მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - გიორგი გვარაკიძე - 12 ნოემბერი 2025

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს.

„კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გვარაკიძის თქმით, ბრალდება, რომელიც გიორგი გახარიას წარედგინება, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე მიეცა რეკომენდაცია, შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები. შესაბამისად, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით, დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწმე, ჩატარდა ასზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის – გიორგი გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში: 2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითიც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს: გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობას, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

- ჩორჩანის საქმე იქნება თუ 20 ივნისის, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა, ამაში ჩვენთვის არც ახალი იყო რამე, არც გასაკვირი და მოულოდნელი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რა სამართლებრივი არგუმენტი შეიძლება არსებობდეს შენი საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს მიწების დაცვის საწინააღმდეგოდ? ეს ხომ აბსურდია. ამ ყველაფრის შეფასება ერთადერთი მოტივაციით შეიძლება და ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოტივაციაა. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ყველაზე მეტად სამწუხარო არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ მოქმედებს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, რადგან აქ საქმე გვაქვს ჩორჩანის ეპიზოდთან. სწორედ ამ საქმის აღძვრით ყველაფერს აკეთებს დღევანდელი „ოცნება“, რომ საოკუპაციო რეჟიმს მისცეს პრეტენზიების გაჩენის უფლება ამ ტერიტორიაზე, რომელიც გიორგი გახარიამ დაიცვა, თან ისე დაიცვა, რომ არანაირი სამხედრო ესკალაცია არ მოჰყოლია, ანუ მშვიდობიანი ფორმებით დაიცვა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, სწორედ ზემოაღნიშნულის გამო დღეს „ქართული ოცნება“ სჯის გიორგი გახარიას, როგორც მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს.

„ეს არის სხვა არაფერი, თუ არა ივანიშვილის მიერ დაპირებული ანგარიშსწორების ბოლომდე მიყვანის მცდელობა. რეალურად საქმე გვაქვს პოლიტიკურ ვენდეტასთან, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა. დღეს ის ყველაფერს აკეთებს, რომ შეეცადოს ასეთი უსამართლო მუხლით გასამართლებას პოლიტიკური ოპონენტის, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალს, შარაშიძის თქმით, ესეც აბსურდული საქმეა.

„როცა გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სახელმწიფო ინსტიტუტს იცავდა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი შტურმისგან და აქ მშვიდობიანი მოქალაქეები არაფერ შუაში არ იყვნენ, მაშინ გიორგი გახარია „ოცნებისთვის“ ნომერ პირველი ძალოვანი მინისტრი იყო, რომელიც შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, თავად „ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად დააწინაურა. ესეც სრულიად აბსურდული საქმეა, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტის, საქართველოს პარლამენტის შტურმისგან დაცვის გამო – ეს რომ შტურმი იყო, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა – ბრალი წაუყენო ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ჩორჩანის საქმე იქნება თუ 20 ივნისის, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა. ამაში ჩვენთვის არც ახალი იყო რამე, არც გასაკვირი და მოულოდნელი. რა თქმა უნდა, ამას ველოდით, ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებით ვაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

- გიორგი გახარიას ისტორია ქრესტომათიულია – ივანიშვილს ან უნდა ებრძოლო, ან არ უნდა ებრძოლო, შუაში ყოფნა არ გამოდის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია, რომელიც ქრონიკული მოღალატეა, საბოლოოდ წაგებული აღმოჩნდა.

„ჩვენზე კარგად იციან, რა დანაშაულებს ჩადიან კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ კონკრეტული ადამიანები. ავტოკრატიული რეჟიმის არსია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს გასვრილი ხელი კორუფციაში, ყველა უნდა იყოს კომპრომეტირებული, რომ როდესაც დასჭირდება ბელადს, მოახდინოს ამ ხალხის დისკრედიტაცია და განადგურება. ეს არის საუკეთესო საბჭოთა ტრადიციები, როდესაც, მათ შორის, კოდექსები ისეა შედგენილი, რომ ამ ადამიანების განადგურება, დასჯა უფრო მარტივად შეგეძლოს. ეს გააკეთა ივანიშვილმა ახლა. კობახიძემ და სხვებმა ჩვენზე ცუდად კი არ იცოდნენ, რომ ღარიბაშვილი და მისი გუნდი იყო კორუმპირებული, ფარცხალაძე და მისი გუნდი იყო კორუმპირებული, გახარიას რომ კონკრეტული დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი, თუმცა იმ დროისთვის მოიტოვეს, როდესაც ეს კლანური ბრძოლა მათ მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა და ამ ბრძოლაში წაადგებოდნენ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით,  ქრონიკული მოღალატე გიორგი გახარია, რომელმაც ივანიშვილს უღალატა, ოპოზიციას უღალატა, უღალატა პროტესტს და პარლამენტში შევიდა საბოლოო ჯამში წაგებული აღმოჩნდა.

„მისი ისტორია ქრესტომათიულია – ივანიშვილს ან უნდა ებრძოლო, ან არ უნდა ებრძოლო. შუაში ყოფნა არ გამოდის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მომზადებულია "პირველი არხის" მიხედვით

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE