„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ მორიგ მოღალატეობრივ ნაბიჯებს დგამს, ივანიშვილი ცდილობს, საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება – ეს არის შესაძლებლობა, მიიღო საკუთარ სამშობლოზე გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, საარჩევნო უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.
„ივანიშვილი ამის წართმევას ცდილობს მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, რომელთა დამსახურებითაც ათწლეულების განმავლობაში ხდება საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა, მხარდაჭერა მოქალაქეების, ისინი არჩენენ და ინახავენ საქართველოს მოქალაქეებს.
საარჩევნო უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. მსგავსი გადაწყვეტილება არასდროს არცერთ ხელისუფალს არ მიუღია და არ უცდია, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ივანიშვილის პირობებში საქართველოდან წავიდა ასეულობით ათასი მოქალაქე, რომლებიც გაექცნენ პოლიტიკურ დევნას, სიღარიბეს, კორუფციას და უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაში ივანიშვილმა შექმნა.
ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ივანიშვილს, სწორედ ახლა შეცვალოს და გააუქმოს უცხოეთში საარჩევნო უბნების არსებობა და წაართვას მოქალაქეებს ხმის უფლება, მაშინ როცა მორიგ ე.წ. სტანდარტულ სამართლებრივ პირობებში მორიგი არჩევნები, წესით, უნდა იყოს 2028 წლის შემოდგომაზე – ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
იმ პირობებში, რომ მან გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, ის ეცდება, რომ ახალი პროპაგანდისტული, ძალადობრივი მოქმედებებისა და პარტიების აკრძალვის პირობებში სცადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვფიქრობდეთ და განვსაზღვრავდეთ წინააღმდეგობის საერთო სტრატეგიას ივანიშვილის ძალადობრივ ხელისუფლებასთან“,- განაცხადა კუპრაძემ.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენ მარტივად ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების დამარცხება იქნება შეუძლებელი და ის რეპრესიული პირობები, რომლებსაც აყალიბებს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ვერ იმუშავებს. ქართველი ხალხი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს და ივანიშვილს არ უშველის არცერთი რეპრესიული კანონი, რომლის მიღებასაც ის ცდილობს ან აპირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქართველ ხალხთან ერთად და, განსაკუთრებით, ემიგრაციასთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ჩვენი ემიგრანტებისთვის ხმის უფლების საყოველთაობის კონსტიტუციური პრინციპისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა არის „ქართული ოცნების“ მორიგი აბსურდული, ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ მზარდი ემიგრაციის პირობებში არჩევნების სამართლიანობის და ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უფრო მეტ გარანტიას ქმნიდეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისთვის, „ოცნება“ სრულიად საპირისპიროს აკეთებს – ხელოვნურ ბარიერებს უწესებს საქართველოს ათობით ათას მოქალაქეს და, ფაქტობრივად, ხელს უშლის არჩევნებში მათ თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც ნამდვილად ეწინააღმდეგება ხმის მიცემის საყოველთაობის პრინციპს.
„რაც მთავარია, ამით „ოცნება“ აღიარებს, რომ ეშინია არჩევნების და მისი 60%-იანი მხარდაჭერა მხოლოდ სიცრუე და მითია. ამ ინიციატივით, „ოცნება“ ცდილობს საქართველოს იზოლირებას უკვე არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, არამედ ცდილობს საქართველოს იზოლირებას საკუთარი მოქალაქეებისგანაც. „ოცნება“ აღიარებს, რომ სურს ხმის უფლება შეუზღუდოს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის ქვეშ არ არის და ეს დაუმალავად გაამხილა. „ოცნება“ ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის – ემიგრანტებისთვის საკუთარი ხმის რეალიზაციის მასობრივად შეზღუდვის დაკანონებას ცდილობს.
საკუთარი მოქალაქეებისგან გაქცევის მცდელობა, საკუთარი მოქალაქეებისგან ქვეყნის იზოლირება და ხალხის ნების შიში – ეს არის დღეს „ოცნების“ რეალობა. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას ართმევს მოქალაქეების იმ სეგმენტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის უმიშვნელოვანეს წილს ქმნის. ემიგრანტების გზავნილების მოცულობა 2024 წელს თითქმის 10 მილიარდი ლარი იყო. ეს თანხა მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტის 40%-ის და ქვეყნის მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტის თითქმის 30%-ის ტოლია. დღეს „ოცნებამ“ აღიარა, რომ ემიგრანტები მისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან „ოცნების“ პროპაგანდა მათზე ვერ ვრცელდება და არანაირი ბერკეტი ამ ადამიანებზე ზემოქმედების არ არსებობს – არც დაშინება, არც მოსყიდვა და არც პროპაგანდა, შესაბამისად, ერთადერთი გზა რჩებათ, ამ ადამიანებს შეუქმნან ბარიერები არჩევნებში მონაწილეობისთვის.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მწვავე წინააღმდეგობას გაუწევს „ოცნების“ ამ ანტიკონსტიტუციურ ინიციატივას, ყველა პოლიტიკურ ბერკეტს და ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ეს მავნებლობა არ დაკანონდეს და ჩვენს ემიგრანტებს არ შეეზღუდოთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამიტომ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალეს უფლება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
წითლიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, „არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა“.
„საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას რეჟიმის მხრიდან ერთადერთი მიზანი აქვს. ბოლო არჩევნებზე მათ კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში, იციან, რომ ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შესაბამისად, რეჟიმისთვის ეს არის პრობლემა. ამიტომ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს უკრძალავენ უფლებას, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა; ადამიანებს, რომლებიც იძულებით არიან ქვეყნიდან წასული, მათ შორის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რაც შექმნა რეჟიმმა ქვეყანაში, როცა საქართველოს მოქალაქეებს არ დაუტოვა შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ, იმუშაონ და ღირსეულად იცხოვრონ. ეს უკავშირდება რეჟიმის შიშს და იმას, რომ ემიგრაციაში კატასტროფულად წააგეს არჩევნები“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
საფრთხეა, რომ საყოველთაო, უნივერსალური ხმის უფლება გააუქმონ, რადგან არაინფორმირებული საზოგადოება საქართველოშიც გვყავს. მაგალითად, კვლევა რომ გაკეთდა 2013 წელს, 6% არსებობდა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ოპოზიცია ეგონა, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი არის ხმის უფლების უნივერსალურობაზე შეხება.
„რეალურად ემიგრაციაზე კონტროლი არ არსებობს, არ აქვს კონტროლი „ქართულ ოცნებას“ და, შესაბამისად, ყველაზე ნათლად ემიგრაციაში მიცემული ხმები ასახავს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობას, იმიტომ, რომ იქ ყოველთვის აგებენ და ამის მოსპობა უნდათ. ამიტომ, ყველაზე მეტად აწუხებთ მათ თავიანთი ლეგიტიმურობის თემა და სპობენ სურათებს ყველგან, სადაც ჩანს, რომ ისინი არიან არალეგიტიმურები და მათ არ აქვთ მხარდაჭერა. ეს არის ამისი ამოცანა. არაფერი აღმაშფოთებელი ამაში არ არის, რადგან ეს ავტოკრატიული რეჟიმია და გადალახული აქვს ის ზღვარი, რითიც რამით გაგვაკვირვებს. უბრალოდ, გაიფორმეს რეალურად ის იმიჯი, რაც არიან და კიდევ ერთი საბუთი გვაქვს ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით სადემონსტრაციოდ, რომ რეჟიმმა გააუქმა ხმის უნივერსალური უფლება“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.
წყარო: "პირველი არხი"