- არ არსებობს ევროპაში არცერთი ქვეყანა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქცია სახელმწიფო აუდიტს ეკისრებოდეს.
საქართველოს აუდიტის სახელმწიფო სამსახურისათვის ამ ფუნქციის დაკისრება თავად ამ უწყების საქმიანობოს გაუარესებას ნიშნავს, ისევე როგორც იმას, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემას ფაქტობრივად აუქმებენ.
ანტიკორიფციული ბიურო, იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი შეიქმნა, იყო არაფრისმაქნისი და პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. მის გაუქმებაზე არავინ დარდობს, მაგრამ მისი ფუნქციების რაღაც ნაწილის აუდიტის სამსახურში გადატანა (თუნდაც იგივე ქონებრივი დეკლარაციების შემოწმება) აუდიტის სამსახურს გახდის უფრო პოლიტიზებულს და დაუკარგავს ნდობას, - წერს ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავჯდომარე:
"ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს არსებითად დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, ჩამოყალიბდა საერთო ხედვა , რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნცქიები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს" - თქვა პაპუაშვილმა.
2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც. მისი ფუნქციებიც სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში.