მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის - ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა - 01 დეკემბერი 2025

კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ელისაშვილის განცხადებით, უნდოდა, „ცეცხლი წაეკიდებინა ძალადობისთვის, რომელიც ქვეყანაშია“.

„რაღაც სისულელეს მაბრალებთ. ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან ცოცხალი არავინ იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს. აღტაცებული ვარ იმ მანდატურის გამბედაობით, პატარა ჩია კაცი იყო, მაგრამ ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა. მოვიგერიე, მოვერიე. ერთადერთი ის მინდოდა, რომ მისგან თავი დამეღწია, ჩამაფრინდა და ვერ მოვიშორე. ყოჩაღ მას. გიკვირთ ამის თქმა ჩემგან, მაგრამ მე ჯერ ადამიანი ვარ, მერე – კაცი და მერე ვარ ტერორისტი. უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება. ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. ყველაფერი წინასწარ მოვამზადე, გეგმა მქონდა, რომ პროტესტი გამომეხატა. ვერ ვითმენდი, როგორ დაათრევენ კატებივით პატარა ბავშვებს თუნდაც ეს მანდატურები. ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ართუ შენობის დაწვა არ მიცდია, ერთი საათი ვამტვრევდი შუშას. ოპერატიულად რომ მემოქმედა, მივაღწევდი მიზანს. ვიჯექი ღობესთან და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა, შემდეგ ჩემს თავზე გავბრაზდი, უკან როგორ უნდა დავიხიო-მეთქი.

შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები და არ შევეგუებით იმას, რაც ხდება. მე იარაღის ტარების უფლება მქონდა. ისეთი მარშრუტი გავიარე, იქნებ ტურებს შევეჭამე გზაში, იმიტომ წამოვიღე ეს იარაღი. ვინმეზე თავდასხმა რომ მდომოდა, ცოცხალი არ დარჩებოდა არცერთი. იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა. ჩემი პატივისცემა მანდატურებს. თავისი საქმე გააკეთა და ის თავის ტერიტორიას იცავდა. ჩემებს, მინდა, ბოდიში მოვუხადო. ერთი წელია, გადაგრიეთ. ეს ცრემლი არ არის, ბრაზი და ბოღმაა. ბოდიში მას, თუ თვლის, რომ საერთო საქმე დავაზიანე. ეგ განზრახვა არ მქონია. ერთი საათი მეუბნებოდა პოლიციელი, რომ ხაზარაძემ ტონა ფული მოგცაო. ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და კუპრაძემ იციან ძალიან კარგად, რომ მე ერთი თეთრი ფული არ მითხოვია არავისთვის. მიაწექით ბოლომდე, ვინც გარეთ რჩებით, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით, 04:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

„შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ასევე ვიდეომასალა გაავრცელა. 

პირველი არხი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE