ჩვენ იმ აღიარებით შევედით პარლამენტში, რომ, ზოგადად, ბოიკოტი იყო შეცდომა და არა მხოლოდ პარლამენტის ბოიკოტი, არამედ შემდეგ უკვე მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი და ის სამწუხარო მოვლენა, რაც დაგვირგვინდა 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, რამაც, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა ქვეყანა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„4 ოქტომბრის შემდეგ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ჩვენ სხვა გზა, გარდა იმისა, დაგვებრუნებინა პარლამენტში პოლიტიკური პროცესი, არ გვქონდა. რეალურად, ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაშიც სამი კვირის თავზე კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით. იქამდე პარლამენტში არ ისმოდა განსხვავებული აზრი და არ ისმოდა ხალხის ხმა. ერთადერთი, შეიძლება ჩაითვალოს, რომ „ოცნებისთვის“ ეს იყო რაღაც ერთგვარი პარტიული ოფისიც კი, რადგან იქ სრულიად მარტო იმყოფებოდა. შესაბამისად, ახერხებდა, თავისი პროპაგანდისტული საშუალებების დახმარებით, მონოლოგის რეჟიმში ესაუბრა ქართველ ხალხთან. იმ პირობებში, როდესაც საპირისპირო აზრი არ ისმის, გასაგებია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევს პროპაგანდას, არცთუ პოზიტიურ ზრახვებს და მიზნებს მიაღწიოს“, – აღნიშნა შარაშიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გავლენა მოახდინა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში ყოფნამ დიდი ხნის განმავლობაში ბოიკოტის შემდეგ, შარაშიძემ განაცხადა, რომ „პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდა“.
„ახლა ხშირად გვეკითხებიან ჩვენ, რას აპირებთ 12 მანდატითო. გასაგებია, რომ 12 მანდატი 89 მანდატის წინააღმდეგ, ამ უმრავლესობის დაძლევა არც ადვილია და შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ პარლამენტში ჩვენი შესვლით და ბრძოლით ვახერხებთ, ქართველ ხალხს დავანახოთ „ოცნების“ ნამდვილი სახე. „ოცნების“ ყველა გადაწყვეტილების უკან დგას პარტიული მიზნები, რაც ხშირ შემთხვევაში აცდენილია ჩვენი ქვეყნის რეალური კეთილდღეობის მიზნებისგან. ამიტომ მთავარი ეს არის და ჩვენ ამას რეალურად ვახერხებთ“, – განაცხადა შარაშიძემ.
მისი თქმით, ეს პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი კიდევ წინ არის და ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესი გველოდება.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა იგულისხმება პოლიტიკური წნეხის გაძლიერებაში, რამდენად ზემოქმედებენ ისინი ხელისუფლებაზე და რამდენად შესწევთ ძალა, რომ კანონპროექტები, რომლებსაც სწორად არ მიიჩნევენ, ხელისუფლებას უკან წააღებინონ, რადგან ოპონენტები მათ საყვედურობენ, რომ პირიქით, მათმა საპარლამენტო საქმიანობამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია გაუმყარა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია თუ რამემ და ვინმემ გაუმყარა, პირველ რიგში, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან, მათი დიდი ნაწილი, რომელთა აქტიური მოწოდებითაც მიმდინარეობდა ბოიკოტის კამპანია და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის კამპანია.
„ამ შედეგების შემდეგ, რაც მოიტანა 4 ოქტომბერმა, ჩვენთვის დაბრალება, თითქოს ჩვენ მიგვიძღვის რამე და ნაბიჯი გადავდგით „ოცნების“ ლეგიტიმაციისკენ, ასე არ არის“, – განაცხადა შარაშიძემ.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა გერმანიაში მყოფი გიორგი გახარია გამოძიებასთან თანამშრომლობას, თუნდაც დისტანციურად ჩვენებების მიცემას, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ მას ამის პრობლემა არ აქვს.
„კი. არ მგონია, ამის პრობლემა ჰქონდეს. თუ არ ვცდები, ეს მისმა ადვოკატმა დაადასტურა კიდეც. დისტანციურად მას არ ექნება პრობლემა გამოძიებასთან თანამშრომლობის“, – განაცხადა შარაშიძემ.