი სამუშაო ადგილია. ტრამპმაც ვერ ჩაკეტა ჯერ-ჯერობით მექსიკის საზღვარი ბოლომდე.
ინტრიგნებს რა გამოლევს, ვიღაცა იტყვის, 102 წლის სპეციალობას აუქმებენო. რიცხვები მხოლოდ სიმბოლოებია, შეუსწორებს ამ ინტრიგანს ის მეორე, პრაგმატიკოსი პროფესორი, რომელსაც შეიძლება დისერტაციაც კი აქვს დაცული განათლების სისტემაში ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხებზე. მან კარგად იცის, რომ ეფექტი სხვა არის და ეფექტიანობა სულ სხვა.
ეკონომისტები პრაგმატული ხალხია. აქა-იქ თუ გამოერევა ორიოდე სული ინტრიგანი. მხოლოდ რომელიმე პენსიონერმა პროფესორმა შეიძლება ამოიღოს ხმა, ისეთმა, საქმე რომ შემოლევია.
სტუდენტური ამბოხის ეშინიათო, ამასაც მოვკარი ყური. ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ დადასტურებული ფაქტებით მიყვარს საუბარი. ფაქტი კი ისაა, რომ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რატომღაც დუმან.
ეკონომისტებისათვის ოქრო მხოლოდ ძვირფასი სამკაული არ არის, მას მრავალი ფისკალურ-მონეტარული ფუნქცია აკისრია. ამიტომ გამონათქვამი “დუმილი ოქროაო” ეკონომისტებში სულ სხვა დატვირთვას იძენს. ამიტომაც დუმან-მიკროეკონომიკურად, - წერს ექსპერტი რომან გოცირიძე "ფეისბუქში".