მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ მზაობას ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შექმნელები - ლევან მახაშვილი - 20 ნოემბერი 2025

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შექმნელები.

ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება არ არის, კანონებს იმის გამო ვიღებთ, რადიკალიზაციის, დემონსტრაციების ძალადობრივ რეჟიმში გადასვლის და დამხობისა, თუ რევოლუციების მოწყობის პრობლემებს ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, ეს კანონები ხვალვე გააუქმოს, თუმცა უნდა მოხდეს შეთანხმება, როგორ შეიძლება, ის პრობლემები მოგვარდეს, რის გამოც იყო ეს კანონები მიღებული.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვედრებზე ვუთხარით, რომ ჩვენი თვითმიზანი არცერთი კანონის მიღება არ არის, კანონებს იმის გამო ვიღებთ, რომ ვხედავთ, პრობლემებია – რადიკალიზაციის, დემონსტრაციების ძალადობრივ რეჟიმში გადასვლის და დამხობის თუ რევოლუციების მოწყობის. ჩვენ კანონები სწორედ ამიტომ მივიღეთ. მზად ვართ, ეს კანონები ხვალვე გავაუქმოთ, ოღონდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ მათ უნდა მოგვცენ გამოსავალი, როგორ შეიძლება, ის პრობლემები მოვაგვაროთ, რის გამოც იყო ეს კანონები მიღებული. მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შექმნელები. კანონებს მაშინ გავაუქმებთ, როცა ეს პრობლემები საქართველოში აღარ იქნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონთან დაკავშირებით.  PACE-ს დელეგაციის წევრები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმას, რაც ასამბლეამ უკვე განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებულ ბოლო რეზოლუციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, „გრანტების შესახებ კანონი“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მოქმედი კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან და, როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, ისინი უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნეს თანამომხსენებლებმა.

მათ ასევე გამოთქვეს ღრმა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ ბოლო დროს წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდებების გამო, რომლებსაც შეიძლება, ხანგრძლივი პატიმრობა დაეკისროთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდების საფუძველზე.

„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს შეტანილ სარჩელებთან კავშირში, რომლითაც აკრძალეს რამდენიმე მერის ოპოზიციური პარტია საქართველოში. ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს ქმედებები, რაც ფაქტობრივად დაამყარებს დიქტატურას საქართველოში“, – აღნიშნეს თანამომხსენებლებმა.

„ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.  მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ მათი მოთხოვნა დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის შესახებ დაკმაყოფილდა, თუმცა ისინი სინანულს გამოთქვამენ მთავრობის წარმომადგენლების მიერ მათთან შეხვედრაზე უარის თქმის გამო, ასევე იმ ფაქტის გამო, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე, ციხეში შეხვედროდნენ მზია ამაღლობელს. ვიზიტის დროს თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას ასამბლეის მოთხოვნებისა და შეშფოთების განსახილველად“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პირველი არხი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE