ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ამაღლობელისთვის შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ამაღლობელის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ამასთან, პროკურორები ითხოვდნენ სასჯელის დამძიმებას და მზია ამაღლობელისთვის 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობის შეფარდებას.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელიც.
შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
მინდა, ოფიციალურად დავასახელო მზია ამაღლობელი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად. თავის დროზე ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა წარმადგინეს ნობელის პრემიაზე. ახლა ჩემი დროა, ეს ღირსეული ქართველი წარვადგინო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.
სააკაშვილი წერს, რომ მოუწოდებს სხვებსაც, ერთად დაუჭირონ მხარი მზია ამაღლობელის კანდიდატურას მშვიდობის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად.
„საქმე იმაშია, რომ მე შევნიშნე მზია ამაღლობელის ხელში ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას წიგნი, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. რესა 2021 წელს ნობელიანტი გახდა, თუმცა უნდა ვთქვათ სიმართლე, მარია რესას არ უცხოვრია ნამდვილი დიქტატურის პირობებში.
ფილიპინებში ბოლო ნამდვილი დიქტატორი იყო ფერდინანდ მარკოსი, მაშინ, როცა რესა ძალიან პატარა იყო. მარკოსი იყო სუპერკორუმპირებული, ძალიან ბრუტალური, მასობრივად ყრიდა ციხეში ოპონენტებს.
მან ფილიპინების ოპოზიციის ლიდერი ბენინიო აკინო მოკლა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი, მიუხედავად მუქარებისა, დაბრუნდა ფილიპინებში. ხალხი აჯანყდა და მიუხედავად იმისა, რომ მარკოსს მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ის დაამხეს.
რაც შეეხება მარია რესას, ის იყო ფილიპინების დამოუკიდებელი მედიარესურსის დამფუძნებელი და ამხელდა ფილიპინების შემდგომი პრეზიდენტების კორუფციას და ძალადობას, თუმცა ყველა ეს პრეზიდენტი არჩევნებით მოვიდა და წავიდა, ხოლო თავად რესა დაპატიმრებისთანავე გაუშვა ქვეყნის თავისუფალმა სასამართლომ.
ამიტომ თუ შევადარებთ, მზია ბევრად მეტად იმსახურებს პრემიას, როგორც ქართული თავისუფალი მედიის ბრძოლის სიმბოლო და რეჟიმის მსხვერპლი.
მოვუწოდებ სხვებსაც, შემომიერთდეთ და ბევრმა ერთად დავუჭიროთ მხარი მზია ამაღლობელის კანდიდატურას 2026 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად მშვიდობის დარგში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.